ელისაბედ II | გინესის 7 მსოფლიო რეკორდი

Credit…Will Oliver/EPA, via Shutterstock

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ, ტახტი 68 წლის წინ დაიკავა და ისტორიას თავს ბევრი რამით დაამახსოვრებს. არაერთ მიღწევასთან ერთად 94 წლის მონარქი გამორჩეული იმითაც არის, რომ, გარდა სამეფო ტიტულებისა, გინესის 7 მსოფლიო რეკორდის მფლობელია.

ინგლისის ყველაზე ასაკოვანი დედოფალი

2007 წლის 21 დეკემბერს ელისაბედ II 81 წლისა და 244 დღის ასაკში ოფიციალურად გახდა ინგლისის ყველაზე ასაკოვანი დედოფლის ტიტულის მფლობელი. ელისაბედამდე რეკორდსმენი მისი დიდი დიდი ბებია, დედოფალი ვიქტორია, იყო.

ყველაზე ხანგრძლივი დედოფლობა

ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 დეკემბერს მამის, მეფე ჯორჯ VI-ის, გარდაცვალების შემდეგ ავიდა. 2015 წლის 9 სექტემბერს ელისაბედ II-მ დედოფალ ვიქტორიას 63-წლიანი რეკორდი მოხსნა და ამჟამად იგი ტახტზე ყოფნის 68-ე წელს ითვლის.

ყველაზე ასაკოვანი მოქმედი მონარქი

2015 წელს დედოფალი ელისაბედი ამ ტიტულის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მონარქი, საუდის არაბეთის მეფე, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა მოქმედ მონარქთა შორის

ელისაბედ II ისტორიაში თავისი ხანგრძლივი მმართველობით მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა მოქმედ მონარქთა შორის სამეფო ტახტზე გატარებული წლების რაოდენობით ის პირველია.

მსოფლიო ისტორიის ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების პირველ სამ ადგილს იკავებენ: საფრანგეთის მეფე, ლუდოვიკო XIV, რომელმაც 72 წელი და 110 დღე იმეფა, ტაილანდის მეფე, ბჰუმიბოლ ადულიადე – 70 წელი და 126 დღე, ლიხტენშტაინის მეფე იოან II – 70 წელი და 91 დღე.

ერთდროულად ყველაზე მეტი ქვეყნის პირველი პირი

ელისაბედ II-მ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა ერთდროულად ყველაზე მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კანონიერი მეთაურად ყოფნითაც. მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის ტიტული მხოლოდ ცერემონიული და სიმბოლური მნიშვნელობისაა, ტექნიკურად ბრიტანეთისა და კიდევ 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს სათავეში ერთდროულად ყოფნა მას მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ ქალად აქცევს, რომელსაც 139 მილიონი ადამიანი თავის დედოფლად აღიარებს.

ყველაზე მეტ ფულის ერთეულზე გამოსახული ადამიანი

დედოფალ ელისაბედ II-ის სახე გამოსახულია 35-მდე ქვეყანაში მიმოქცევაში არსებულ მონეტებზე. მაშინ, როცა დედოფალი ვიქტორიას სახე 21 ქვეყნის მონეტაზე იყო გამოსახული, ხოლო ჯორჯ VI-ის კი – ცხრამეტზე.

ყველაზე მდიდარი დედოფალი

2012 წელს The Sunday Times-მა დედოფალ ელისაბედის ქონება, ხელოვნების კოლექციებისა და ძვირფასეულობის ჩათვლით, $504 მილიონ დოლარად შეაფასა.

წყარო – independent