ქალი საავიაციო ხელისუფლების სათავეში | ინტერვიუ ნათია თურნავასთან

ქვეყანა, სადაც 50-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს და ყოველწლიურად ვიზიტორების რიცხვი მილიონით იზრდება; 3 საერთაშორისო და ორი რეგიონალური აეროპორტი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სასტარტო ძლიერ პოზიციებს იკავებდა აეროპორტების განვითარების მიმართულებით. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, პროგრესული მარეგულირებელი ფუნქციით, და საქაერონავიგაცია წარმოადგენს სახელმწიფოს საავიაციო ინსტიტუციებს, რომელიც ქართული სამოქალაქო ავიაციის ჯაჭვს ქმნის.

ავიაცია სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დარგია, რომელიც ტურიზმთან ერთად ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ერთერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური საყრდენიც გახდა.

სფერო, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნებს, მილიონობით ადამიანს, კულტურას, ხელს უწყობს მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებას, ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს და ამასთანავე, არის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდ 19 პანდემიამ მთელი მოცულობით გააჩერა.

ქალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უმაღლეს ხელისუფლებას უდგას სათავეში – გახლავთ ნათია თურნავა. ის უდგას სათავეში დარგს, რომლის რესტარტს მსხვილი, საშუალო თუ მცირე ბინზესის ყველა წარმომადგენელი და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდება.

ფოტო: საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ფორბს ვუმენის ავიაკომუნიკატორს საავიაციო ინდუსტრიის დარგის მნიშვნელობის, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობასა და თანამშრომლობის შესახებ ხედვებზე, ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის მექანიზმებზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უმაღლესი ხელისუფალი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა უზიარებს.

კოვიდამდე

მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც გაკეთდა კოვიდამდე. არ მინდა გავყო ჩვენი ცხოვრება და პოლიტიკა კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ, თუმცა, ფაქტიურად ასეც გამოდის, რომ მკაფიოდ შეიცვალა პრიორიტეტები კოვიდ ეპიდემიის დროს.

თუ აქამდე ორიენტირებულები ვიყავით ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და ცის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, კოვიდის დროს მოგვიწია საპირისპირო ქმედებების განხორციელება, დროებითი ზომების მიღება და საზღვრების ჩაკეტვა ეპიდემიის სამართავად.

საქართველოში, „ღია ცის“ პოლიტიკის დანერგვის შედეგად ქვეყანას აქვს საავიაციო შეთანხმება “Common Aviation Agreement” ევროკავშირის ქვეყნებთან და ამასთანავე, პირდაპირი ხელშეკრულებები სხვა ბევრ სახელმწიფოსთან. ქვეყანაში ოპერირებს 50-ზე მეტი ავიაკომპანია. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის დამსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც მოგვენიჭა 2017 წელს. ავიაცია ტურიზმის განვითარების ანარეკლია ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, იმიტომ რომ ავიაციის მამოძრავებელი ფაქტორი საქართველოში იყო და იქნება ტურისტული ინდუსტრია და ის სწრაფი ზრდა, რაც ფიქსირდებოდა ტურიზმში საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, თუ ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ ხშირი მგზავრობების კუთხით, ესეც ერთ-ერთი წინაპირობა იყო და მომავალშიც იქნება ავიაციის წარმატებისა.

ჩაკეტვა – პანდემიის დასაძლევად

გლობალური პანდემიის წინაშე ეკონომიკური კრიზისია და კონკრეტულ დარგებს მეტი სირთულე აქვთ, ვიდრე რომელიმე სხვა დარგს. ბიზნეს სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ავიაცია, სამგზავრო მოძრაობა პრაქტიკულად, მძიმე დროს განიცდის. გაჩერდა. უფრო მეტმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაკეტილიყო, იმისთვის რომ დაეცვა საკუთარი საზოგადოება და საზღვრები. ახლა კოვიდის შემდეგ, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა ხდება, მაგრამ აქაც სხვა წესებია, ადამიანებიც ისე მარტივად აღარ იღებენ გადაწყვეტილებებს მოგზაურობაზე, რისკები ჯერ კიდევ არსებობს და პანდემია არ არის დაძლეული. გარდა ამისა, ამოქმედდა საავიაციო უსაფრთხოების ორგანიზაციების ახალი პროტოკოლები. IATA და ICAO-მ ერთ-ერთმა პირველებმა გამოაქვეყნეს რეგულაციები და იქ არის გარკვეული მოთხოვნები, რაც ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დასანერგად დამატებითი ხარჯები უნდა გაწიოს საავიაციო სექტორმა.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივა

ჩვენი საავიაციო სტრატეგიული ნაბიჯები და მოქმედებები, ბოლო წლებში, ორიენტირებული იყო დაბალბიუჯეტიანი, ხელმისაწვდომი ავიაკომპანიების შემოყვანაზე. 2019 წელს შემოვიყვანეთ ავიაკომპანია Ryanair, რომელიც არის ერთ-ერთი გიგანტი მსოფლიო დაბალბიუჯეტიან გადაზიდვებში. Wizzair, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში, ფაქტიურად, გაასამმაგა გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა საქართველოში პირდაპირი მიმართულებებით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ახლა გეგმების რევიზია და გადახედვა მიმდინარეობს. კარგია, რომ ორივე ტიპის ავიაკომპანია გვყავს, ჩვენ ახლა ნულიდან არ გვიწევს მათთან მუშაობის დაწყება, რამეთუ ახლა არ არის კარგი პერიოდი ახალი მიმართულებების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად. ის კომპანიები, რომლებიც აქამდე დაფრინავდნენ, ვინც გვიცნობს, რეგულაციები გვაქვს შესრულებული, ნებართვები მინიჭებული, ისინი შედარებით სწრაფად აღადგენენ პირდაპირ ფრენებს. ამას მოწმობს ის, რომ ჯერ კიდევ საგანგებო ვითარებაში 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ მოგვმართა და გამოთქვა სურვილი, რომ აღადგინოს ფრენები, თავიდანვე არა 100 პროცენტიანი მასშტაბით, იმიტომ რომ დატვირთულობის კოეფიციენტი არ იქნება ისეთი მაღალი, მაგრამ საკმაოდ ინტენსიურად.

ფოტო: საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საავიაციო პოლიტიკა

მთელი ჩვენი პოლიტიკა ავიაციაში არის კერძო და საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული. დავიწყოთ იმით, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები ეკუთვნის სახელმწიფოს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გრძელვადიანი მენეჯმენტის კონტრაქტით გადაცემული აქვს კომპანია TAV-ს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი პირდაპირ სახელმწიფოს მენეჯმეტის ქვეშ არის.

მეორე მიმართულება კერძო-საჯარო პარტნიორობისა არის ახალი ავიამიმართულებების განვითარება და შესაბამისად, ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერა. ეს არის გზა, თუ როგორ ინაწილებს სახელმწიფო გარკვეულ დანახარჯებს კომპანიებთან. ჩვენ აქამდე ამ მეთოდს დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან მიმართებაში ვიყენებდით. ბევრი ევროპული ქვეყანაც იგივეს აკეთებს და ეს პრაქტიკა ახლა გაფართოვდება.

როდესაც მსოფლიოში კოვიდის პანდემია მძვინვარებდა, რეპატრიაციული ფრენების განხორციელება, რასაც ჰქვია ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება საქართველოში, მოხდა ორგანიზებულად, ჩვენი ჩართულობითაც, მაგრამ ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა და პარტნიორმა ავიასაწარმოებმა მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილიც შეიტანეს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

როგორ პასუხობს მთავრობა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს

მე მომხრე ვარ, რომ დარგის სტიმულირებისა და მარკეტინგული მხარდაჭერის პოლიტიკა გავრცელდეს ყველა ავიაკომპანიაზე, რომელიც საავიაციო ხელისუფლების შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, რასაკვირველია, მათ შორის ეროვნულ ავიაკომპანიებზეც. რეალობამ გვიჩვენა, რომ კრიზისული ვითარებისას უცხოური ავიაკომპანიები თავის ქვეყნის რეგულაციებიდან და კორპორაციული პოლიტიკიდან გამომდინარე მოქმედებენ. ეროვნული ავიაგადამყვანი ავიაკომპანია სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უნარი აქვს შეუფერხებლად იმუშაოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

საავიაციო პოლიტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ აეროპორტების ინფრასტრუქტურა იყოს მდგრადი.

საქართველო პატარა ქვეყანაა, 3 საერთაშორისო აეროპორტი სავსებით საკმარისია ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ვიდრე არ დავინახავთ რამდენ ხანში აღდგება ტურიზმის ინდუსტრია და როგორ განვითარდება მოვლენები.

აეროპორტები არსებულ პროფილს შეინარჩუნებენ.

მთლიანობაში, ქუთაისის აეროპორტი რჩება დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის ოპერირების პუნქტად. 

ამ ეტაპზე შენელდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თუმცა ქუთაისში ახალი ტერმინალის მშენებლობა აუცილებლად განახლდება, რადგან მომავალში ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული ნაკადების მისაღებად აუცილებელია გაფართოების პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, გაფართოების შეთანხმებული გეგმა ტავის მიერ განხორციელდება. ეს პერიოდი დაეთმობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეუფერხებელ განხორციელებას. ეს არის ახლა კიდევ უფრო აქტუალური, ვიდრე კოვიდამდე იყო.

ჩვენს აეროპორტებს აქვს ყველა პერსპექტივა, რომ უპასუხოს ჯანდაცვის მსოფლიო დაწესებულებების ყველაზე მაღალი დონის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს. ამ მხრივ რეგიონში წამყვანი პოზიციები გვიჭირავს, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო ავიაციის რუკაზე ჩვენი ქვეყნის დასაპოზიციონირებლად.

ფოტო: საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მსოფლიომ მეტად უნდა გაგვიცნოს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მაღალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზეა გათვლილი და გააგრძელებს განვითარებას, როგორც ლეგასი აეროპორტი.

თუმცა, გასულ წელს Ryanair თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოვიდა.

ეს იყო გარკვეული კომპრომისი. Ryanair-ის შემოსვლა არ არის მხოლოდ მგზავრების შემოყვანის შესაძლებლობა, ეს არის გავლენიანი ბრენდი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. რაინეარი თავისი მილიარდობით ადამიანზე წვდომის შესაძლებლობებით არის ძალიან კარგი ბერკეტი საქართველოსთვის,
როგორც ტურისტული მიმართულებით, მსოფლიოსთვის გასაცნობად.

მეტი ძალისხმევა კრიზისის დასაძლევად

არსებული კრიზისის ფონზე, მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ყველამ – სახელმწიფომ, აეროპორტების მმართველმა კომპანიებმა იმისთვის, რომ აღადგინონ ავია მიმოსვლა, მოიზიდონ ავიახაზები, გაზარდონ სიხშირეები, დაამატონ ავია მიმართულებები. პოსტ კოვიდურ ეტაპზე ეს უფრო რთული იქნება. თითოეულ დამატებით ახალ ფრენაზე და დამატებით მგზავრებზე უნდა ამუშავდეს სოლიდური მხარდაჭერის პაკეტი. არა მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ეს, ჩვენ ჩართულობას არ გავურბივართ და პირიქით, გავაძლიერებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

TAV-თან ადრეც მიმდინარეობდა და ახლა უფრო აქტიურად წარიმართება მოლაპარაკებები. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს მეტი საპრომოციო და მხარდაჭერის სტიმულირების პაკეტების მომზადებაზე. დღესდღეობით, მათი კომერციული ინტერესიც იქნება, აეროპორტის შემოსავალი ფრენებზეა დამოკიდებული. ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა ერთმანეთს უნდა შეუწყონ ხელი, სახელმწიფო კი ორივეს შეუწყობს ხელს.

ინიციატივები საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შექმნის შესახებ, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ქვეყნის საერთაშორისო საავიაციო პოლიტიკაზე.

დღეს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ არსებული ავიამიმართულებების აღდგენის პოლიტიკას და ეპიდ სიტუაციის მიხედვით მხარს ვუჭერთ ავიაკომპანიების ბაზარზე დაბრუნებას. ავიაცია სპეციფიკური დარგია. ბიზნეს მოდელი, რომლითაც ახალი ინიციატივები შემოდის, უნდა იყოს მდგრადი, რადგან არ არის ბოლომდე გასაგები გლობალური ავიაციის განვითარების ტენდენციები, რა და როგორ იქნება. მეორე მხრივ, მგზავრთა ავია ტრანსპორტირების ბაზარზე მოთხოვნაც მკვეთრად დაცემულია. დიდი გამოწვევა უდგათ არსებულ კომპანიებს თუ როგორ მოხდება მათი მდგრადობის აღდგენა.

ჩვენ დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ავიაციის ტენდენციებზე. მზად ვართ ვუმასპინძლოთ და ხელი შევუწყოთ ავიაკომპანიების შექმნას. ჩვენი მხრიდან არის სრული მოქნილობა. ნებისმიერი ბიზნეს მოდელის ავიაკომპანიაზე ვიქნებით მორგებული და მივესალმებით დასაბუთებულ ბიზნეს ინიციატივებს.