მიკროავტობუსების 30-მილიონიან ტენდერში Hyundai დისკვალიფიცირდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვას ისახავს მიზნად, Hyundai დისკვალიფიცირდა. ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ შეთავაზებული შესყიდვის ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, თუმცა კომპანიას დადგენილ ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია არ წარუდგენია.

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა შპს ,,ჯი-თი მოტორსიც,“ რომელიც სატრანსპორტო კომპანიას Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსებს 30 497 064 ლარად სთავაზობს. შესყიდვის შემთხვევაში მერია მიკროავტობუსებს დედაქალაქში მოქმედ კერძო სატრანსპორტო ოპერატორს, ,,თბილისის მიკროავტობუსს“ გადასცემს. სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, ახალი მიკროავტობუსი 17 მგზავრზეა გათვლილი.