Uber-მა 2.9 მილიარდი დოლარი დაკარგა

ტაქსების სერვისის კომპანია Uber-მა პირველ კვარტალში პანდემიის გამო 2.9 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. თუმცა კომპანიამ გაზარდა კვების პროდუქტების მიწოდების ბიზნესი და საგრძნობლად შეამცირა ხარჯები ამ მიმართულებით.

ოთხშაბათსვე Uber-მა სან ფრანცისკოში 3,700 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან, მიმდინარე კრიზისის გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ბიზნესმა პანდემიის შედეგად ზარალი განიცადა, ჩვენ გადავწყვიტეთ სწრაფი ზომების მიღება, მეტი ყურადღება გავამახვილეთ Uber Eats–ზე. საკვების მიწოდების ჯაჭვის ზრდასთან ერთად, ჩვენ გვამხნევებს სხვადასხვა ნიშნები, რომლის მიხედვითაც ვხვდებით რომ უამრავი ბიზნესი კვლავ იხსნება,“ განაცხადა Uber-ის გენერალურმა დირექტორმა, დარა ხოსროვშახმა.

პანდემიის პირობებში Uber Eats-ის შემოსავლები 53%-ით გაიზარდა, მიზეზი კი სახლში დარჩენილი მომხმარებლების მიერ საჭმლის მიწოდების ბიზნესით გახშირებული სარგებლობაა.

რაც შეეხება ტაქსების სერვისს, აპრილში მგზავრთა რაოდენობა 80%-ით შემცირდა. კომპანიის განცხადებით, პანდემიის პერიოდში, მძღოლებისა და მგზავრების ჯანმრთელობის დასაცავად სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.