რა აქვს დაგეგმილი ბრიუსელს, რათა ევროკავშირის ბაზარი ჩინეთისაგან დაიცვას?

Image: Twitter/Axios

ევროკავშირი საკუთარ ძალისხმევას ზრდის, რათა საერთო ბაზრის პირობებში ჩინეთთან, აშშ-სთან და სხვა უცხოელ აქტორებთან არსებულ არასამართლიან კონკურენციას გაუმკლავდეს. ბრიუსელი, ჩინეთის კომპანიების შემცირების შეზღუდვის მიზნით, ყველაზე აგრესიულ გზას, უცხოური სუბსიდიების შემცირებას, იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის ინტერესების დაცვას ემსახურება, ბევრი მიესალმება, აღნიშნული საშუალება, შესაძლოა, ერთიანი ბაზრისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ამიტომაც ექსპერტები და დიპლომატები ევროკავშირს სრულყოფილი გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

„Politico“-ს ინფორმაციით, ზომები გამოყენებული იქნება აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი ევროკავშირის ბაზარზე მოქმედ საკუთარ კომპანიებს ასუბსიდირებენ. იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ კომპანია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მთავრობისგან სუბსიდიებს იღებს და ამით უსამართლო უპირატესობას იძენს, ევროკავშირს უფლება ეძლევა, დაუწესოს ჯარიმები, დაბლოკოს შესყიდვები და აუკრძალოს კომპანიებს საჯარო ტენდერებში მონაწილეობა.

კომისიის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ბაზარზე მოქმედ სახელმწიფოებს, ვინაიდან ევროპული კომპანიები უკვე ანალოგიურ წესს ექვემდებარებიან.

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულმა მექანიზმმა, შესაძლოა, ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებზე დემპინგის ეფექტი იქონიოს. ერთ-ერთი ცენტრისტული პარტიის წევრი და კონკურენციის საკითხებზე ევროპარლამენტის წამყვანი წევრი, შტეფან იონ-კორტინი, თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ევროპულ მარკეტზე ინვესტიციების შემცირებას, თუ სტრუქტურა ზედმეტად შემზღუდველი იქნება.

„ვაჭრობა და ინვესტიციები კარგია ევროპისთვის, თუმცა ისინი სამართლიანი უნდა იყოს“,  – ჯერ კიდევ მარტში განაცხადა ვესტაგერმა.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ქომაგები არიან ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების – გერმანიის და საფრანგეთის – პირველი პირები. მაკრონი და მერკელი მომხრეები იყვნენ ჩინური კომპანიების დომინანტობასთან გასამკლავებლად ევროკავშირს გარკვეული ზომები მალევე მიეღო. თუმცა აღნიშნული ინიციატივის სამიზნე მხოლოდ ჩინეთი არაა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხები და სუბსიდიები ნამდვილად არათანაბარ პირობებს უქმნის ბაზრის მოქმედებას.