Twitter თანამშრომლებს საშუალებას აძლევს იმდენ ხანს იმუშაონ სახლიდან, რამდენიც უნდათ. როგორც სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი, აცხადებს, სახლიდან მუშაობა შესაძლებელი იქნება პანდემიის დასრულების შემდეგაც.
„ოფისების გაღება ჩვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ დასაქმებულები უკან დაბრუნებას ისურვებენ, შესაბამისად მოვიქცევით და ოფისები მათ განკარგულებაში იქნება“ – აცხადებენ კომპანიაში.
დორსის მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიის კარი სექტემბრამდე გაიღოს, შესაბამისად, ყველა მომდევნო ზომა და ღონისძიება, ამ წლის ბოლოსთვის დაიგეგმება, ხოლო 2021 წლიდან განხორციელდება.
„გასულმა რამდენიმე თვემ ცხადყო, რომ მუშაობა სხვა ადგილებიდანაც შესაძლებელია. ამიტომაც, თუ თანამშრომლები ფიქრობენ, რომ სამომავლოდაც სახლიდან სურთ საქმის კეთება, ჩვენ ამის უფლებას მივცემთ. თუ ოფისებში დაბრუნებას მოისურვებენ, სიამოვნებით დავხვდებით მათ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომის დაცვით“ – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მსოფლიოს სხვა უმსხვილესი კომპანიებიც აგრძელებენ ფიქრს, თუ როგორ მოერგონ კორონავირუსით გამოწვეულ დღის წესრიგს. Google-მა უკვე განაცხადა, რომ 2021 წლამდე მისი თანამშრომლები ოფისებში არ დაბრუნდებიან. ასეთივეა Facebook-ის დამოკიდებულებაც – ოფისები 4 ივლისიდან გაიხსნება, თუმცა ის თანამშრომლები, რომლებიც სახლიდან შეუფერხებლად მუშაობენ, ამ პრინციპით განაგრძობენ საქმეს წლის ბოლომდე.