Twitter-ის დამფუძნებელმა კორონავირუსთან საბრძოლველად $1 მილიარდი გამოყო

Photo By Loic Venance

Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ მზადაა COVID-19-თან საბრძოლველად 1 მილიარდი აშშ დოლარი გაიღოს, – ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

დორსი აღნიშნულ თანხას, რომელიც მისი ქონების, დაახლოებით, 28% შეადგენს, საკუთარ საქველმოქმედო ფონდ Start Small-ში გადარიცხავს.

“ტვიტერის” დამფუძნებლის თქმით, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსისგან „განიარაღებას“ შეძლებს, დაგროვილი აქციები გოგონების ჯანმრთელობასა მათ განათლებას მოხმარდება.

შემოწირულობების გადარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიის მეშვეობით განხორციელდება. ეს ის ინსტრუმენტია, რომელსაც შემოწირულობებისთვის იყენებენ, თუმცა ნაკლები გამჭირვალობის გამო, ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება.