ეკა თუშიშვილის პირადი და საქმიანი სივრცე

როგორ ვიქცევით მაშინ, როცა სამუშაო თავზესაყრელი გვაქვს? როცა წერა, კითხვა, ფიქრი, ანალიზი, კონცენტრირება გვინდა? პირველ რიგში, ვირჩევთ ადგილს, სადაც ამ ყველაფერს მშვიდად და კომფორტულად შევძლებთ. ვიღაცისთვის სახლია ეს სივრცე, ვიღაცისთვის ‒ ოფისი და სხვისთვის ‒ საყვარელი კაფე. ოთხი წლის წინ ასე იყო: არჩევანი რომელიმე ალტერნატიულ ვერსიაზე უნდა შეგეჩერებინა. მერე კი ხორავას ქუჩაზე საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალი“ გაიხსნა და საქმის პროდუქტიულად კეთების სრულიად ახალი, ახლებური სივრცე გაჩნდა. 2016 წელს ეკა და დათო თუშიშვილების წამოწყებული უჩვეულო სტარტაპი თბილისისთვის ნამდვილი ნოვაცია იყო. „ტერმინალის“ პირველ სტუმრებს ზედმიწევნით უხსნიდნენ, რაში მდგომარეობდა საერთო სამუშაო სივრცის ხიბლი. კერძოდ ის, რომ შესაძლებლობა გაქვს იმუშაო სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც ნაცნობობა არ გაკავშირებს, მაგრამ საქმიან გარემოს იზიარებ. საქმიანი გარემო კი კონკრეტულ ამოცანაზე ფოკუსირების საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

პირველი ფილიალით დაწყებული „ტერმინალი“ მოკლე დროში ტრენდულიც გახდა და მასშტაბურიც, თუმცა შედეგზე არანაკლებ შთამბეჭდავია ის, თუ რა ხდებოდა მისი შემქმნელების პროფესიულ ბიოგრაფიაში იქამდე, ვიდრე ევროპაში აწყობილ კარიერას მიატოვებდნენ და საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტდნენ. ეკა და დათო თუშიშვილები დღეს ჰოლდინგ Tushiconceptის მფლობელები არიან. ისინი სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ ინვესტიციებს და სასტუმროს, ლოჯისტიკის, განათლებისა და მენეჯმენტის სფეროებში ოპერირებენ. პარალელურად, ეკა The Grove Design Hotel-ის თანადამფუძნებელი და მმართველია.

ეკა, ვინ ან რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ალბათ, ბევრმა რამემ ერთად. იმანაც, სკოლის ასაკში მშობლებთან ერთად დასასვენებლად სხვადასხვა ქვეყანაში რომ დავდიოდი და სასტუმროებში ვრჩებოდი; იმანაც, უცხო ენების მიმართ მიდრეკილება რომ მქონდა; სხვადასხვა კულტურა, ხალხი, მათი ისტორია, რელიგია რომ მაინტერესებდა. პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, მშობლებმა მკითხეს, რა მინდოდა. ვუპასუხე, რომ სასტუმრო ბიზნესი მაინტერესებდა. იმ წლებში მიიჩნეოდა, რომ ესე იგი, მიმტანობა გინდოდა. საბედნიეროდ, ჩემმა მშობლებმა ასე არ აღიქვეს ესმიხვდნენ, რომ საინტერესო პროფესია იყო, მზარდი ინდუსტრია და იფიქრეს: რატომაც არა?! მამაჩემმა თვითონ მოიძია ყველანაირი ინფორმაცია, გაარკვია, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროში სასტუმროების მიმართულებით ნომერ პირველი ქვეყანა შვეიცარიაა და გადაწყდა, იქ მესწავლა.

გაგიჭირდათ ახალ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, ახალ გარემოსთან შეგუება?

ძალიან რთული იყო, მანამდე, ძირითადად, სკოლითა და სახლით შემოიფარგლებოდა ჩემი ცხოვრება. იმიტომ კი არა, რომ სადმე არ მიშვებდნენ, მე თვითონ სხვა ინტერესები მქონდა. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ პირველი ვყოფილიყავი. ამას არავინ მავალდებულებდა, თვითონ ვითხოვდი საკუთარი თავისგან, რომ სხვამ თუ შეძლო რამე, მე რატომ ვერ უნდა მომეხერხებინა.

5 წელიწადს ვსწავლობდი შვეიცარიაში, მაგისტრატურაც იქვე დავამთავრე. ჩასვლისას ავტოტრენინგი ჩავუტარე საკუთარ თავს, ვუთხარი, არ მაქვს უფლება ავად გავხდე, იმიტომ, რომ დედა და მამა აქ არ არიან და ვერავინ მომივლის-მეთქი. ალბათ, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი მართლა მუშაობს ‒ ისე გამოდიოდა, რომ როცა ორკვირიანი არდადეგები მქონდა და მოსკოვში ჩავდიოდი, მხოლოდ მაშინ ვხდებოდი ავად.

მახსოვს, ძალიან მეშინოდა წასვლის, დიდად არც საკუთარი თავის მჯეროდა, საერთოდ არ ვიყავი მზად ახალ გარემოში მარტო ცხოვრებისთვის. ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემი მშობლებისა და გამზრდელი ბებიის განწყობა იყო: შენ შეძლებ, შენ გამოგივა! უფლება არ მქონდა მათი იმედები გამეცრუებინა. მათი დახმარებით გადავლახე პირველი პერიოდი, მერე უკვე შევეჩვიე და სხვა ამბიციებიც გამიჩნდა.

თუ გახსენდებათ რჩევა, რომელიც ოჯახის წევრებისგან მიიღეთ და განსაკუთრებით გამოგადგათ?

ბებიაჩემი, ციცო მაისურაძე, ძალიან ძლიერი ქალი იყო, ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნამუშევარი. სულ მასწავლიდა, რაც შეგიძლია დღეს გააკეთო, ხვალისთვის არ გადადოო. კიდევ მიმეორებდა, მერე რა რომ ქალი ხარ, არავისზე ნაკლები ნიჭი და უნარი გაქვს იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოო. ბებიამ მანქანის მართვა არ იცოდა, ამიტომ სულ მარიგებდა, აუცილებლად ისწავლე, რომ სხვასთან სახვეწნელი არ გქონდეს, აქ წამიყვანე, იქ წამიყვანეო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინტერესი არასდროს მქონდა, ბებიას სურვილი ავუსრულე და მაინც ვისწავლე მანქანის მართვა. სასწაული სიყვარული და ურთიერთგაგება იყო ჩვენ შორის. მან იმდენი ჩადო ჩემში, ამ ყველაფერს რომ მოსწრებოდა, ალბათ, მიხვდებოდა, რომ ფუჭი არ იყო მისი ძალისხმევა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თქვენი პირველი სამსახური რა იყო?

უნივერსიტეტში კარიერული ცენტრი იყო, სადაც პირველკურსელებს პრაქტიკის გავლაში ეხმარებოდნენ. თვითონ ირჩევდი, რა მიმართულება გინდოდა. ზოგს პიცერია ერჩივნა, ზოგს ‒ რესტორანი. ვიფიქრე, რადგან ასეთი მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობას გვასწავლიან, კარგი იქნება, თუ პრაქტიკას 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გავივლი-მეთქი. გაირკვა, რომ ინტერვიუზე „ლოზან პალასში“ ვიყავი დაბარებული ‒ ევროპის ერთ-ერთ წამყვან სასტუმროში. შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში ვცხოვრობდი და, შესაბამისად, ინტერვიუც ფრანგულად უნდა ყოფილიყო. მარტივ კომუნიკაციას ვახერხებდი, თუმცა სამსახურებრივი ინტერვიუსთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი. ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 7-8 სტუდენტი დაგვიბარეს. HR რომ გამოვიდა და იკითხა, პირველი ვინ იქნებაო, გადავწყვიტე გამერისკა. ახლაც არ ვიცი, როგორ მოვაბი თავი, მაგრამ ამიყვანეს. რა
თქმა უნდა, მიმტანის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. 6 თვეში მენეჯერის ასისტენტად გადამიყვანეს. მერეც მარტივად წავედი წინ.

სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვში დაბრუნდით?

დიახ. მალევე ისე მოხდა, რომ მამას საქმიანი მოგზაურობა ჰქონდა პრაღაში და შემომთავაზა გავყოლოდი. ცოტა ხანს დაისვენე, დაალაგე აზრები და თან მოიფიქრე, სად გააგრძელებ მუშაობასო. სანამ წავიდოდი, პრაღის საუკეთესო სასტუმროების ეიჩარებს ჩემი რეზიუმე გავუგზავნე, მივწერე, ერთ კვირაში პრაღაში ვიქნები და მზად ვარ გასაუბრებისთვის-მეთქი. სანამ მამა თავის საქმეებს აგვარებდა, მე ინტერვიუებზე დავდიოდი. ბოლოს მამა მოსკოვში დაბრუნდა და მე „ჰილტონში“ დავრჩი, სადაც ამერიკის ორი პრეზიდენტის, ბუშისა და ობამას, ოფიციალური ვიზიტების მასპინძლობის ორგანიზებაც კი მომიწია.

მომდევნო ნაბიჯი რა იყო?

ისე მოხდა, რომ „ჰილტონის“ მერეც კარგად განვითარდა ჩემი კარიერა. ჯერ მოსკოვის „მარიოტიდან“ მივიღე შემოთავაზება VIP კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე, შემდეგ ისევ პრაღაში დავბრუნდი და ბიზნეს-ქსელის, Luxury Network-ის ლიცენზია ავიღე. ესაა მარკეტინგისა და ბიზნესის წამყვანი ქსელი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ ბრენდებს შორის თანამშრომლობას ემსახურება. დღემდე გახლავართ ამ გაერთიანების ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი ჩეხეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ ამ ბიზნეს მოდელის აუცილებლობა საქართველოში მსოფლიო ტოპ ბრენდების გააქტიურებასთან ერთად გახდება საჭირო. მოგვიანებით ოქსფორდის უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო მიმართულება გავიარე: აღმასრულებელი განათლება მომავალი ლიდერებისა და ბიზნეს მფლობელებისთვის. იქ მიღებული განათლება უმნიშვნელოვანეს ბაზად იქცა ჩემს საქმიანობაში.

საქართველოში დაბრუნება რატომ მოგინდათ?

მე და ჩემს ძმას საქართველოს მიმართ ნოსტალგია სულ გვქონდა. სკოლის პერიოდში არდადეგებზე ჩამოვდიოდით ხოლმე ბებია-ბაბუებთან. მშობლებმა ჩვენში უდიდესი სიყვარული ჩადეს ქვეყნისადმი. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართული ენა გვცოდნოდა. ალბათ, ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ ერთხელაც მე და ჩემმა ძმამ ერთმანეთს ვუთხარით: მოდი, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენში განათლების სახით ჩადებული ინვესტიცია, მოვახმაროთ ჩვენს ხალხს. დედასთვის ეს ძალიან რთული იყო, მამამ მხარი დაგვიჭირა. საქართველოში სამი ჩემოდნით დავბრუნდით, არავის ვიცნობდით და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა სისულელედ გვითვლიდა ამ გადაწყვეტილებას.

„ტერმინალის“ გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?

პროფესიიდან გამომდინარე, მალევე დაგვჭირდა ადგილი, სადაც მუშაობას შევძლებდით. სახლში არარეალური იყო. ვიკითხეთ, სად იყო თბილისში საერთო სამუშაო სივრცე. გვიპასუხეს, რომ ასეთი რამ
აქ საერთოდ არ არსებობდა. იდეა, რომ თვითონ შეგვექმნა ასეთი სივრცე, ჩემს ძმას დაებადა და მეც ავყევი. ხორავას ქუჩაზე გავხსენით „ტერმინალის“ პირველი ფილიალი. ახლა ის ყველაზე მასშტაბური კომპანიაა რეგიონში ამ მიმართულებით. სივრცე 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავს და ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა ცენტრალურ აზიაში. თან ქართული ბრენდია. ბევრი საერთაშორისო ბრენდი ამ სფეროში უკვე გვცნობს. გარკვეული ხელწერაც გვაქვს. ხალხი ახალ სივრცეში შედის და ხვდება, რომ ეს ჩვენი გაკეთებულია. პირველ ეტაპზე რთულად მიიღო მომხმარებელმა სიახლე. გვიწევდა ამ სივრცის მნიშვნელობის დეტალურად ახსნა. შემდეგ ვინც სცადა და ასეთი შესაძლებლობის ეფექტურობაში დარწმუნდა, ჩვენი მუდმივი სტუმარი გახდა.

სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოში დაბრუნება?

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კი. თუმცა, ამავე დროს, ძალიან რთული იყო. გვინდოდა თუ რამეს გავაკეთებდით, მართლა ძალიან კარგად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა. ეს იყო მთავარი მოტივაცია, რომელიც დღემდე გადამწყვეტ პირობად რჩება საქმეში.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ოდესმე საქმეში რაიმე პრობლემას ან წინააღმდეგობას ხომ არ შეხვედრიხართ იმის გამო, რომ ქალი ხართ?

საქართველოში რომ დავბრუნდი, სექსიზმის თემას მაშინ შევეჯახე. მანამდე სადაც მიმუშავია, შეიძლება ვინმეს ჰქონდა კიდეც მსგავსი ბარიერი, მაგრამ ნამდვილად არასდროს მიგრძვნია. ყველა შედეგზე იყო ორიენტირებული. თუ ამ შედეგს აჩვენებ, არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. 5 წლის წინ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა მე და ჩემი ძმა რაიმე შეხვედრაზე მივდიოდით, ფაქტობრივად, გამოწვევა ხდებოდა ის, რომ თანამოსაუბრე მამაკაცის ყურადღება მიმექცია. მხოლოდ ჩემს ძმას ელაპარაკებოდნენ, მე თითქოს აქსესუარი ვიყავი.

ამის გამო პროტესტის გრძნობა გქონდათ?

მე ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და მსგავს რამეს მშვიდად ვერასდროს მივიღებ. ჩემი ძმა გაცილებით რბილი და გაწონასწორებულია, ჩემთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება და ჩვენება, რომ ასე არ შეიძლება. ზოგადად, ძალიან მადლობელი ვარ მშობლების, რომ ჩვენში სწორი ღირებულებები ჩადეს. არანაირი გასხვავება ეთნიკური, გენდერული თუ რელიგიური კუთხით ჩვენთვის არ არსებობდა. ოჯახში მე და ჩემი ძმა აბსოლუტურად თანასწორი უფლებებით ვიზრდებოდით და არასდროს არავინ გვანსხვავებდა. მაგალითად, როცა მამას ეუბნებოდნენ, 16 წლის ასაკში ქართველ გოგოს საზღვარგარეთ როგორ უშვებო, მას მხოლოდ ეღიმებოდა.

რა სჭირდება სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენელს?

მე ვოცნებობდი, ერთ დღეს საკუთარი სასტუმრო მქონოდა და იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე აბსოლუტურად ყველა საფეხური უნდა გამევლო. სტუდენტობისას ხახვსა და ნიორს ვფცქვნიდი და შეფს ვაწვდიდი. ეს საქმეც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იქ სხვა სტუდენტებიც იყვნენ, რომლებიც მეკითხებოდნენ, ამას რატომ აკეთებ, ჩვენ ხომ ფულს ამაში არ ვიხდითო. მაგრამ მე თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ესაა პრაქტიკა, ესაა დროებითი; რომ მოცემული მომენტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. სამომავლოდ სწორედ ეს გავლილი გზა და გამოცდილება მოგიპოვებს პატივისცემას გუნდში. ინტერესიანი უნდა იყო, ადამიანები უნდა გიყვარდეს. მე მჯერა, რომ ვერანაირი ტექნოლოგია, ინოვაცია, ვერანაირი რობოტი ამ სფეროში ვერ შეცვლის ადამიანებს. როგორც რესტორანში, ისე სასტუმროში იმისთვის მივდივართ, რომ იქიდან, პირველ რიგში, მოგონებები წამოვიღოთ. ადამიანურ ურთიერთობებს ჩვენს სფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მკაცრი ხართ საქმეში?

ძალიან მომთხოვნი ვარ. თუმცა, ათჯერ უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. დიდ დროს დავხარჯავ და დეტალურად ავუხსნი ადამიანს, რა შენიშვნა მაქვს მის მიმართ. მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რატომ აკეთებს ან რატომ არ აკეთებს რამეს. შენს სახეს შენი თანამშრომლები განსაზღვრავენ. ისინი თუ არ არიან ბედნიერები, შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც არ უნდა მაგარ მენეჯერად მიგაჩნდეს თავი, თუ შენი ნებისმიერი თანამშრომელი ვერ გრძნობს შენს თანადგომას, არაფერი გამოვა. კომპანიაში თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის ჩემთვის კი არ მუშაობს, ჩემთან ერთად მუშაობს.

რას აფასებთ ადამიანში, რა გიჩენთ მისი მხარდაჭერის სურვილს?

ერთგულება და საქმის მიმართ ინტერესი, ენთუზიაზმი. თუ მას პოტენციალი აქვს, თვალები უბრწყინავს, საათს არ უყურებს, დანარჩენს თვითონ ვასწავლი. ჩემთვის გადამწყვეტი საერთოდ არაა მისი გამოცდილება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახალ პროექტს ვიწყებთ. ეს იქნება სტუმარმასპინძლობის აკადემია, სახელწოდებით „Le Hotelier.“ ამ აკადემიაში არ იქნება არც პროფესიული განათლების, არც გამოცდილების, არც ენების ცოდნის მოთხოვნა. მთლიანად უნარებზე ვიქნებით ორიენტირებული. პირველი სამი მიმართულება, რაც უკვე ვიცი, რომ გვექნება, ესაა: მიმტანი, ბარმენი, მიმღების და დალაგების სერვისის თანამშრომელი. ნელ-ნელა სხვა მიმართულებებსაც დავამატებთ. ყველას ექნება სწავლის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს სტუდენტი, რომელსაც თავისი ჯიბის ფული უნდა; ან ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს ამ ინდუსტრიაში შევიდეს და კარიერა გაიკეთოს. გვექნება მასტერკლასები, გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული მეცადინეობა. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ძალიან მზარდია. რაც მეტი ასეთი აკადემია იქნება, მით უკეთესი. უამრავი რესტორანი და სასტუმრო იხსნება და კვალიფიციური კადრი სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება.