„ალჟირი“ (А.Л.Ж.И.Р – Aкмолинский Лагерь Жен Изменников Родины) – ეს 18000-ზე მეტი ქალის დანგრეული და განადგურებული ცხოვრებაა, უსამართლობაში და სასტიკ პირობებში გატარებული წლები. ეს არის ისტორია, ათასობით წართმეული და ობლად დარჩენილი ბავშვისა, ეს არის ისტორია დაუწერელი წიგნებისა, განუხორციელებელი მეცნიერული აღმოჩენებისა, დამსხვრეული ოცნებებისა, დანგრეული ოჯახებისა და შეწყვეტილი სიცოცხლეების. ეს ისტორიაა არაადამიანური ტანჯვა-წამებისა, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა სამართლიანობის და წესრიგის დამყარებისაკენ მიმავალი გზა, უკანონობად, წამებად და ტერორად.
საბჭოთა ხელისუფლების 15. 08. 1937 წ. ცნობილი ბრძანებით №00486 საფუძველი ჩაეყარა ქალების მასობრივ რეპრესიებს, რომელიც ეგრეთ წოდებული „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრების“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
სასჯელი ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ დახვრეტას ან გულაგებში გაგზავნას, ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში „სამშობლოს მოღალატეთა“ ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების და მოხუცების ჩათვლით, როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი“.
ერთ დროს, მათ ცხოვრებაში იყო დიდი მიღწევები, წარმატებული კარიერა და დიდი სიყვარული, მიუხედავად ამისა, ერთ დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – ისინი თითქოს გაქრნენ იმ საზოგადოებიდან, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც იყვნენ.
ბანაკში მოხვედრისთანავე მათ აღარ გააჩნდათ სახელი, გვარი, ნაციონალობა, პროფესია, წარსული, და მომავალი. ყველას ერთი სახელი ჰქონდა – „ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი“. მათ ერთმანეთისაგან მხოლოდ ბანაკის და პირადი ნომრით ანსხვავებდნენ. იკრძალებოდა მათზე საუბარი, დაიმალა და აიკრძალა მათ შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. ისინი რეპრესირებული ქალები იყვნენ, რომლებსაც ბრალად „სამშობლოს მოღალატეების ცოლობა“ წარუდგინეს და გადაასახლეს.
ანა დუმბაძე-ბახტაძე, არცერთ ნაწარმოებში ნოდარ დუმბაძეს მამა არ ჰყავს ნახსენები… მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. ყოველთვის დარწმუნებული იყო მამის უდანაშაულობაში. ვლადიმერ დუმბაძე, ღვაწლმოსილი ბოლშევიკი იყო. ბავშვი იყო, როდესაც კომპარტიაში შევიდა, 37-ში კი დაიჭირეს და დახვრიტეს, დახვრიტა ვინ? მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში პოლიტექნიკურ სკოლაში, ნოდარის ბაბუას სასადილო ჰქონდა იქვე, ბერია ღარიბი და გამუდმებით მშიერი იყო, დუმბაძე უფროსი კი ყოველდღე აჭმევდა გაჭირვებულ სტუდენტს თავის სასადილოში. რა თქმა უნდა, უფასოდ…
1937 წელს დააკავეს ვლადიმერ დუმბაძე, შემდეგ მისი ძმები გაბრიელი და ნიკოლოზი, ვლადიმერის ცოლი ანა ბახტაძე და გაბრიელის მეუღლე თამარა ბარაბაძე. გაბრიელი და ვლადიმერი დახვრიტეს, დანარჩენი „ხალხის მტრები“ გადაასახლეს გულაგის სხვადასხვა ბანაკებში. პატარა ნოდარი მაშინ რვა წლის იყო.
1946 წელს ანა (ანიჩკა) ბახტაძე ბრუნდება გადასახლებიდან. ამ დროისთვის ნოდარს უკვე საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, სადაც მისი ბაბუა ქიშვარდი დუმბაძე და ბებია ოლღა ხინთიბიძე ცხოვრობდნენ (მომავალში, სწორედ მწერლის ბებია გახდება მოთხრობის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მთავარი გმირის – ოლღა ბებიის პროტოტიპი). ნოდარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მწერალს, გადასახლებიდან დაბრუნებულ დედასთან ურთიერთობის აღდგენა ძალიან გაუჭირდა. იმდენად დიდი იყო გაუცხოება მათ შორის, რომ „დედას“ ვერ ეძახდა. ალბათ წარმოუდგენელია, რას გრძნობდა თავად ანა. მთელი ეს განცდები ნოდარ დუმბაძემ მოგვიანებით რომანში „მზიანი ღამე“ აღწერა.
დედის პორტრეტი კი, „კუკარაჩას“ დეიდა ანიკოს გმირში ასახა – ჭკვიანი, სანდო, ბიბლიის მშვენივრად მცოდნე. სწორედ მასთან მიდის მთავარი გმირი სასაუბროდ. ანიჩკა კი, ისევე როგორც დეიდა ანიკო, ეწეოდა სიგარეტს – რაც ძალზედ იშვიათი ჩვევა იყო იმ წლების ქართველი ქალისთვის…
დროთა განმავლობაში დედა-შვილს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. მეტიც, ნოდარ დუმბაძე სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდა მას. „როდესაც მრავალი წლის განშორების შემდეგ მე და დედა შევხვდით, – იხსენებს მწერალი, – მე ბუნდოვნად მახსოვდა. მან კი, საერთოდ ვერ მიცნო. ეს იყო ტრაგედია… ერთ ღამეს ჩუმად დამიძახა: „ნოდარ“. მე ვუპასუხე. „მოდი ჩემთან“. „აქ ვარ“. „აიწიე პერანგი“. ვერაფერი გავიგე, მაგრამ დავემორჩილე. მან ჩემს მუცელზე ხალს შეხედა და ატირდა“….
დედა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩემს პირველ წარმატებას თავშეკავებულად შეხვდა. საქართველოს მწერალთა კავშირში რომანი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ განიხილეს. უამრავი თბილი და სასიამოვნო შეფასება გამოითქვა. ყველა ადამიანი ბედნიერი იყო. მხოლოდ დედაჩემმა არაფერი თქვა. სახლში, როცა მარტონი დავრჩით, მხოლოდ მაშინ მითხრა: „ნებისმიერი სიხარულის, ნებისმიერი ტკივილის გაძლება შესაძლებელია, მაგრამ ძალზედ რთულია, სახალხო დიდების და სიყვარულის ატანა“ – კარგად მახსოვს დედაჩემის ეს სიტყვები. ამიტომაც არ მიყვარს პოპულარობა, მეშინია კიდეც…“
ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე, პირველი ქალი კინორეჟისორი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. მამამისი ბართლომე ხუციშვილი საინგილოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1917 წელს საინგილოში არეულობის დაწყების შემდეგ, ისინი კახეთში გადმოსახლდნენ. მრავალშვილიანი მამა შვილების განათლებაზე განსაკუთრებით ზრუნავდა, ნუცა 1923-25 წლებში სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი შეხვდა ‒ ბოლშევიკური იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდა კაცს, ლევან ღოღობერიძეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და იქორწინეს.
1937 წლის 21 მარტს გაასამართლეს და დახვრიტეს ლევან ღოღობერიძე, ამის შემდეგ ნუცა ღოღობერიძეს აეკრძალა ფილმების გადაღება. 1937 წლის ბოლოს ის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. რეჟისორმა ქალმა გადასახლებაში 10 წელი გაატარა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კინოს აღარ დაბრუნებია, თითქოს დაივიწყა, რომ ოდესმე რეჟისორი იყო და ფილმებს იღებდა…
„დედაჩემი, სულ ადრეულ ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფრის განმსაზღვრელი იყო; 7 წლის ვიყავი, რომ გადაასახლეს და 10 წელი მის გარეშე გავიზარდე. ეს შეგრძნებებიც დავკარგე, რაღაც ფორმალურ ასპექტში გადავიდა დედასთან ურთიერთობა. კონკრეტული ურთიერთობაც აღარ მქონდა. რუსულად უნდა მიმეწერა წერილი, როცა წერილის მიწერის უფლება მოგვცეს. უცხო ენაზე დაწერილი წერილებიც, რაღაც ხელოვნური იყო. ნამდვილს ვერაფერს ვწერდი და არც მქონდა მოთხოვნილება. 10 წლის შემდეგ, როდესაც დედა დაბრუნდა, დიდი ხანი გავიდა, სანამ უბრალოდ შევძელი მეთქვა სიტყვა – დედა“. – იხსენებს ლანა ღოღობერიძე
დედის გადასახლებიდან დაბრუნების ეპიზოდი სრული სიზუსტით ასახა ლევან და ნუცა ღოღობერიძეების შვილმა, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ფილმში ‒ „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.
კირა ანდრონიკაშვილის მშობლები – იტალიური წარმოშობის პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია და გიორგი ანდრონიკაშვილი, ერთმანეთს ვარშავაში შეხვდნენ, სადაც განლაგებული იყო ის სამხედრო პოლკი, სადაც ანდრონიკაშვილი მსახურობდა. მათ ვარშავაში ორი ქალიშვილი ნატო და კირა შეეძინათ. მალევე გიორგი ანდრონიკაშვილი თერგის ოლქის უფროსად ინიშნება და ოჯახით საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად.
1923 წელს ფილმებით „არსენა ყაჩაღი“, „სამი სიცოცხლე“ და „მამის მკვლელი“ ნატო ვაჩნაძე მუნჯი კინოს კინოვარსკვლავი ხდება, კირა უფროსი დის გზას მიყვება და ამთავრებს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტს. 1928 წელს კი, ის თამაშობს ქართული მუნჯი კინოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში „ელისო“. კირა ანდრონიკაშვილი ათამდე ფილმში გადაიღეს, თუმცა მის მთავარ როლად, სიცოცხლის ბოლომდე ლეგენდარული ელისო დარჩა…
1928 წელს, „ელისოს“ გადაღებებზე კირა ანდრონიკაშვილმა გერმანული წარმოშობის რუსი მწერალი, ბორის პილნიაკი გაიცნო; 1933 წელს წყვილი დაქორწინდა. 1934-ში კი მათ ვაჟი – ბორისი შეეძინათ…
1937 წლის შემოდგომაზე დააკავეს პაველ ვასილიევი. დააპატიმრეს ბორისის და კირას მეჯვარე – მწერალი ტიციან ტაბიძე, მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა. ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებმა შეიწირა მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელის, ნიკოლო მიწიშვილის, დავით წერეთელის, არჩილ მიქაძის და სხვა გამორჩეულ მოღვაწეთა სიცოცხლე.
1937 წლის 28 ოქტომბერს ბორისისა და კირას ვაჟი სამი წლის გახდა.
პერედელკინოში, აგარაკზე არავინ მისულა. ფოსტალიონმა თბილისიდან მხოლოდ რამდენიმე მისალოცი დეპეშა მიიტანა. გვიან ბორის პასტერნაკმა და ნიკოლაი პოგოდინმა ქალიშვილ ტატიანასთან ერთად შეიარეს. საღამოს ათ საათზე კიდევ ერთი სტუმარი მივიდა. გულმოდგინედ გაუღიმა და მოახსენა, რომ სახალხო კომისარი ეჟოვი სასწრაფოდ იბარებს პილნიაკს თავის კაბინეტში, რაღაცის გასარკვევად. „ერთ საათში სახლში იქნებით“. შიში და უნდობლობა აისახა კირას სახეზე, მან შეკვრა გაუწოდა ქმარს. არ გამოურთმევია – სახლიდან თავისუფალი კაცივით უნდოდა გასვლა – და არა პატიმარივით. რა თქმა უნდა, არ დაბრუნებულა…
წამებით დაქანცულმა პილნიაკმა ყველა ბრალდება აღიარა. ბოლოს ითხოვა: „ხანგრძლივმა პატიმრობამ, მე სრულიად სხვა ადამიანად მაქცია და ახლებურად დავინახე ცხოვრება. მსურს ვიცხოვრო, ვიმუშაო, მსურს მქონდეს ფურცლები, რომ ვწერო საბჭოთა ხალხისთვის სასარგებლო რამ“.
1938 წლის 21 აპრილს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის დადგენილებით ბორის პილნიაკს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. დახვრიტეს იმავე დღეს.
თავად კირა ანდრონიკაშვილი, მეუღლის წაყვანიდან ერთი თვის თავზე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 40- იანი წლების დასაწყისში ანდრონიკაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს. ამბობენ, საქართველოში ჩამოსული, არასოდეს ჰყვებოდა იმ მძიმე წლებზე, რომელიც გადასახლებაში გაატარა… კირა ანდრონიკაშვილი 1960 წელს გარდაიცვალა, 52 წლის ასაკში.
ქეთევან (ქეთუსია) ორახელაშვილი ცნობილი ქართველი ბოლშევიკის, პარტიული მუშაკის მამია ორახელაშვილის ქალიშვილი იყო. 19 წლის ქეთევანმა უნიჭიერესი დირიჟორი, პირველი ქართული სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. წყვილი მალე იქორწინა და ქალ-ვაჟი თინათინი და ვახტანგი შეეძინათ…
როგორც ჰყვებიან, ლავრენტი ბერიამ განუზომელი ძალაუფლების ფლობის დროს, ქეთუსია ორახელაშვილის მშობლებს ძველი წყენა გაუხსენა და საყოველთაო რეპრესიების ხანაში შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამი დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატისთვის გადაასახლეს.
სწორედ ამის შემდეგ, ჯერი ევგენი მიქელაძეზე მიდგა. ევგენი მიქელაძე ავტორიტეტებს არ აღიარებდა და ოპერის თეატრში შესული ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მსმენელი იყო მისთვის; როდესაც ბერიამ ოპერის თეატრში ერთ-ერთ რეპეტიციაზე დასწრება მოინდომა, მიქელაძემ მას დარბაზი დაატოვებინა. ბერიას მიქელაძისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა 1937 წლის 4 ნოემბერს, „ლატავრას“ გენერალური რეპეტიციის შემდეგ, მიქელაძე დააპატიმრეს.
ქეთევან ორახელაშვილის მოგონება ევგენი მიქელაძის შესახებ:
„გამოვედით თეატრიდან. იმ ღამეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ. „წამოდი, ვნახოთ იმელი“ – ვუთხარი, „არა, ხვალ“ – მიპასუხა. მე ვუთხარი: – „თუ გვაქვს ეს ხვალ“… აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად. მართლაც, არ გვქონდა ის ხვალ და კიდევ კარგი, რომ მოვასწარი მისი ნახვა. სახლში არ დაბრუნებულა. რომ გავახილე თვალები, სამი კაცი იყო ჩემს ოთახში და მკითხეს სად არისო. ვუთხარი: თეატრშია-მეთქი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი. რომ არ მეთქვა, შეიძლება მოესწრო სახლში მოსვლა. ეს სამუდამოდ დამრჩა“.
ევგენი მიქელაძის დაპატიმრების შემდეგ თბილისის ოპერის თეატრის სალაროებთან ხალხი აღარ იდგა. ეს იყო პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც საზოგადოებას იმხანად შეეძლო გამოეხატა. მაგრამ საბჭოთა უშიშროებას, ეტყობა, მაინც ეშინოდა ხალხის. ლეგენდარული დირიჟორის დისკრედიტაცია ერთბაშად არ მომხდარა. ჯერ თეატრიდან გაათავისუფლეს, მერე ჭორი გაუვრცელეს, “აღიარა, რომ ხალხის მტერიაო”, მერე კი ჩვეულ, სადისტურ ტაქტიკას მიმართეს – საქმეში ევგენი მიქელაძის ობლად დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვები ჩართეს. მაშინ უფროსი 3 წლის იყო, უმცროსი კი, წლინახევრის.
თინათინ მიქელაძის მოგონებებიდან – „1939 წელს, მე ვარ ხუთი წლის. მე ვწერ განცხადებას, სად არის მამაჩემი…იმასაც ვერ ბედავდნენ, რომ მამიდაჩემს თავისი სახელით დაეწერა ეს განცხადება და მე მპასუხობენ, რომ მამათქვენი არის ხალხის მტერი, რომ არის გადასახლებული და რომ… ცოცხალია“.
ევგენი მიქელაძე დაპატიმრების შემდეგ სასტიკად აწამეს და რამდენიმე დღეში დახვრიტეს. მაშინ დირიჟორი მხოლოდ 35 წლის იყო. 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ყაზახეთში აკმოლინსკის ბანაკში მოათავსეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ქეთევან ორახელაშვილმა ითამაშა დედის როლი ლანა ღოღობერიძის ფილმში – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ფილმში ქეთევან ორახელაშვილი ლანა ღოღობერიძის დედის ნუცა ღოღობერიძის პროტოტიპია.
1929-1953 წლებში, სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა 14 მილიონამდე ადამიანმა. აქედან დაიღუპა 1,6 მილიონამდე. მხოლოდ, 1937-38 წწ. ორნახევარ მილიონიან საქართველოში 29 051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. მათ შორის – 14372 დახვრიტეს, 14 679 – გადაასახლეს. საქართველოში ამ პროცესს პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.