ჟურნალისტი, IERI Store-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დირექტორი და ახალბედა კურატორი ნათელა ფოცხვერია უკვე 15 წელზე მეტია, რაც მოდის სფეროში საქმიანობს.
მაისში Forbes Woman Georgia-თან თანამშრომლობით მან წარადგინა საგამოფენო პროექტი სახელწოდებით “Georgian Infusion”, რომელიც IERI Store-ის პატრონაჟით შეიქმნა. ნათელა ამ პროექტზე შვიდი წელი საიდუმლოდ მუშაობდა. დღეს კი მზად არის გაგვიზიაროს მეტი დეტალი ამ პროექტის შესახებ.
პირველი ნაწილი, სადაც ოცნება იბადება
„ბოლო 15 წლის მანძილზე მოდის ჩვენებების ყურებისას, ზედაპირის მიღმა სიღრმეში არსებული „შრეების“ აქერცვლა და პარალელების ძიება ჩემი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი იყო. ერთხელაც Marc Jacobsის 2012 წლის შემოდგომის კოლექციას გადავაწყდი. ჯეიკობსის მოდელებს პილიგრიმების ფეხსაცმელები ეცვათ. ველური ვიზუალის ტანისამოსის შთაგონების წყარო, როგორც თავად დიზაინერმა განმარტა, იყვნენ ისეთი საკულტო ფიგურები, როგორებიც არიან ანნა პიაჯი და ლინ იეგერი: მოდის ექსცენტრიკოსები და mash-up ხელოვანები.
ჩვენების მთავარ შთაგონებად მე რა დავინახე? არა პიაჯი, არამედ ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი ‒ ფუფალა, თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯეიკობს ნანახი აქვს ეს ფილმი, მაგრამ ვინ იცის ნანახი რომ ჰქონოდა რა იქნებოდა კოლექციის ვიზუალური კონცეფციის დაფაზე (მუდბორდზე). მას შემდეგ გავხდი შეპყრობილი, მეპოვნა მოდის სამყაროს გენიოსების მიერ წარდგენილ ნამუშევრებსა და ჩემთვის ძვირიფასი საქართველოს კულტურას შორის მსგავსებები. ამ მსგავსებების პოვნამაც არ დააყოვნეს. ვიპოვე Chanel-ისთვის კარლ ლაგერფილდის მიერ 2009 წელს შექმნილი მშვენიერი კოლექცია „პარიზი-მოსკოვი“/ “Paris-Moscow”. ჩვენება გაიხსნა შავ-თეთრი მუნჯური კინო-სკეტჩით, რომელშიც კარლ ლაგერფილდის მეგობრები მონაწილეობდნენ და მოგვითხრობდა 1910-1920 წლებში რუს-პარიზელ ემიგრანტთა საზოგადოებასთან კოკო შანელის ფლირტის ამბავს. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, შესაბამისად, მოდის სახლისთვის მუშაობდნენ ქართული წარმოშობის ცნობილი მოდელები, მაგ., როგორიც იყო მერი ერისთავი. ლაგერფილდსაც არ შეეძლო ამ ფაქტის უგულებელყოფა და მათ სათანადო პატივი მიაგო. ის ჩოხის ელემენტები, რომლებიც ამშვენებდა კოლექციაში წარდგენილი სამოსის ნაწილს, ნამდვილად შთაგონებულია კოკოს ცხოვრებაში არსებული ქართული ნაკვალევით. შემდეგ შემომხვდა John Galliano-ს 2009 წლის შემოდგომის ready-to-wear ჩვენება, რომლის ინსპირაციაც ბალკანისა და კავკასიის რეგიონის ფოლკლორი იყო, სადაც ვიპოვე მსგავსებები ჩიხტიკოპსა და ქართული სამოსის სხვა ელემენტებთან.
ჩემ მიერ შეგროვებული მსგავსებების კოლექცია ორმოცდაათზე მეტი ნიმუშისგან შედგება, რომელთა შორისაა Etro-ს 2014 წლის შემოდგომის ჩვენება, შთაგონებული აბრეშუმის გზით და იმ ერების ორნამენტებით, რომლებიც ამ მარშრუტის გასწვრივ ცხოვრობდნენ ‒ მათ შორის ხევსურებისაც, ასევე Simone Rochas შექმნილი ულამაზესი, ჩოხის მსგავსი ნამუშევრებით.
ჩემი კვლევა ისეთ ცნობილ ქართველებზეც გავაფართოვე, რომლებმაც გავლენა იქონიეს მსოფლიოს მასშტაბით მოდის ინდუსტრიაზე. უკვე ვახსენე მერი ერისთავი, მაგრამ ასევე იყვნენ სხვა გავლენიანი ქართველებიც, მაგალითად, ჯორჯ ბალანჩინი, რომელმაც ითანამშრომლა VanCleef&Arpels-თან ბალეტისთვის “Jewels”, ილია ზდანევიჩი, რომელმაც შექმნა შანელის ორნამენტები და გიორგი მაჩაბელი, სუნამოების შემქმნელი და ცნობადი სახე პარიზსა და ნიუ-იორკში. როდესაც ჩემმა კვლევამ 100 გვერდს გადააჭარბა, გადავწყვიტე წიგნის გამოცემა.
მაგრამ ოცნების ასრულებას გამბედაობა სჭირდება, რაც მე მაშინ არ გამაჩნდა. მოგვიანებით მეტროპოლიტენის მუზეუმში გამოფენას “China Through the Looking Glass”-ს ვათვალიერებდი. „ასე მინდა გამოვიყენო ჩემი კვლევა, შევქმნა და საქართველოს მივუძღვნა რაიმე, რაც იქნება ამდენად დიდი“. ასე დაიბადა ჩემი დიდი ოცნება, მაგრამ პროექტი დიდი ხნით გადაიდო ‒ 2022 წლის შემოდგომამდე, როდესაც მე საბოლოოდ გადავწყვიტე, მემოქმედა და მეპოვა კურატორი და სასცენო დიზაინერი“, – ნათელა ფოცხვერია.
მეორე ნაწილი, სადაც ოცნება კრისტალიზდება
„მივწერე ანია მარტინჩენკოს, რომლის ნამუშევრებსაც მრავალი წელია თვალს ვადევნებ. ანია სასცენო დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელია, იგი 2003-დან 2008 წლამდე მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, სადაც, გარდა სეზონური კოლექციების წარდგენის დროს იყო გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი. ამასთან, ანია თანამშრომლობს ევროპისა და აზიის სამუზეუმო დაწესებულებებთან. მის მიერ შემუშავებულ მოდის გამოფენებს შორისაა Maison Martin Margiela-ს რეტროსპექტივის გამოფენა: “Margiela/ Galliera, 1989-2009” Palais Galliera-ში. მიღმა ამისა, ანია თანამშრომლობს ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებთან, როგორიცაა Hermes და J.M Weston, სადაც ის მუშაობს სივრცეებისა და სპეციალური ღონისძიებების სცენოგრაფიაზე.
ანია დამპირდა, რომ აჩვენებდა ჩემს პროექტს თავის კოლეგას, ოლივიე სეილარდს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოდის კურატორს. ოლივიეს დროის უქონლობის გამო, ანიამ დამაკავშირა მის „მარჯვენა ხელს“ ‒ გაელ მამინს, რომელიც იყო Balenciaga-ს მემკვიდრეობის და Pierre Bergé-Yves Saint Laurent Foundation-ის კოლექციების ხელმძღვანელი. ის ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ისეთი მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორია, როგორიცაა “Cristóbal Balenciaga, collectionneur de modes” ან “Madame Grès, L’Art du tailleur”. გაელი მუდამ თან ახლავს ოლივიეს და ქმნის არტისტულ პერფორმანსებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებულია Embodying Pasolini ტილდა სვინტონთან ერთად. დღესდღეობით გაელი მუშაობს საგამოფენო პროექტზე და იყენებს, აზედინ ალაიას კუთვნილ 20 000- ზე მეტ ნამუშევარს.
მოდის კვირეულისთვის ანია და გაელი თბილისში მოვიწვიე. დავესწარით რამდენიმე ჩვენებას, ვაწარმოვეთ დიდი კვლევა ტრადიციულ სამოსთან დაკავშირებით და შევქმენით, რასაც ახლა ვუწოდებთ, გამოფენის საბოლოო კონცეფცია, რის წარდგენასაც 2025 წლის აპრილში ვგეგმავთ. თემატიკის საფუძველი იქნება ქართული ნაციონალური ტანისამოსისა და მემკვიდრეობის ანბანი ‒ ანტიკური სამკაულიდან მოყოლებული, ტრადიციული კოსტიუმებითა და იმ ქართული შთაგონების ფენებით (layers) დასრულებული, რომლებსაც ვხვდებით გამოჩენილი დიზაინერების კოლექციებში. ამას გარდა, გამოფენა მოიცავს ისეთ სატელიტურ თემებსაც, როგორიცაა: საშემსრულებლო ხელოვნება, თეატრი, ბალეტი და ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებიც, მაგალითად: კინო, მხატვრობა და ფოტოგრაფია. ენჯელ პარტნიორებისა და სპონსორების ძიებაში, ჩვენ გამოფენისთვის ვქმნით ახალ ისტორიებს ‒ საბალეტო დადგმების „თამარი“ და „შოთა რუსთაველის“ რეკონსტრუქციითა და საქართველოში იმ მოდისა და სამკაულის ნიმუშების ჩამოტანით, რომლის ინსპირაციაც ქართული მემკვიდრეობაა: მაგ. Cartier-ს კოლექცია, სახელწოდებით “Golden Fleece” ან სალვადორ დალის ნახატი, პრინც არჩილ გურიელი ჭყონიას პორტრეტი.
დღეს ჩვენი საგამოფენო ექსპონატები მოიცავს ასზე მეტ ამბავს და ვიმედოვნებთ, რამდენიმე ქალაქის მთავარი საგამოფენო სივრცეების ჩართულობით, თანამშრომლობითა და ნამუშევრების დროებით ჩამოტანით ისეთი მუზეუმებისგან და მოდის სახლებისგან, როგორებიცაა: Victoria And Albert Museum ლონდონში, Metropolitan Museum ნიუ-იორკში, Salvador Dali Foundation და ბრენდებისგან, როგორიცაა Cartier, Chanel, Dior, Etro, Antonio Marras, Balenciaga, David Koma და სხვა, შევქმნით ნამდვილ „ბლოკბასტერს“, რომელიც გაამძაფრებს ქართული ფესვებით სიამაყის შეგრძნებას“ – ნათელა ფოცხვერია.
მესამე ნაწილი, სადაც ოცნება ცხადდება
ამბობენ, იოცნებე, იმოქმედე და აგიხდებაო. ნათელას შემთხვევაში, მისი პირველი ნაბიჯი პროექტის თბილისში წარდგენა და სამომავლო გეგმების დაანონსება იყო.
მაისის დასაწყისში მოდით დაინტერესებული საზოგადოება Tbilisi Marriott-ში შეიკრიბა. ასზე მეტმა სტუმარმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევა“. IERI Concept Store-ის დაარსების ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას IERI Store-მა Forbes Woman Georgia-სთან ერთად, TBC Concept-ისა და TBC Wealth Management-ის მხარდაჭერითა და „ზარაფხანასთან“ თანამშრომლობით უმასპინძლა.
როგორც თავად მემკვიდრეობის სიმბოლო, ლოკაციად Tbilisi Marriott შეირჩა. სასტუმროს დიზაინი 1911 წელს ალექსანდრ ოზეროვმა შექმნა, ხოლო მოგვიანებით გარდაქმნა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა მიხეილ არამიანცის დავალებით. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა და დაერქვა Hotel Majestic, მაგრამ სანამ ფართო საზოგადოებისთვის კარების გაღება იქნებოდა შესაძლებელი, პირველი მსოფლიო ომის დროს 1915-1917 წლებში, სასტუმროში განთავსებული იყო სამხედრო საავადმყოფო. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი შენობა გადაეცა პროფკავშირებს. პირველი სართული მრავალი დანიშნულების მატარებელი იყო, ტიპოგრაფია და მაღაზიები იყო განთავსებული, ხოლო სარდაფი კინოთეატრად გადაკეთდა. 1939 წელს კი, სასტუმრო თბილისის სახელით განახლებულ შენობას, პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა და მას სახელმწიფო ტურისტული სააგენტო, „ინტურისტი“, მართავდა. 1991-1992 წლების გადატრიალების დროს, როგორც პრელუდია სამოქალაქო ომისა, სასტუმრო ხანძრის შედეგად მძიმედ დაზიანდა, რის შემდეგაც მოხდა მისი რეკონსტრუქცია. 2002 წლის 26 სექტემბერს კი ამ შენობაში სასტუმრო Tbilisi Marriott გაიხსნა.
რა თქმა უნდა, ღონისძიების პარტნიორებისთვის “Turning Heritage Into a Brand”-ის შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია. Tbilisi Marriott-ში მიაჩნიათ, რომ: „მარიოტის, როგორც ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ყოველთვის მემკვიდრეობის შენარჩუნება იყო. Marriott International, როგორც საერთაშორისო ბრენდი და თბილისი მარიოტი, როგორც ცალკეული სასტუმრო, ყველაზე მეტად თავისი მრავალწლიანი ისტორიითა და ამ დროის განმავლობაში შექმნილი ბრენდის სახელით გამოირჩევა. თანამედროვეობასთან შერწყმის დროსაც კი მემკვიდრეობით გადმოცემული ღირებულებების შენარჩუნება ფაქიზად, სიფრთხილით ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი Marriott-ისთვის “Turning Heritage Into a Brand”-ის მხარდაჭერა“. – აცხადებს Tbilisi Marriott-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ანა ჩეჩელაშვილი.
„ზარაფხანას საიუველირო სახლი 1939 წლიდან მის სამკაულებში აცოცხლებს საქართველოს ეროვნული საგანძურის ისეთ ასპექტებს, რომლებიც მივიწყებულია ან შემორჩენილია მხოლოდ იმ სახით, როგორც ის კულტურული მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი ბრენდის კონცეფციის დიდი ნაწილი მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მისი ბრენდის ნაწილად გარდასახვას ეთმობა.
ზარაფხანისთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა ასეული ან ათასწლეული კულტურული მემკვიდრეობის ახალი ფორმით გაცოცხლება და ეროვნულობის გამოხატულება კოლექციებში, რომელიც დაკავშირებულია უდიდეს შრომასთან, თუმცა როდესაც შედეგი დგება, მომხმარებელთა კმაყოფილება და აღფრთოვანება მთლიან შრომას ფარავს.
ქართული საოქრომჭედლო ტრადიციების დაცვითა და ტრადიციასთან შერწყმული ინოვაციური ხედვით შექმნილი გვაქვს კოლექციები: კოლხური ლეგენდა, ეკატერინე ჭავჭავაძე, მცხეთა, თამარ მეფე. გასულ წელს სწორედ ეროვნულ მოტივებზე და საოქრომჭედლო ხელოვნების მაღალ დონეზე შექმნილი ახალი კოლექცია „სამოსი“ წარვადგინეთ, რომელიც ინსპირაციას ქართველი მეფეებისა და დედოფლების ძვირფასი სამოსიდან იღებს.
კოლექცია უმაღლესი ხარისხის ოქროს, ცივი მინანქრისა და ბუნებრივი ქვების კომბინაციით გადმოსცემს სამეფო ქსოვილის დახვეწილ ესთეტიკას. გამორჩეული დიზაინის მქონე სამკაული ოსტატურად იმეორებს დიდგვაროვანთა სამოსის ორნამენტებსა და ფერებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ზარაფხანას“ იუველირების პროფესიონალიზმსა და მრავალწლიან გამოცდილებას.
ისტორიული ქსოვილის სიმბოლოების სამკაულში გადმოტანით „ზარაფხანა“ უნივერსალურად ხელშესახებს ხდის ქართული კულტურის სიდიადესა და საუკუნეების წინანდელ მეფე-დედოფლების საამაყო ისტორიას.
ღონისძიებაში “Turning Heritage Into a Brand” ჩართულობა, ჩვენთვის ნიშნავს თანამოაზრეების მხარდაჭერას, რომლებიც იზიარებენ იგივე ღირებულებებს და ზარაფხანას საიუველირო სახლის ერთგულებას აღნიშნული კონცეფციისადმი“, – ზარაფხანას აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე.
სპიკერთა სია სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ზემოხსენებული ანია და გაელი პარიზიდან ჩამოვიდნენ, ხოლო ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ IERI Store-ის დამფუძნებელი და ლაქშერი მენეჯმენტის სპეციალისტი სოფია გუგუბერიძე, რომელიც ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს თბილისში და ნატალია შელეგია, კომუნიკაციების ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კულტურული მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, დიდი გამოცდილებით კულტურულ მარკეტინგში. ამ დისკუსიის მოდერატორი კი თავად ნათელია ფოცხვერია იყო.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ბიზნესის მხარესა და კულტურული მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევის უპირატესობებს, კულტურათაშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობას და იმ გავლენას, რომელიც ქართულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ იქონია ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
„გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. სანამ საბოლოო დასტურს არ მივიღებ და ხელს არ მოვაწერ წერილობით შეთანხმებას გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მანამდე არ უნდა გავანდო არავის ეს საიდუმლო. თუმცა მაინც მინდა, რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც სჯერა Georgian Infusion-ის და ჩართულია ამ პროექტში.
და თუკი ასტეროიდი დაეცემა დედამიწას და ჩვენი პროექტი ვერ შედგა, არასოდეს არ დავივიწყებ იმ სულისკვეთებას და აღტყინებას, რომელიც ჩემმა გუნდმა და IERI Store-მა გამოცადა“ „მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევაზე“ მუშაობისას“, – ნათელა ფოცხვერია.