თურქეთი დაწესებული შეზღუდვების შერბილებას იწყებს | Covid-19

Photo credit to Reuters

პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი კოროვირუსით გამოწვეული შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას ორშაბათიდან დაიწყებს. ქვეყანაში 31-დან შვიდ პროვინციაში მოიხსნება სამგზავრო შეზღუდვები და აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა. ესენია ერზურუმი, აიდინი, ჰათაი, მალატია, მერსინი, ანთალია და მუღლა. გამონაკლის ქალაქებს წარმოადგენენ სტამბოლი, იზმირი და დედაქალაქი ანკარა.

შერბილდება დაწესებული კომენდანტის საათი მოხუცებისა და ახალგაზრდებისთვის და მომავალი უქმეებიდან, მათ კვირაში ერთხელ, ოთხი საათის გარეთ გატარების უფლება ექნებათ.

11 მაისიდან, ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები. ხოლო უნივერსიტეტები აკადემიურ კალენდარს 15 ივნისს დაუბრუნდებიან.

ერდოღანმა მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ “ნორმალიზების გეგმა” მოვლენების განვითარების გათვალისწინებით განხორციელდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, დასახელებული თარიღები შეიცვალოს. მან, ასევე, გააფრთხილა 83-მილიონიანი მოსახლეობა, რომ, თუკი მითითებები დაირღვევა და ვირუსის გავრცელება ხელახლა დაიწყება, მთავრობას ბევრად უფრო მკაცრი ზომებს მიღება მოუწევს.

საგანგებო მდგომარეობის ზომების მოხსნა სამი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პრეზიდენტი უკანაკსნელი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შენელებას ასახელებს.

მსოფლიოში COVID-19 ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გავრცელების შემდეგ, თურქეთმა განაცხადა, რომ ეპიდემიამ  11 მარტს დაფიქსირებული შემთხვევიდან ექვსი კვირის შემდეგ პიკს მიაღწია.

თურქეთში კორონავირუსი, დაახლოებით, 130 000 ადამიანს დაუდასტურდა, რაც დასავლეთ ევროპის, აშშ-სა და რუსეთის გარეთ ყველაზე დიდი რიცხვია. ანკარამ კონტროლის ზომები COVID-19-ით დაინფიცირებული პირველი პაციენტის გამოვლენისთანავე მიიღო: შეიზღუდა მგზავრობა ყველა დიდ ქალაქში; დაიხურა სკოლები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. მკაცრი იზოლაცია კი აპრილში დაიწყო და უქმეებსა და ეროვნულ დღესასწაულებს შეეხო.