მოტივაციის ძალა | ინტერვიუ მანანა უგულავასთან

იშვიათად შევხვედრივარ ქალს, რომელიც ისეთი სიყვარულით საუბრობს საკუთარ ქვეყანაზე, როგორც მანანა უგულავა! არადა ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში არაერთი საინტერესო და საქმიანი ქალი ყოფილა. სულაც არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ მანანა მათ შორის მართლაც გამორჩეულია. ამაში თავადაც დარწმუნდებით, მაშინვე, როცა მის ისტორიას აქ, Forbes Woman-ის ფურცლებზე წაიკითხავთ. ინტერვიუ ემოციური გამოვიდა. ჰო, ემოციებით, აღფრთოვანებით და ანთებული საუბრობს თავის საქმეზე. მისი საქმე კი განათლებაა, ეს სფეროც იმიტომ აირჩია, რომ უნდა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის რამ გააკეთოს. მე კი მინდა, რომ მისი ამბავი ისე მოგიყვეთ, თავად ზუსტად ისეთი მანანა უგულავა დაინახოთ, როგორსაც მე თითქმის 1 საათიანი ინტერვიუს დროს ვხედავდი.

ფოტო: ანა ბოკო

სახლში გვიმასპინძლა, ოჯახურ გარემოში, ოფიციალური დახვედრის და ოფიციალური პოზის გარეშე. ვთხოვე, მისი ამბის მოყოლა თავიდან დაეწყო, ხანმოკლე პაუზა და… მაშინ, როცა ჯერ არ იცოდა, რომ მთელს დროსა და ენერგიას განათლებაში ჩადებდა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. მანანას შეფასებით, ეს სპეციალობა ძალიან დიდ ზოგად განათლებას და ლავირების საშუალებას აძლევდა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი არჩევანის დრო დადგა ‒ სწავლის გაგრძელება თუ სამსახურის დაწყება?! საბოლოოდ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს მაშინ მიაკითხა, როცა სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების ვადა თითქმის იწურებოდა.

„GIPA ‒ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იმ ყველაფრისთვის, რაც შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა“. როცა საჯარო პოლიტიკის ორწლიანი პროგრამა დაასრულა, უკვე ლექტორობაზე ფიქრობდა, სურვილი GIPA-ს დეკანს გაუმხილა და დახმარებაც სთხოვა, ერჩია ნაკლებად პრესტიჟული უნივერსიტეტი, სადაც საკუთარ თავს ახალ როლში გამოცდიდა. მანანა სხვისთვის ვერ გაიმეტეს, GIPA-ში დატოვეს და რადგან მენეჯმენტი აინტერესებდა, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება ჩააბარეს. აქ, კიდევ მის ანთებულ თვალებს, ასე აუდიტორიაში ლექტორის სტატუსით პირველად შესვლის წუთებს იხსენებს, მაშინ მხოლოდ 23 წლის იყო. „მიკანკალებდა ფეხები, მიცახცახებდა ხმა, მაგრამ შევედი და დავიწყე, პირველი რამდენიმე წინადადება და შემდეგ თევზივით ვიყავი წყალში, დღემდე ასე ვარ აუდიტორიის წინაშე. ბევრი სხვადასხვა პროექტი, საქმიანობა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი უკუკავშირი, მათი კმაყოფილება ეს არის ემოცია, რომელსაც სხვა ვერანაირი საქმიდან ვერ ვიღებ“.

როცა GIPA-ში თითქმის 5 წელი გაატარა, დასავლური განათლების საჭიროება დაინახა, ისევ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ლექტორი ყოფილიყო. უკვე ჰყავდა ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი, ამ რეალობაში ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, თუმცა, მაინც ადგა და მეუღლესთან ერთად ესპანეთში, მადრიდში გაემგზავრა. იქ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. მანანა ევროპაში კონკრეტული მიზნით წავიდა, საქართველოში დაბრუნებულს საკუთარი სკოლა უნდა დაეარსებინა. ეს ჯგუფელებს და მომავალ ლექტორებს პირველივე შეხვედრაზე უთხრა. თბილისში რომ აუცილებლად დაბრუნებოდა, განხილვის თემაც კი არ იყო! ჩემი ქვეყანა არანორმალურად მიყვარსო, ჰო, სწორედ ამ სიტყვას იყენებს საქართველოზე საუბრისას, თქვენ გგონიათ ერთხელ? არა, ყოველთვის, როცა საქართველოს ახსენებს.

მადრიდში ყოფნის პერიოდშივე იღებს შეთავაზებას GIPA-დან, თბილისში დაბრუნებული, ინსტიტუტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ხდება, 2012 წლიდან მარკეტინგისა და განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მუდმივ რეჟიმში ფიქრობდა საკუთარ სკოლაზე, რომლის სახელიც ჯერ კიდევ ესპანეთში ყოფნისას მოიფიქრა. არჩევდა საერთაშორისო პარტნიორებს; სკოლის იდეას სამი მთავარი მიზანი ჰქონდა ‒ საქართველოში შესაძლებელი ყოფილიყო დასავლური განათლების მიღება, შეჩერებულიყო ახალგაზრდების ევროპაში გადინება, დარჩენის მიზნით, და საქართველო გამხდარიყო განათლების ჰაბი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით!

ზემოთ ვწერდი, სკოლაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა მადრიდში სწავლობდა-მეთქი, მხოლოდ კი არ ფიქრობდა, მოლაპარაკებებსაც მართავდა ეკონომიკის ევროპულ სკოლასთან, 2014 წელს ის თბილისში ჩამოიყვანა და საქართველოს მენეჯმენტის სკოლა გახსნა. ცხადია, გამოვიდა, ეს ხომ მანანას ასე ძალიან უნდოდა. აქ სტუდენტებს იმ უნარებს სძენენ, რომელიც მათ კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში დაეხმარებათ. 2014-2017 წლებში სატრენინგო სკოლაში დაახლოებით 800 ადამიანი გადაამზადეს. ამ საქმეში მარტო არ და ვერც იქნებოდა, ზოგადად, არ ავიწყდება იმ ადამიანების აღნიშვნა, რომლებიც მიზნების განხორციელებაში ეხმარებოდნენ და ეხმარებიან. ერთ-ერთი ასეთი სულიკო ქადაგიძე იყო, ESM თბილისის დამფუძნებელი, რომელიც მანანას პარტნიორი მხოლოდ ერთ კითხვაზე, მისგან მიღებული პასუხის გამო გახდა. სულიკო ქადაგიძეს მოეწონა, რომ მანანას ინტერესები არა ბიზნესს, არამედ ისევ და ისევ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს უკავშირდებოდა.

ჩათვალა, რომ მენეჯმენტის სკოლისთვიის მხოლოდ ერთი პარტნიორი საკმარისი არ იქნებოდა. სულიკო ქადაგიძის დახმარებით Henley ბიზნესსკოლის პროფესორს, წარმოშობით ქართველ ენდრიუ კაკაბაძეს დაუკავშირდნენ. ეს ის სკოლაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში რეიტინგით მესამეა, ევროპის ათეულსა და მსოფლიოს ოცეულში შედის. ხანგრძლივი მოლაპარაკებების ბოლოს და პრაქტიკულად, საბოლოო გადაწყვეტილების წინ Henley ბინზნესსკოლამ პრიორიტეტები შეცვალა და საქართველოზე უარი თქვა. „ძალიან გავბრაზდი და ძალიან მეწყინა, მაგრამ ვთქვი, რომ მაინც არ მოვეშვებოდი, ასეთია ჩემი ხასიათი, ეს რომ არა, არც არაფერი იქნებოდა. იმიტომ რომ ყველა პროექტი სადღაც ჩერდებოდა“ – სამაგიეროდ თვითონ არ გაჩერებულა და მაინც მიაღწია ‒ 2017 წლიდან Henley-ს პროგრამა საქართველოშია!

ფოტო: ანა ბოკო

პარალელურ რეჟიმში, მანანა უგულავას ცხოვრებაში ტურიზმისა და მასპინძლობის სფერო ჩნდება. მიაჩნია, რომ ეს ინდუსტრია დღეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის გამწევი ძალა და მაშინ, როცა ქვეყანა ორიენტირებულია ტურიზმის განვითარებაზე, აუცილებელია შესაბამისი უნარებიც. მეგობრის დახმარებით, უკვე მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელს შვეიცარული Les Roches-დან უკავშირდებიან და შვეიცარიასა და ესპანეთში სწავლის მსურველი სტუდენტების მოძიებაში დახმარებას სთხოვენ. თავიდანვე იცოდა, რომ ეს მისი ინტერესი არ იყო, მაგრამ მაღალი რეპუტაციის მქონე სასწავლებელთან შეხვედრას ხელიდან აბა როგორ გაუშვებდა? თბილისში თავად ჩამოდიან, მანანა პირდაპირ ეუბნება, რომ სტუდენტების რეკრუტირება მისი ინტერესი არ არის და აქვე, საქართველოში თანამშრომლობას სთავაზობს. შეთავაზებამ გაამართლა, Les Roches დაინტერესდა, საქმეში ერთვება ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი, ინფორმირებულია პრემიერმინისტრი, მოკლედ ხმაურია, თბილისში Les Roches მოდის ‒ და ამ დროს შვეიცარული სკოლაც უარს ამბობს, აი დაახლოებით Henley-ს მიზეზით და თითქმის იმავე დროს. „ყველაფერი მახსოვს იმ პერიოდიდან, მახსოვს განცდები, ამხელა ძალისხმევა, ამდენი წვალება და ორივე გაჩერდა“, – ის ცივი წყლის ეფექტიც კარგად ახსოვს, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელ უფროსთან გიორგი ჩოგოვაძესთან Les Roshes შესახებ ხანმოკლე საუბარს მოჰყვა, მაშინ მანანას უთხრეს, რომ ქვეყანას არა ალტერნატივა, არამედ კონკრეტულად Les Roshes უნდოდა. ჰოდა, თუ ქვეყანას უნდოდა, მანანა იწყებს კვლევას საიდან მიუდგეს ამ შვეიცარიულ სკოლას, აქ ისევ ესპანეთი შემოდის, სკოლას კამპუსი იქაც ჰქონდა. მანანას სკოლის ერთერთ ხელმძღვანელს, საქართველოს მაშინდელი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ახვედრებს, საუბარი ისე მიჰყავს, რომ მისთვის მაშინ სრულიად უცნობი და დღეს უკვე კარგი მეგობარი, პირველივე შეხვედრაზე ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თანამშრომლობა შედგეს, მანანას თვალებს სხვა პასუხს ვერც ეტყოდა! სურვილების რეალიზებას რთული 6 თვე დასჭირდა, 2017 წელს მასპინძლობის მართვის ინსტიტუტს აფუძნებს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე Les Roshes პროგრამაც გაიხსნა. კიდევ ერთხელ ცხადია, ეს ხომ მანანას ძალიან უნდოდა! იგივე პერიოდში საქართველოსკენ Henley-ც ტრიალდება, ესენი ჩემი ორი შვილი არიანო, გვეუბნება. მანანა უგულავას სახელს უკავშირდება საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიაც. აქ მსმენელები მასპინძლობის მიმართულებით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო, 100 წლიანი გამოცდილების მქონე ლუცერნის სკოლის პროგრამას გადიან. ნანატრი Les Roshes საკმარისი არ აღმოჩნდა, ეს პროგრამა ნიშურია, მაღალი რანგის მენეჯერებზე მორგებული, ქართულ ბაზარს კი, როგორც მანანა ამბობს, მეტი სჭირდება. საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საირმის კურორტთან თანამშრომლობით დაფუძნდა. „აქ მთავარ აქტორად სახელმწიფო შემოდის. ზოგადად, სახელმწიფო ბევრს აკეთებს პროფესიული განათლებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანი ის მიდგომა და კონცეფციაა, რაც ჩვენ აკადემიაში შევიმუშავეთ. ვთქვით, პროექტს დავიწყებთ მაშინ, თუ სახელმწიფო, კერძო სექტორი და დონორები ერთად დადგებოდნენ. ნებისმიერი სფეროს განვითარებას სჭირდება სისტემური ხედვა. მაშინ ვთქვი, რომ 10 მსხვილი კომპანია, რომლებიც მასპინძლობის სფეროში ლიდერები არიან, ერთად უნდა დავსვათ“, – ეს ერთობა შედგა და გაჩნდა მორიგი იდეაც ‒ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის. იდეას საფუძველი მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს ჩაეყარა, სახელმწიფოსთან გაფორმდა მემორანდუმი აკადემიის საერთაშორისო ცენტრის შესახებ. მანანას ეამაყება, რომ საქართველოში იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის საერთაშორისო ცენტრი, ახლა ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით პორტუგალიასთან კონკურენციაშია ‒ ჩვენ მოვასწრებთ, თუ ისინი.

მანანა უგულავა საკუთარი სასწავლებლებით არა მხოლოდ საჭიროებებზე, არამედ შესაძლებლობებზე მორგებასაც ცდილობს. მაგალითად, თუ Les Roshes პროგრამა შედარებით ძვირადღირებულია, Henley-ისა და ლუცერნის პროგრამები თითქმის სრულად ფინანსდება სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორების მიერ, საბოლოო ჯამში პროგრამის მონაწილეს მხოლოდ 500 ლარის გადახდა უწევს.

მანანა უგულავა აქ რომ არ გაჩერდება, ამას ჩემს გარეშეც მიხვდებოდით. მისი ახალი იდეა მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ანუ რეგიონებზე ზრუნვა – ეს არის მომავალიო, ასე გვითხრა. ეს გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება, რომელიც უშუალოდ რეგიონების განვითარებისკენ იქნება მიმართული. „მდგრადი ტურიზმი არის მომავალი, მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის“.

ზოგადად, ჯერ ოცნებაა, შემდეგ მიზანი, მანანა უგულავა საქართველოს განათლების ჰაბად გადაქცევაზე ოცნებობს, ოღონდ არა რეგიონის, არამდე აღმოსავლეთ ევროპის, ამის რესურსს საკუთარ ქვეყანაში ხედავს.

ფოტო: ანა ბოკო

რესურსს ადამიანები ქმნიან, ჰოდა დასავლური განათლების მიღების საქართველოში შესაძლებლობაც ადამიანებისთვის უნდა, ისეთებისთვის, რომ მიდიან და მერე უკან აღარ ბრუნდებიან. „ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, საქართველო პატარა ქვეყანაა, ნიჭიერი ახალგაზრდებით სავსე, შეუძლია წარმატებულზე წარმატებული ქვეყანა იყოს, ეს მოაქვთ ადამიანებს, მთავარი ადამიანები არიან. ცხადია, გარკვეული პერიოდით წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ დასავლური განათლება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ, ალბათობა იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანები ჩვენ დაგვრჩებიან დიდია“.

ნიჭიერი ადამიანები დღეს განსაკუთრებით ქართულ ტურიზმს სჭირდება, მაშინ როცა არავინ მალავს, რომ ქვეყანას უჭირს მომსახურების სფეროში. მანანა უგულავა ფიქრობს, რომ ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს, აქ ჯაჭვია – ინდუსტრიაში განათლების პრობლემის და, ზოგადად, პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულების, საბოლოოდ მენტალიტეტამდე მივდივართ. „ტურისტულ ინდუსტრიაში სამსახური არ არის აღქმული კარიერად. ჩვენთან მენტალობის პრობლემაა. ამიტომ განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ეს მენტალიტეტი შევცვალოთ, მას ძლიერი საგანმანათლებლო ინსტიტუციები მოერევა. საქართველოს მართლაც აქვს უდიდესი პოტენციალი, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და თუ შეგიძლია ამაში მონაწილეობა მიიღო, ეს დიდი ბედნიერებაა. ეს არის ჩემთვის მოტივაციის მთავარი ძალა“.

ბოლო პერიოდია ადამიანების გასაცნობად ერთი კითხვა ამოვიჩემე, პასუხი მგონია, რომ ჩემს რესპოდენტებზე ბევრ რამეს ამბობს. მანანასაც ვკითხე, რა არის მისი ცხოვრების მთავარი ამბავი, ახლა? „ცხოვრების მთავარი ამბავი – არიან ადამიანები. ცხოვრებაში თუ რამე მაძლევს სტიმულს, ძალას, ენერგიას, სურვილს ვაკეთო საქმე, ეს არიან ადამიანები“.

https://www.instagram.com/tv/CDqb8DmBi3p/