არაბთა გაერთიანებული ემირატები მარსზე პირველი კოსმოსური მისიისთვის ემზადება. 14 ივლისს რობოტიზირებული კოსმოსური ხომალდი სახელად „ამალი“, რომელიც ითარგმნება როგორც „იმედი“, სტარტს იაპონიის კუნძულ ტანაგაშიმადან აიღებს.
კოსმოსური ხომალდი მარსს 7 თვეში მიაღწევს, ამ პერიოდში კი ხომალდი 493 მილიონ კილომეტრს დაფარავს. კოსმოსური მისია მიზნად ისახავს მარსის ატმოსფეროსა და კლიმატის დაწვრილებით შესწავლას. ხომალდი აღჭურვილია სამი ტიპის სენსორით. მაღალი რეზოლუციის მქონე კამერა პლანეტის ზედაპირზე მტვრისა და ოზონის დონეს დაადგენს. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი ინფრაწითელი სპექტომეტრი კი პლანეტის ქვედა ატმოსფეროს გამოიკვლევს. მესამე სენსორი კი ულტრაიისფერი სპექტომეტრით ჟანგბადისა და წყალბადის დონეებს გამოითვლის.
პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელი სარაჰ ალ-ამირის განცხადებით, კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაადგინონ, როგორ არის შესაძლებელი პლანეტაზე წყლის ფორმირებისთვის აუცილებელი ორი ელემენტის, ჟანგბადისა და წყალბადის, შენარჩუნება.
აღსაღნიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებს აქამდეც განუხორციელებიათ კოსმოსური მისიები. პირველი არაბი ასტრონავტი საუდის არაბეთის პრინცი სულთან ბინ სალმან ალ-საუდი გახლდათ, რომელიც კოსმოსში ამერიკული კოსმოსური ხომალდით 1985 წელს გაფრინდა. მას შემდეგ, ემირატებმა დედამიწის ორბიტაზე სატელიტებიც გაგზავნა, მიუხედავად ამისა, მარსის ექსპედიციის პროექტი გაცილებით მასშტაბური და მნიშვნელოვანია.
ალ-ამირი იმედოვნებს, რომ ეს პროექტი წაახალისებს ახალგაზრდა არაბ მეცნიერებს მიმართონ საკუთარი კარიერა კოსმოსური ინჟინერიისკენ და განავითარონ მეცნიერების დღესდღეობით უკვე ძალიან აქტუალური სფერო.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ამბიციები, მხოლოდ ამ კვლევით არ შემოიფარგლება. არაბთა გაერთიანებული ემირატები 2117 წლისთვის მარსზე ადამიანების დასახლებას გეგმავს.