ნინოს და თეას „ტურისტული ოჯახი“

ნინო და თეა წლებია მეგობრობენ, საერთო საქმე კი 9 წლის წინ წამოიწყეს. ტურიზმის ინდუსტრია მათთვის უცხო არც არასოდეს ყოფილა. ორივეს მეუღლეებს ამ სექტორთან მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ, ამიტომაც საერთო საქმედ ტურიზმი აირჩიეს, დააფუძნეს კომპანია “turi.ge” და ასე, პროფესიით სტომატოლოგი ნინო ავალიშვილი და თარჯიმან-რეფერენტი თეა ახობაძე 2010 წლიდან ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ იმაზე, თუ სად გავატაროთ დაუვიწყარი დღეები და მივიღოთ სიამოვნება მოგზაურობისგან.

„ძლიერი პარტნიორი ძლიერი კომპანიის საწყისია“, ‒ ასე გპასუხობენ ნინო და თეა, როცა მეგობართან ერთად ბიზნესის წამოწყების უპირატესობაზე ეკითხები. საქმეში როლები განაწილებული აქვთ, მაგრამ მთავარი მაინც შეხედულებებში თანხვედრა და უდიდესი ნდობაა, ეს უკანსაკნელი კი, საბოლოო ჯამში, ნინოს და თეას გადმოსახედიდან მათი კომპანიის წარმატების საწინდარიც გახდა.

საქართველოს ტურისტულ ბაზარზე 500-ზე მეტი კომპანია ოპერირებს, ეს ციფრი ნამდვილად აჩვენებს კონკურენციის მასშტაბებს და მეტყველებს იმაზეც, რომ აქ თავის დამკვიდრება მარტივი არ უნდა იყოს, თუმცა turi.ge-მ ეს შეძლო. კომპანიის მფლობელები ფიქრობენ, რომ შედეგი ხარისხიანი სერვისის, პროფესიონალიზმისა და მომხმარებელთა ნდობის ხარჯზე დაიდო. ხარისხიანი სერვისი კი კვალიფიციურ თანამშრომლებზე გადის, სწორედ ამიტომ, ნინო და თეა საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ და დამატებითი ცოდნის მისაღებად მათ საზღვარგარეთ აგზავნიან. „ბაზარზე ჩვენმა კომპანიამ სახელი სტაბილურობიდან გამომდინარე დაიმკვიდრა. ამასთან, წარმატების მიზეზად მივიჩნევთ ერთმანეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას და გუნდურ მუშაობას. turi.ge არის ერთი დიდი ოჯახი“.

ნინოს და თეას კომპანიამ დაარსების დღიდან ერთი კონკრეტული სეგმენტი აირჩია, ის რაც ქართველ მომხმარებელს ყველაზე მეტად უყვარს ‒ უღრუბლო ცა და ლაჟვარდოვანი ზღვა, ანუ თურქეთი, საბერძნეთი და ეგვიპტე. თუმცა, ცხადია, წლებთან ერთად ამ ტურისტული კომპანიის ასორტიმენტს არაერთი ევროპული ქვეყანა დაემატა, ახლა უკვე turi.ge მოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამოგზაურებს. პირველ ეტაპზე კომპანია ემსახურებოდა ტურისტებს და პარალელურად ტურისტულ სააგენტოებსაც ანუ ტურ-ოპერატორულ საქმიანობასაც აწარმოებდა. სამი წლის წინ კი კომპანიის დამფუძნებლებმა ეს ორი საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნეს და კიდევ ერთი კომპანია დააარსეს, ასე ბაზარზე ტურ-ოპერატორი „ნოვატური“ გაჩნდა.

რაც უფრო მეტად იხსნება საქართველოსთვის საზღვრები, რაც უფრო მარტივი ხდება მოგზაურობა, მით უფრო მეტად იზრდება მოთხოვნებიც, რაც ნინოს და თეას ძალიან მოსწონთ, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევსო ამბობენ. წლებია თურქეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი საქართველოდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებად რჩება, თუმცა ვიზალიბერალიზაციამ გაზარდა მოთხოვნა ევროპაზე, ამას როგორც turi.ge-ის დამფუძნებლები ამბობენ, ქართულ ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოსვლამაც შეუწყო ხელი. თუ ქართველები ყველაზე ხშირად ხმელთაშუა ზღვისკენ იწევენ, ჩვენს ქვეყანას ყველაზე ხშირად რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ისრაელიდან სტუმრობენ, ამას ოფიციალური სტატისტიკა ამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ახლა გაცილებით მეტი ადამიანი დადის სამოგზაუროდ, ვიდრე წლების წინ, ცხადია, სექტორში არაერთი გამოწვევა რჩება. ნინოს და თეას აზრით, ერთ-ერთი ასეთი ‒ კომპანიების ლიცენზირებაა. Turi.ge-ს დამფუძნებლები თვლიან, რომ აუცილებელი და საჭირო იყო ტურისტული კომპანიის გახსნისთვის ლიცენზიის მიღება, ეს, მათი გადმოსახედიდან, თავიდან აგვაცილებს იმ გაუგებრობებს, რაც, სამწუხაროდ, ახლავს ასეთი კომპანიების სწრაფად გახსნას და სწრაფადვე დახურვას, რაც საბოლოდ მომხმარებლებს აზარალებს. ამის პარალელურად ნინო და თეა ჩვენთან საუბარში მთავრობის მხრიდან კომპანიებისთვის ხელშეწყობის საჭიროებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლება, ძირითადად, შემომყვან ტურიზმს ეხმარება. „ძალიან ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვთ ადგილობრივ ტუროპერატორებს მთავრობისგან, რაც მათ ძალიან ეხმარება განვითარებაში. კარგი იქნება თუ ჩვენს ქვეყანაშიც იქნება რაიმე ტიპის ხელშეწყობა ამ მხრივ“.

ბიზნესის დაწყებიდან 9 წლის თავზე ნინოს და თეას, ცხადია, უკვე აქვთ წარმატების მიღწევის მათეული რეცეპტი: სწორად შერჩეული საქმე, რომელიც გიყვარს და გაინტერესებს; მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, რათა არ ჩამორჩე თანამედროვეობას; დროის სწორად განაწილება კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის.

ქართულ რეალობაში ბიზნესის განვითარება ძნელი წარმოსადგენია ფინანსური ინსტიტუტის თანამდგომისა და მხარდაჭერის გარეშე. turi.ge-სა და „ნოვატურის“ დამფუძნებლებისთვის ასეთი „საქართველოს ბანკია“. ნინო და თეა განსაკუთრებულ ყურადღებას „საქართველოს ბანკის“ კვალიფიციურ პირად ბანკირებზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ ეს სერვისი მათთვის მნიშვნელოვანია დროის დაზოგვის და კომფორტის მხრივ. ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ „საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

 

ფოტო: ანა ბოკო