ქართველი რეჟისორების ფილმმა „გვირაბი“ UnderhillFest-ის მთავარი ჯილდო მოიპოვა

კინორეჟისორებს, ნინო ორჯონიკიძესა და ვანო არსენიშვილს, ფილმისთვის „გვირაბი“ (A Tunnel)  მონტენეგროს დოკუმენტური ფილმების ფესტივალის UnderhillFest-ის ჯილდო გადაეცათ. ფილმმა „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“  ნომინაციაში გაიმარჯვა. ცერემონიალი ოთხშაბათს, 24 ივნისს ჩატარდა და რეჟისორები მას დისტანციურად დაესწრნენ.

ფესტივალის მეთერთმეტე ღონისძიება დოკუმენტურ ჟანრში ინოვაციურ და საინტერესო იდეის მქონე ნამუშევრებზე იყო ფოკუსირებული. ამ მხრივ, ქართველი რეჟისორების ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან და  მთავარი ჯილდოც მოიპოვა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ნამუშევარს დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში და ის ღირებულ ისტორიულ მასალას დაუტოვებს მომავალ თაობებს. 

ფილმის გადაღებები 2014 წელს ხარაგაულში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურში დაიწყო. ნამუშევარი Artefact Production-ს ეკუთვნის , მისი აღმასრულებელი პროდიუსერი კი რობერტ ეიზენჰაუერია. ფილმი ევროპისა და აზიის კინოს განვითარების გრანტების მხარდაჭერისა და გერმანულ-ქართული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. „გვირაბი“ ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ იცვლება საზოგადოების ჯგუფური სახე ექსტრემალურ პირობებში და რა გავლენას ახდენს მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულებრივ ადამიანებზე.