Twitter-მა ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება შეუზღუდა

photo – Evan Vucci/AP

Twitter-მა დონალდ ტრამპ უმცროსს, აშშ-ის პრეზიდენტის უფროს შვილს,  12 საათის განმავლობაში პირადი ანგარიშის გამოყენება შეუზღუდა. მიზეზი მის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის შემცველი პოსტის გამოქვეყნება გახდა.

ტრამპის შვილმა სოციალურ ქსელში კორონავირუსის განკურნების შესახებ ყალბი ინფორმაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადეები“  ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ვიდეოს პირველწყარო მემარჯვენე მედიასაშუალება Breitbart News იყო.

NPR-ის ინფორმაციით, Breitbart News-ის მიერ გავრცელებული პოსტი შეიცავდა პრეს-კონფერენციის ამსახველ ვიდეოს, სადაც ამერიკელი ექიმები ეჭვქვეშ აყენებენ პირბადეების გამოყენების ეფექტურობას, მიუხედავად საწინააღმდეგოს სამეცნიერო მტკიცებულებისა. გარდა ამისა, ვიდეოში მხარდაჭერილია მოსაზრება მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის, გამოყენების შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ. თუმცა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია Covid-19-ის სამკურნალოდ პრეპარატს არაეფექტურად მიიჩნევს.

ვიდეოს შემცველი პოსტები სოციალური ქსელიდან წაიშალა. Twitter-ის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის უფროს შვილს დროებით შეეზღუდა დაპოსტვისა და ახალი ანგარიშების გამოწერის ფუნქცია, თუმცა ისევ შეუძლია პირადი შეტყობინებების გაგზავნა მისი გამომწერებისთვის. ამასთან ერთად, დროებითი შეზღუდვები დაუწესეს Breitbart News-საც.

Twitter-მა ოფიციალურად დაადასტურა შეზღუდვა და ხაზი გაუსვა, რომ „ანგარიში სამუდამოდ არ შეჩერებულა. პოსტი საჭიროებს წაშლას, რადგანაც ის ეწინააღდეგება ჩვენს წესებს“.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე, გააზიარა ვიდეო და პრეპარატის გამოყენების მხარდამჭერი პოსტები. მისი ანგარიშიდან ორი პოსტი წაიშალა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მედიის კომპანიები ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვიან საკუთარ პლატფორმებზე. ამ მიზნით Twitter-მა, Facebook-მა და Google-მა სპეციალური ზომები მიიღეს კორონავირუსის შესახებ ყალბი და საეჭვო ინფორმაციის უკეთესად იდენტიფიცირების შესახებ.