ნინო ცხადაია – წარმატებული სტრატეგი

„თვითგანვითარებას, ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალურ წრფეზე მოძრაობით აღვიქვამთ.  გვჯერა, რომ განვითარება, ერთგვარად, მაღლა ასვლას ნიშნავს, ანუ უნდა წავიდეთ იმაზე ბევრად წინ და ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე დღეს ვართ. ეს ცალსახად ასეა. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ ჰორიზონტალურად განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ჰორიზონტალურად განვითარებაში ვგულისხმობ საკუთარ თავში სხვადასხვა ინტერესების აღმოჩენას და ახალი მიმართულებების პოვნას. ამისათვის უნდა წავახალისოთ საკუთარი ცნობისმოყვარეობა და მუდმივად დავუსვათ კითხვები როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. მუდმივი ძიებით და სიახლეების შეცნობით უფრო გამბედავები ვხდებით. ეს გამბედაობა კი, საბოლოოდ, თავდაჯერებულობას გვმატებს და ახალი გამოწვევების აღარ გვეშინია.“

ეს ნინო ცხადაიას სიტყვებია. ის ამბობს რომ დღეს, როცა მუდმივი სიახლეების და ტექნოლოგიური აღმოჩენების საუკუნეში ვცხოვრობთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შეგვეძლოს ურთიერთობების სწორად მართვა, გვახასიათებდეს ინიციატივა და თამამად მივიღოთ ახალი გამოწვევები.

ნინო „აჭარა ჯგუფის“ სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორია. როგორც თავად განმარტავს, „აჭარა ჯგუფი“ სწრაფი ზრდისა და განვითარების ეტაპზე იმყოფება. უამრავ მიმდინარე პროექტთან ერთად ორგანიზაცია მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ნინოს მოვალეობას კი, ამ იდეათა სიუხვეში და მათი აღსრულების სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს.

ნინოს თქმით, „აჭარა ჯგუფი“ საშუალებას აძლევს მიიღოს ახალი გამოწვევები და მოსინჯოს საკუთარი ძალები ბევრ სხვადასხვა სფეროში. ეს არის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს საინტერესო იდეების გარშემო, ნერგავს ახალ სტანდარტებს ქვეყანაში, არა მხოლოდ სტუმართმასპინძლობის და ურბანული განვითარების კუთხით, არამედ სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც.

კომპანია „აჭარა ჯგუფამდე“ ნინო ცხადაია საბანკო სფეროში საქმიანობდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ის საქართველოს წამყვან ბანკებში მუშაობდა. ყველაფერი სტუდენტობის პერიოდში საქართველოს ბანკში კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, შემდეგ ლიბერთი ბანკში, ხოლო მოგვიანებით კი ბანკ რესპუბლიკაში გაგრძელდა. „აჭარა ჯგუფში“ შემოერთებამდე, ნინო თიბისი კაპიტალში მუშაობდა საინვესტიციო საბანკო მიმართულებით.

როგორც თავად იხსენებს, თითქმის ყოველთვის, ახალ სამსახურში გადასვლა, ამა თუ იმ ბანკის ახალ პროექტებზე მუშაობას ემთხვეოდა. „ეს იყო ახალი გუნდი ახალი მიზნებით“, ─ ჰყვება ნინო. სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება, ახალი ხედვისა და მისიის დანერგვა მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. საბანკო სექტორში მიღებული გამოცდილება ნინოს სიახლეების აღმოჩენის, ფორმირების და შემდგომში, მათი ორგანიზებულად დანერგვის უნარის გამომუშავებაში დაეხმარა.

ნინო ცხადაიასთან საუბრისას, ინგლისელი ფილოსოფოსის ჰერბერტ სპენსერის გამონათქვამი გამახსენდა: „განათლების მთავარი მიზანი არა ცოდნის მიცემა, არამედ მოქმედებაა“.

ნინომ სამაგისტრო პროგრამა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ბიზნესის მიმართულებით წარმატებით დაასრულა. მიაჩნია, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია პროფესიულ და საგანმანათლებლო გზაზე.

„კოლუმბიის უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევს ისწავლო გამორჩეული ლექტორებისგან, რომლებიც შეიძლება ნობელის ლაურეატებიც კი აღმოჩნდნენ. ამავდროულად, შენი ჯგუფელები არიან ძალიან საინტერესო ადამიანები უნიკალური ხედვითა და საერთაშორისო გამოცდილებით; რომლებთან ურთიერთობაც გეხმარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში“, ─ ასე ახასიათებს ნინო კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებულ დროს.

“ყველაფერს შრომა უნდა…კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამბედაობის გამოჩენა წარმატების მიღწევის საწინდარია.”

„ნიუ-იორკი არის დგილი, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო შენი თავი და კიდევ ერთხელ გადააფასო ყველა ის ღირებულება, რომელიც აქამდე ცხოვრებაში გაგაჩნდა. ეს არის ქალაქი, რომელიც გაძლევს დიდ გამოცდილებას, გასწავლის შრომას და შეიძლება ითქვას, რომ იქ ცხოვრება თავის მხრივ ცალკე სკოლაა. თუ მოახერხე და ნიუ-იორკის უსწრაფესი ტემპიდან არ ამოვარდი და თავი დაიმკვიდრე, იქიდან წამოსული ხვდები, რომ შეუძლებელი მართლა არაფერია“, ─ ასე იხსენებს ნინო ნიუ-იორკში ცხოვრებით მიღებულ გამოცდილებას, რომელმაც მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ნინომ დასავლეთში მიღებული განათლება შეუფარდა საქართველოში შეძენილ პროფესიულ გამოცდილებას, რამაც მას ხელი შეუწყო, რომ თავი დაემკვიდრებინა ქვეყნის კერძო სექტორში.

„აჭარა ჯგუფი“, საუკეთესო ადგილია ამ მიზნის განსახორციელებლად, რადგან მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე საქართველოს ფორმირების პროცესში“, ─ ამბობს ნინო. კომპანიას, ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ტურიზმის განვითარებაში, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უწყობს ხელს.

ნინოსთვის წარმატება თვითგანვითარების უწყვეტ პროცესთან ასოცირდება. „ყველაფერს შრომა უნდა“, ─ ამბობს ის ─ და მიაჩნია, რომ „კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამბედაობის გამოჩენა წარმატების მიღწევის საწინდარია“.

ინტერვიუს დასასრულს, ყველა მათგანს, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა დაუსახავს მიზნად, ნინო ურჩევს: „დღეს, როდესაც ჩვენ აღარ ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში, წარმატების მისაღწევად ინტერესის არსებობა, სიახლეების ძიება და მუდმივი შრომაა აუცილებელი. გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების და თქვენ ყველაფერს შეძლებთ“.

ავტორი: ნინი თურქია

ფოტო: ანა ბოკო