მსოფლიოს ცნობილ სახეებს Twitter-ის ანგარიშები დაუჰაკეს

photo – Yucel Moran

ჰაკერებმა ილონ მასკის, ბილ გეითსის, ქეინი უესტის, ბარაკ ობამას, ჯეფ ბეზოსის, ჯო ბაიდენისა და კიდევ არაერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანის პროფილები გატეხეს.

კიბერთავდასხმა ოთხშაბათს, „ტვიტერის“ ანგარიშებზე, განხორციელდა, სადაც ცნობილი სახეები გამომწერებისგან კრიპტოვალუტის გადარიცხვას ითხოვდნენ.

ჰაკერებმა ცნობილი სახეების პირად გვერდებზე შემდეგი შინაარსის „ტვიტები“ გამოაქვეყნეს – “მე გავაორმაგებ ჩემ მისამართზე გადმოგზავნილ ყველა ბიტკოინ გადახდას. თქვენ აგზავნით $1000-ს, მე კი გამოგიგზავნით $2000-ს!

აცნობეთ ეს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს! ამას ვაკეთებთ მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში!”

აღნიშნული ქმედებით დამნაშავეებმა სოციალურ ქსელ “ტვიტერის” მომხმარებლების ბიტკოინები თაღლითური გზით მიითვისეს. საყურადღებოა, რომ განცხადებები სოციალურ ქსელში მოკლე დროში გავრცელდა და დაზარალებული მომხმარებლების მიერ გადარიცხულმა თანხამ ჯამურად $ 100 000-ზე მეტი შეადგინა.

შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად „ტვიტერმა“ მრავალი ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიში დროებით შეზღუდა და მათ მფლობელებს სისტემაში შესასვლელად კოდური სიტყვების შეცვლა მოსთხოვა.

აშშ-ის სენატმა Twitter-ს მომხდარის შესახებ ბრიფის წარდგენა მოსთხოვა. ტვიტერის გუნდის თქმით, ეს იყო კოორდინირებული შეტევა მათ თანამშრომლებზე, რომელიც მიზნად ისახავდა შიდა სისტემასა და მის მახასიათებლებზე წვდომის დაშვებას.

”ჩვენ ვიცით, რომ მათ [ჰაკერებმა] გამოიყენეს შიდა სისტემაზე წვდომა, რათა გაეკონტროლებინათ ბევრი უმნიშვნელოვანესი (მათ შორის ვერიფიკაციაგავლილი) ანგარიში და მათი სახელით „დაეთვითათ”, – განაცხადა კომპანიამ.