ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, ქალაქის უძველესი თეატრი აღმოაჩინეს. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ნაპოვნი ნაშთები ეკუთვნის თეატრს, რომელიც მე-16 საუკუნეში ,,წითელი ლომის“ სახელით იყო ცნობილი. ის დედოფალ ელისაბედ I-ის ეპოქაში აშენდა და მსგავსი ტიპის პირველ დაწესებულებას წარმოადგენს.
ამ დრომდე თეატრის არსებობის ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობდა, მისი ადგილმდებარეობა კი დავის საგანს წარმოადგენდა, თუმცა, როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, სტივენ უაითი ამბობს, ის თითქმის დარწმუნებულია თავისი ვარაუდის სისწორეში.
„ნაგებობის არქეოლოგიური ნაშთები დრამატული თეატრის იმ ადგილმდებარეობასა და პერიოდს შეესაბამება, რაც ადრეულ დოკუმენტებშია მოცემული“-ამბობს უაითი.
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ „წითელი ლომის“ თეატრი 1576 წელსაა აგებული და იქ მე-16 საუკუნის 90-იან წლებში ახალგაზრდა უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, მათ შორის ,,რომეო და ჯულიეტა“ გაიმართა.
არტეფაქტებზე დაყრდნობით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ თეატრის შენობა იყო ერთგვარი კომპლექსის ნაწილი, რომელშიც მასთან ერთად ერთიანდებოდა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები.
მკვლევრების თქმით, კვლევის შემდეგი ეტაპის მიზანი იქნება იმის გარკვევა, თუ რა დანიშნულებით გამოიყენებოდა დანარჩენი ნაგებობები.