გული საქმეში და საქმე გულში | ინტერვიუ თამარ უდესიანთან

„ის რაც ჩვენ ყველას გვჭირდება არის ბევრი სიყვარული და შეიძლება ცოტა ნაყინიც“ ‒ ეს “ROMA GELATO”-ს სლოგანია. 50-მდე სახეობის უგემრიელეს ნაყინს თამარ უდესიანამდე მივყავართ, ანუ ბიზნესმენთან, რომელიც კომპანია “ROMA GELATO”-ს 2008 წელს აფუძნებს და ქართულ ბაზარს ნაყინის და სხვა იტალიური ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით ამდიდრებს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ვიდრე თამარ უდესიანის “ROMA GELATO”-ზე მოგიყვებით, მანამდე მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი მის შესახებ: თამარი პროფესიით მათემატიკოსია, ციფრები ბავშვობიდანვე იტაცებდა.

„პირველი პროფესიის შერჩევისას ბევრი არ მიფიქრია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, გამომდინარე იქიდან, რომ მათემატიკა და ციფრებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მიტაცებდა. ჩემს გადაწყვეტილებაზე მათემატიკის მასწავლებლის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამაც იმოქმედა. აქედან გამომდინარე არჩევანი მათემატიკის ფაკულტეტზე შევარჩიე. რაც შეეხება ACCA-ს და თავისუფალ უნივერსიტეტში MBA-ზე სწავლის გაგრძელებას, ორივე შემთხვევაში ჩემი ინსპირაციის წყარო პრაქტიკული საქმიანობა აღმოჩნდა“.

მისი პირველი სამსახურიც ბუნებრივია ფინანსებს უკავშირდება და 2004-2006 წლებში ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსისტის თანამდებობას იკავებს.

ამის შემდეგ თამარის კარიერაში კომპანია „ზღაპარი“ შემოდის, სადაც მთავარი ბუღალტრის თანამდებობას იკავებს. კომპანიაში მისვლიდან ექვსი წლის თავზე ის ფინანსური დირექტორი ხდება, ოთხი წლის შემდეგ კი ‒ გენერალური დირექტორი, ასე გრძელდება დღემდე. სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 50-მდე ფილიალს აერთიანებს. დაარსების დღიდან კომპანია ორიენტირებულია შესთავაზოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომი ფასებით და უზრუნველყოს მომსახურების მაღალი სტანდარტი.

„2006 წელს კომპანია პირველ ფილიალს ხსნის და ბაზარზე გამოჩენისთანავე მომხმარებლის გულის დაპყრობას, უამრავი ინოვაციით, ზღაპრული ფასებით და მომსახურების მაღალი სტანდარტით ახერხებს. განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნაა. მე და „ზღაპარი“ ორივე ვიყავით განვითარების იმ ეტაპზე, როცა საკუთარი ადგილის დამკვიდრების დრო იყო. შესაბამისად ძალები არ დამიზოგავს კომპანიის განვითარებისთვის და წარმატების მისაღწევად“.

„პირველი ნაბიჯების გადადგმისას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და იმ გუნდს, რომელიც ამ გარემოს ქმნის, თამადად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა და ადამიანები, რომლებთანაც იმ პერიოდში აღმოვჩნდი მაძლევდნენ საშუალებას რომ ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში თამამად გადმომეტანა. ყოველთვის მაძლევდნენ მოტივაციას, მიმყარებდნენ თვითრწმენას და მიჩვენებდნენ გზას ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ. ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ“.

თამარ უდესიანი სოხუმში, თბილისის გზატკეცილის ქუჩაზე გაიზარდა. მის სახლსა და ცნობილ ადგილობრივ სანაყინეს საავტომობილო გზა ყოფდა. ბავშვობის ძვირფას წლებში, ბიძაშვილებთან ერთად გული მუდმივად იქაურობისკენ მიუწევდა, მაშინ თქვა, რომ როცა გაიზრდებოდა საკუთარი სანაყინე ექნებოდა…

„2008 წლიდან ჩემს ცხოვრებაში, კარიერული განვითარების კუთხით, ახალი ეტაპი დაიწყო. შევქმენი კომპანია “ROMA GELATO”. ეს ყველაფერი იქცა ახალ გამოწვევად, განსხვავებული მასშტაბის პასუხისმგებლობად, რასთან გამკლავებამაც საბოლოო ჯამში დიდი გამოცდილება შემძინა. კარიერული განვითარების გზაზე „ლიფტი ვერ აგიყვანს, კიბით უნდა ახვიდე“ პრინციპით ვიხელმძღვანელე და გაამართლა. ამიტომ ვთვლი, მთავარია ირწმუნო საკუთარი ძალების, იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული, არ უნდა გეშინოდეს სიახლეების და ყველაფერი გამოგივა“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

თამარი გვიყვება, რომ როცა ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობდნენ, რომლებსაც მხოლოდ სეზონური წარმოება ჰქონდათ, არადა თამარის გეგმები წლიური მიწოდების უწყვეტობას უკავშირდებოდა. გეგმებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა უცხოელი პარტნიორების მოძიება, რომლის შედეგადაც, ახლა “ROMA GELATO” თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, ამ კომპანიებთან თანამშრომლობით კი, დღეს თბილისში იტალიური კლასიკური ნაყინი მზადდება, რომელიც მრავალფეროვანი გემოთი გამოირჩევა.

„ჩვენი მიზანია, რომ ვაწარმოებდეთ გამორჩეულად ხარისხიან და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციას. შესაბამისად პარტნიორად შევარჩიეთ ქვეყანა, რომელსაც ნაყინის წარმოების მაღალი კულტურა აქვს და ბრენდის სახელიც ზუსტად აქედან გამომდინარე შეიქმნა, “ROMA GELATO” ‒ ანუ ნაყინი რომიდან. ჩვენი ამოცანა იყო „კლასიკური იტალიური ნაყინის წარმოება საქართველოში“ და ქართველი მომხმარებლისთვის ამის ადგილზე დაგემოვნების შესაძლებლობის მიცემა. „ის რაც ჩვენ ყველას გვჭირდება არის ბევრი სიყვარული და შეიძლება ცოტა ნაყინიც“ ‒ ჩვენს სლოგანში პირდაპირ იკითხება ჩვენი მისია, რომელიც სიყვარულის გავრცელებას გულისხმობს, ეკოლოგიურად სუფთა და ბედნიერების ენდორფინით გაჯერებული ნაყინის საშუალებით. “ROMA GELATO”-ს ღირებულება, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი იზიარებს, არის ის, რომ შესთავაზოს მომხმარებელს მხოლოდ ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული და მაღალი ხარისხის პროდუქტები. პარტნიორები რომლებიც “ROMA GELATO”-ს გარშემო გავერთიანდით მზად ვიყავით თითოეული გამოწვევისთვის და გვჯეროდა ბრენდის წარმატების. ამ გამოწვევებიდან განსაკუთრებით ერთ-ერთ მათგანს გამოვყოფდი: თუ გავიხსენებთ 2008 წლის თბილისს, გაგვიჭირდება გავიხსენოთ ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ზამთარში ადგილზე წარმოებული გემრიელი ნაყინის დაგემოვნება. ჩვენს გუნდს ჰქონდა ამბიცია და მიზნად დავისახეთ ვყოფილიყავით პირველები, ვინც ზამთარში ადგილზე წარმოებულ, ახალ-ახალი ნაყინის გემოებს შესთავაზებდა მომხმარებელს. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მით უმეტეს არ იყო მარტივად შესასრულებელი. ამ გზაზე წავაწყდით არაერთ პრობლემას, მაგალითად ისეთებს როგორიც იყო: შესაბამისი ტექნოლოგიური ცოდნის დეფიციტი, ინვენტარი, ნედლეული, პარტნიორების მოძიება. ასევე, საქართველოში არსებული დამოკიდებულება ნაყინისადმი ანუ სეზონურობა. ეს ყველაფერი ნიშნავდა იმას, რომ ზამთარში ნაყინის მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი ბიზნესის არსებობისთვის. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ფლანგზე ერთდროულად მოგვიწია ბრძოლა. რაც ჩვენს მოტივაციას ერთიორად აძლიერებდა. შესაბამისად არ დავიშურეთ დრო და ენერგია, დავიწყეთ ისეთი პარტნიორების მოძიება იტალიაში, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდნენ. გრძელვადიანი მოლაპარაკებების საფუძველზე შედგა კიდევაც ორმხრივად საინტერესო პარტნიორული ურთიერთობები. შევიძინეთ იტალიური წარმოების მაღალი ხარისხის ტექნიკა-დანადგარები, გარდა ამისა, გადავამზადეთ ჩვენი ტექნოლოგები იტალიაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი მუდმივად განახლებადია. დღეისთვის უკვე გარდა თანამშრომლებისა, მომხმა­რებელსაც ექნებათ შესაძლებლობა საქართველოში, “ROMA GELATO”-ს ფილიალებში, დაესწრონ იტალიელი ოსტატების მასტერ კლასებს. მომხმარებლის გულამდე მისვლისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრების ძალიან კარგი ფორმულა არსებობს, რომლითაც პირადად ვხელმძღვანელობდი და თქვენც გაგიზიარებთ: „წარმატებისთვის გული საქმეში უნდა ჩადო და საქმე კი გულში“.

განვითარების ამ ეტაპზე “ROMA GELATO”-ს თბილისში საკუთარი საწარმო აქვს, სადაც 50-მდე სახეობის კლასიკური იტალიური ნაყინი მზადდება. კომპანია დედაქალაქში სამი ობიექტით ოპერირებს, სადაც მომხმარებელს სანაყინისთვის უჩვეულოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. უფრო ზუსტად კი: სხვადასხვა ტკბილეულის მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო ხარისხის არაბიკის მარცვალებით დამზადებულ ყავას, ექსკლუზიურად პირდაპირ ნეაპოლიდან, რძის კოქტეილებს, იტალიურ ლიმონათს, სიცილიურ გრანიტას და რაც მთავარია, კეთილგანწყობილ თანამშრომლებსა და სასიამოვნო გარემოს.

აქ გაჩერებას თამარი სულაც არ აპირებს. მის უახლოეს გეგმებშია, ფილიალების გახსნა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თუმცა ბიზნესმენი უფრო შორს მიმავალ პერსპექტივაში არ გამორიცხავს საქართველოს გასცდეს. მისი ინტერესის სფერო მეზობელი ქვეყნების ბაზრებია. დაგვპირდა, რომ უფრო მეტს მოგვიანებით გვეტყვის.

„ნამდვილი 100%-ანი ნაყინის დამზადება არის არა მხოლოდ ჩვენი არჩევანი, არამედ ვალდებულება!“ ‒ რასაც ჩვენი ერთგული მომხმარებელი უდავოდ დაგვიდასტურებს. ეს “ROMA GELATO”-ს ერთ-ერთ უპირატესობად მიმაჩნია. გარდა ამისა, “ROMA GELATO” ‒ იზიარებს იმ პრინციპს რომ: „ბიზნესში იმარჯვებენ გუნდები და არა ინდივიდები“. შესაბამისად, შევძელით შეგვექმნა გუნდი, რომლის წევრებისთვისაც მნიშვნელოვანია ის პრინციპები რომელზეც ბრენდი აშენდა და დღემდე დგას. კომპანია იზიარებს მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ოცდამეერთე საუკუნეში და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გამოიხატება თუნდა იმით, რომ მოვიხმართ მხოლოდ ეკომეგობრულ და ბიო პროდუქტებს“.

ვინტერესდებით, როგორია თამარ უდესიანის მენეჯერული მართვის სტილი. კითხვაზე პასუხად გვეუბნება, რომ მისი მართვის სტილი არის გუნდური და მისი მთავარი ამოცანა გუნდის მოტივაციაა, რათა დასახული მიზნის მიღწევა სამართლიანი გზებით, თითოეული თანამშრომლის ამოსავალი წერტილი იყოს.

„თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია იყო სამართლიანი და პრინციპულად გჯეროდეს იმისა, რასაც აკეთებ. როცა ქალი ძლიერია, მას ბევრი უპირატესობა აქვს. ის რისკიანია, აქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი, ორიენტირებულია სიახლეებზე და შესწევს უნარი აკეთოს ჩვეულებრივი საქმე არაჩვეულებრივად. ზოგადად, ქალს კარიერული განვითარების პროცესში, ბევრად უფრო რთული გზის გავლა უწევს, ვიდრე მამაკაცს, რაც განპირობებულია არაერთი მიზეზით, ჩემი აზრით, გამოვყოფდი ყველაზე მთავარს: სოციალურს და კულტურულს. გასულ წლებთან შედარებით გვაქვს პოზიტიური ცვლილებები და დღეს ქალები გვხვდებიან სხვადასხვა სფეროში წამყვან პოზიციებზე, ლიდერებად, პოლიტიკოსებად თუ ბიზნესმენებად, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ქალებს ვურჩევ ირწმუნონ საკუთარი ძალების! რწმენა და შიში ორივე მოითხოვს გჯეროდეს იმის რასაც ვერ ხედავ, არჩევანი შენზეა! მნიშვნელოვანია იყვნენ თანმიმდევრულები, მიზანდასახულები და ჰქონდეთ გეგმები, რომლის ერთგულებიც იქნებიან“.