ქართული მოდის ინდუსტრია დღითიდღე ვითარდება და საპატიო ადგილს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ევროპულ ასპარეზზეც იკავებს. ბოლო წლებში გამოჩენილ ხარისხიან ბრენდებს შორის „თუთუ კოსმონავტი“ ერთ-ერთი გამორჩეულია. იდეისა და მომხმარებლისადმი ერთგული კომპანიის ორიგინალური სახელი, მათ სამოსზე ამოქარგულ მინიმალისტურ ნახატებთან ერთად, მხატვარ თუთუ კილაძეს უკავშირდება. თუთუმ 2019 წელს მეგობრებთან, ტანსაცმლის დიზაინერ ქეთევან ჩიჩუასა და ტექსტილის დიზაინერ ნინო ჩოკოშვილთან ერთად, დაიწყო ექსპერიმენტი, რომელიც მათსავე შეკერილ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ნახატების გადატანას მოიცავდა. ექსპერიმენტმა გაამართლა – სწორედ ასე შეიქმნა „თუთუ კოსმონავტი“ – ბრენდი, რომელიც დღესაც ელეგანტურ პროდუქტს ქმნის.
ტრიო დღემდე თანამშრომლობს არაერთ სხვა ქართველ არტისტთანაც, რომელთაგან მათი ყველაზე ხშირი კოლაბორატორი ფოტოგრაფი ნატა სოფრომაძეა. „თუთუ კოსმონავტს“ ამ მომენტისთვის საერთო პროექტი არცერთ კომპანიასთან არ აქვს დაგეგმილი, თუმცა არ გამორიცხავენ მომავალში რომელიმე სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობასაც.
„თუთუ კოსმონავტის“ სამკაციანი გუნდის თითოეულ წევრს პირდაპირი შეხება გვაქვს ხელოვნებასთან. ამასთან, ნატასნაირ (ნატა სოფრომაძე) ადამიანთან და პროფესიონალთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა“.
ბრენდის „თუთუ კოსმონავტად“ ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში რამდენიმე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. მათგან გამოსარჩევია თავდაუზოგავი შრომა, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული. გუნდის წევრების აზრით, შეუძლებელია, ბრენდს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარეშე ეარსება. „თუთუ კოსმონავტს“, მყარი ღირებულებების გარდა, ვიზუალური მხარეც გამოარჩევს. ერთი შეხედვით ყოველდღიურ, არაფრით გამორჩეულ სამოსზე თუთუს შთამბეჭდავი ჩანახატების გადატანა არტისტებს საზოგადოებისთვის არაჩვეულებრივი, საყვარელი ისტორიების თხრობას უადვილებს.
„დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა სამოსზე ნაქარგის გადატანა და ვეძებდით შესაბამის ნამუშევარს. თუთუს ერთ-ერთ გამოფენაზე გადავწყვიტეთ, გვეცადა მისი ნახატის ნაქარგში გადატანა. მისი ფერწერა იძლევა საშუალებას, სულ რამდენიმე ლაქით შეიქმნას საინტერესო კომპოზიცია“.
ნინოსა და ქეთევანს კომპანიის შექმნის იდეა თუთუს საზღვაო თემატიკის ნახატების ნახვის შემდეგ მოუვიდათ. ზღვის შემდეგ იყო გუდაური და თოვლი. საკმაო ხანია, „თუთუ კოსმონავტი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ეწევა – მაისურებზე, პულოვერებსა და სხვადასხვა აქსესუარზე შეხვდებით მინიმალისტურ ჩოგბურთის კორტს, საცურაო აუზსა თუ მოფარიკავე წყვილს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა, „თუთუ კოსმონავტის“ კატალოგში ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალურად დამზადებულ სამოსსაც იხილავთ.
„თუთუ კოსმონავტის“ შექმნაში ჩართული ხელოვანების შთაგონების მთავარი წყარო მომავალი თაობა და მათი წარმატებებია. ისინი სწორედ ლაღი და წარმატებული ადამიანების ისტორიების გადმოცემას ცდილობენ. როგორც უკვე აღინიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. სწორედ ამ გზით ცდილობს „თუთუ კოსმონავტი“ ხელი შეუწყოს შემდგომ თაობებს განვითარების გზაზე.
„ჩვენი ინსპირაცია არიან მოზარდები, ახალი თაობა. მათ ირგვლივ ვტრიალებთ. გარდა ამისა, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ბრენდის მთავარი მოტოა. დავიწყეთ ჩოგბურთის თემით, რომელიც გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. შემდეგ ფარიკაობა და ფეხბურთი დავამატეთ, გავიცანით უშუალოდ საქართველოს ჩემპიონი სპორტსმენები, რომლებიც ჩვენს სარეკლამო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული“.
თავად თუთუ დიდი ხანია ხატავს, ინსპირაციას კი ყოველდღიურობიდან იღებს. ამის მიუხედავად, „თუთუ კოსმონავტმა“ მხატვრის ტექნიკაში სიახლე შემოიტანა – ნაცნობი ტილოს ნაცვლად, თუთუმ ესკიზების შექმნა ციფრულად, საკუთარ მობილურ ტელეფონში დაიწყო. საბედნიეროდ, მან ახალი გამოწვევა ადვილად გადალახა და ტილოზე შესრულებული ნამუშევრებისთვის ჩვეული მინიმალისტური სტილი კვლავ შეინარჩუნა.
საინტერესოა, რომ „თუთუ კოსმონავტის“ საჯარო ჩვენებები ინტერნეტის საშუალებით, საინტერესო მულტიმედიური ნამუშევრების გავრცელებით ეწყობა. ბრენდის გუნდი ძირითად აქცენტს ფოტო და ვიდეომასალაზე აკეთებს, ცნობადობისა და მომხმარებლის ნდობის გაზრდის მიზნით.
„თუთუ კოსმონავტისთვის“ ხელოვნებად იქცა არა მხოლოდ სამოსის შექმნა, არამედ მისი რეალიზებაც. ბრენდის პროდუქციის ხილვა Magelan-ისა და Babolat Georgia-ს მაღაზიებშია შესაძლებელი, თუმცა მომხმარებელს ტანსაცმლის შეძენა ინსტაგრამის საშუალებითაც შეუძლია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „თუთუ კოსმონავტი“ ქართულ ბაზარს გასცდა და საკუთარი ონლაინ-მაღაზია ამერიკულ პლატფორმაზე Etsy განათავსა.
„ინტერნეტსივრცის მაქსიმალური ათვისება გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანს ცნობადობის მხრივ. ამასთან, ვაპირებთ საკუთარი საიტის დამატებასა და Amazon-ზე ჩვენი პროდუქციის განთავსებას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ვინტაჟურ მაღაზია Fidel-თან ერთად, ე.წ. “re/done” კოლექციაზე, რაც ძველი ნივთის გათანამედროვებას გულისხმობს. ჩვენი ძირითადი ხაზისგან განსხვავებით, აქ თითოეული ნივთი ექსკლუზიური იქნება. ამ კოლექციაში აქცენტი არის მოდელიერებზე, შეიძლება მულაჟიც გავაკეთოთ. ნაქარგებს არსებული სერიებიდან ვიღებთ“.