ლიმიტირებული ნივთების GIFT SHOP | აქ, ახლა – მემკვიდრეობა თანამედროვეობაში

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანა და ამ პროცესების მხარდაჭერაა. უძველესი სამოსის აღმოჩენის შემდეგ ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, რათა ქსოვილების უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა – ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge – ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.

საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

ლიმიტირებული ნივთების GIFT SHOP

ელენე და გვანცა წლებია მეგობრობენ, ორივე ხელოვნების სფეროში საქმიანობს, მოგზაურობენ ერთად და ორივეს ძალიან უყვართ სუვენირები. ამიტომ არ უშვებენ შესაძლებლობას მოგზაურობისას მუზეუმების მაღაზიებიდან საქართველოში საჩუქრები ჩამოიტანონ, თანაც განსაკუთრებით იმიტომ რომ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროდუქციის პოვნა ყოველთვის უჭირდათ. ეს იმის მიზეზი გახდა, რომ სუვენირების წარმოება თავად გადაწყვიტეს, ასე შეიქმნა ლიმიტირებული სასაჩუქრე ნივთების The Why Not Gallery Gift Shop, აქ ძირითადად ინტერიერის აქსესუარებს ნახავთ. ეს The Why Not Gallery-ისა და ქართველი ხელოვანების კოლაბორაციაა.

ფოტო: ანა ბოკო

The Why Not Gallery – საქმიანობის სფერო თანამედროვე ხელოვნება და გამოფენების მოწყობაა. მისი დამფუძნებლების ელენე კაპანაძისა და გვანცა ჯიშკარიანის გემოვნება, შეხედულებები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, ამიტომაცაა რომ მათი თანამშრომლობა პროდუქტიული და საინტერესოა. ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანებთან მუშაობენ და მათ ანგარიშზე დაარსების დღიდან დღემდე სხვადასხვა ექსპერიმენტული ფორმატის გამოფენაა. კორონავირუსის პანდემიამ მეგობრების ახალი იდეა დროებით შეაფერხა, თუმცა მალე პირველ პერმანენტულ სივრცესაც გახსნიან.

ელენე გვიყვება, რომ Gift Shop-ის ფარგლებში, ყველა ახალი პროდუქტის შექმნა თუ ახალი კოლაბორაცია მნიშვნელოვანი გამოწვევა და თავგადასავალია. მათი ინტერესი საინტერესო ნივთების შექმნაა და არა სტანდარტული ჩანთა, ჭიქა თუ პოსტერი.

კოლაბორაციისთვის ხელოვანებს იმის მიხედვით არჩევენ, ვინც თავად მოსწონთ. მათთვის მნიშვნელოვანია ყველა ნივთი ინდივიდუალურ ხელწერას ატარებდეს, ყველა მათი პროდუქტი ლიმიტირებული ტირაჟით იქმნება, მიზანი ექსკლუზიურობის შენარჩუნებაა.

„შედეგად ვღებულობთ ნივთებს, რომელიც თან ხელოვნების ნიმუშთან შედარებით ხელმისაწვდომია, თან ორიგინალური“.

დღეისთვის, The Why Not Gallery Gift Shop-ის ბესთსელერი სუფრები, სარკეები და ბალიშებია. ტრადიციული ქართული ქსოვილის პროექტში ელენე და გვანცა სწორედ ამ პროდუქციით შევიდნენ. თიბისისა და ხელოვნების სასახლის კოლაბორაცია გოგონებმა აღიარებად მიიჩნიეს. ეამაყებათ, რომ საქმე, რომელსაც თავად დიდი სიყვარულით აკეთებენ, ისტორიული პროექტის ინტერესის საგანი გახდა.

პროდუქციის შექმნისას, ხშირად, კოლაჟის ტიპის ტექნიკას იყენებენ და ქართული ქსოვილის პროექტში მონაწილეობისასაც ასე მოიქცნენ. ელენესა და გვანცას ნივთების ვიზუალში იუმორის ელემენტების შეტანაც მოსწონთ. ამიტომ იყო, რომ თიბისისა და ხელოვნების სასახლის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ სუფრაზე გამოიყენეს დადიანების ოჯახის ასლი, XX საუკუნის დასაწყისი, პარიზი და შავი კატა. „როცა ამ სუფრას მაგიდაზე გადააფარებთ ყოველთვის გაგახსენდებათ საბავშვო ლექსი „ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა“.

ქსოვილების პროექტის ფარგლებში, The Why Not Gallery-მ ერეკლე II-ისა და ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის გამოსახულებიანი სარკეებიც შექმნა. ამავე პროექტმა გოგონებს ახალი პროდუქტის – მარაოების – იდეა გაუჩინა. მარაოები ერთდროულად რამდენიმე პატერნითა და ახალი ორნამენტითაა. თიბისისა და ხელოვნების სასახლის კოლაბორაცია ელენესა და გვანცას, მათ შორის, იმიტომ მოსწონთ, რომ შესაძლებლობა ეძლევათ კულტურულ მემკვიდრეობას ახალი ინტერპრეტაცია შესძინონ.

„პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის, რადგან მათ ცნობადობას ზრდის და ახალ პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს. გარდა ამისა, ეს კოლაბორაცია ქართული ქსოვილის და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა. გაცოცხლდა ჩვენი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც სრულიად მივიწყებულია და მოხდა მისი ახლებურად გადააზრება. მაგალითად, ბევრი პატერნი სხვადასხვა ფრესკებიდან არის აღებული. დარწმუნებული ვარ ამ პროექტამდე ძალიან ცოტა თუ დაკვირვებია ფრესკებზე ამ დეტალებს“.