8 წლის წინ, როცა თეონა ცირამუა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, რთულ ამოცანას შეეჭიდა: შეენარჩუნებინა გუნდის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციები და, ამის პარალელურად, მიეგნო საკუთარი ხელწერისთვის, შეექმნა ახალი რეპერტუარი, შეემუშავებინა მართვის სტილი. ახლა იხსენებს, რომ ამ პროცესში ყველაზე რთული ‒ საკუთარი თავისთვის დასახული თამამი ამოცანები და თანმხლები პასუხისმგებლობა იყო. ჰყვება, რომ მაშინაც და მერეც გადამწყვეტი მისი ხასიათის წამყვანი თვისება ‒ გამბედაობა ‒ გახდა.
ექსპერიმენტებმა გაამართლა: გორის ქალთა განახლებული გუნდი მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. მათაც კი, ვისაც კამერულ გუნდთან დაკავშირებით იქამდე სრულიად განსხვავებული ასოციაციები ჰქონდა.
თეონას გუნდის მრავალფეროვან რეპერტუარში უპრობლემოდ მოინიშნავ რაღაც ხაზგასმით საშენოს და გამორჩეულად საყვარელს.
გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ამ შთამბეჭდავი რეპერტუარით საქართველოსთან ერთად მთელი ევროპა მოიარა. ამ უნიჭიერესმა ქალებმა თავიანთი შემოქმედება ათობით ქვეყანაში წარადგინეს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქის სავიზიტო ბარათი.
თეონა, მუსიკით რა ასაკში დაინტერესდით?
ჩემი თაობის ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, მეც ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში, მაგრამ მძულდა იქ სწავლის პროცესი. რასაც ჰქვია, ძალით დავდიოდი. ახლობლები ხვდებოდნენ, რომ ძალიან კარგი სმენა მქონდა, კარგად ვმღეროდი. ეს ნიჭი ყოველთვის გამოკვეთილად საგრძნობი იყო, მაგრამ არასდროს წარმატებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, რომელიც დაჯდებოდა და იმეცადინებდა. არცერთი საგანი არ მიყვარდა. გამონაკლისი არც გუნდი იყოისიც რაღაც უბედურებად მიმაჩნდა. ვიცოდი, რომ ჩემი მასწავლებელი ესმა მათიაშვილი იყო, მაგრამ ნანახიც არ მყავდა. ერთხელ დერეფანში შემხვდა და მიცნო, შენ თეონა ცირამუა არ ხარო? გუნდის დარბაზში წამიყვანა, რამე მიმღერეო. მერაბ სეფაშვილის „სადღაც მღერის თეთრი გედი“ ვუმღერე. პირდაპირ ანსამბლში მიმიღო. ეს იყო გარდამტეხი მოვლენა: გავგიჟდი ანსამბლზეც და ესმაზეც. რაღაც პერიოდის მერე ესმამ დედაჩემი დაიბარა და უთხრა, მე ვფიქრობ, ამ ბავშვს ყურადღება უნდა მიაქციოთ, ძალიან ნიჭიერია, ჩემი აზრით, კარგი იქნება საგუნდო-სადირიჟოროს გავაყოლოთო. ესმამ ამიყვანა ფორტეპიანოს მასწავლებელი ციცინო ბიჭიკაშვილი და სოლფეჯიო-ჰარმონიის პედაგოგად ‒ ვერა გავრილიდი. გადავირიე ორივეზე. შვიდი წლის გასაკეთებელი ერთ წელიწადში ისე გავაკეთე, ფორტეპიანოს გამოცდაზე სამი საკმაოდ რთული ნაწარმოები დავუკარი და მეხვეწებოდა პედაგოგი, საფორტეპიანოზე გადმოიტანე საბუთებიო. მუსიკალურ სასწავლებელში ყველაზე მაღალი ქულებით ჩავაბარე, მერე უკვე მართლა მოვიწამლე მუსიკით და ძალიან კარგად ვსწავლობდი. კონსერვატორიაშიც უმაღლესი ქულებით შევედი.
როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ბავშვებს, ფაქტობრივად, არასდროს მოსწონთ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდი?
ის, რომ ტექნიკა სათანადოდ განავითარო, ძალიან რუტინულ შრომას მოითხოვს. ამ პროცესში ბავშვს მშრალად არ უნდა უთხრა: დაჯექი და აქედან აქამდე იმეცადინე! ამ მეცადინეობის მიზანი უნდა აუხსნა, შედეგი უნდა დაანახო და ისეთი გზები გამოძებნო, რუტინა სიამოვნებად უქციო მას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რატომ უნდა გაიმეოროს ათჯერ, ოცჯერ და, თუ საჭიროა, ასჯერ ერთი და იგივე ტაქტი ან წინადადება. მშრალად იციან: ნელა დაუკარი, ჩქარა დაუკარი, ხმას მოუმატე. ახლაღა მივხვდი, რომ ხმის მომატება არის შედეგი და ემოცია იწვევს ამას. არადა, ემოციაზე კი არ გელაპარაკებიან, შეგრძნებებზე ან სიფაქიზეზე, ‒ ხმას მოუმატე, მოუკელი, შეანელე ‒ ამას გიმეორებენ. ამ დროს ყველაფერს მექანიკურად აკეთებ და ეს არ არის საინტერესო. ახლა მეც მყავს ბავშვთა გუნდი. ვცდილობ დავეხმარო იმაში, რომ საჭირო მდგომარეობაში შევიდნენ, იგრძნონ, რა განცდით უნდა იმღერონ. შენ, ფაქტობრივად, ბავშვის სულს უნდა შეეხო, რაღაც უნდა გაუღვიძო მას. ბრძანებითი კილო უადგილოა.
გორის ქალთა გუნდში როგორ აღმოჩნდით?
პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორი ვარ. მაგისტრატურა რომ დავამთავრე, ვფიქრობდი, ახლა რა უნდა გავაკეთო-მეთქი, მინდოდა ჩემი პროფესიით დამეწყო მუშაობა. კონსერვატორიაში დიპლომის ასაღებად მივედი და შემხვდა შალვა მოსიძე, გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი. შემომთავაზა, არ გინდა გორში წამოხვიდე მეორე დირიჟორადო? მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გორში მარტო გავლით ვიყავი ნამყოფი და შემოთავაზებაც მოულოდნელი იყო, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ზუსტად მახსოვს, პარასკევი იყო და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ორშაბათი. ასე დავიწყე 2003 წელს. მერე უკვე თაობათა ცვლა მოხდა, შალვა წავიდა და 2013 წლიდან მე გავხდი გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი.
როგორი და რამდენად რთული იყო გზა, რომელიც გაიარეთ?
ყველაზე რთული პასუხისმგებლობა იყო. როცა ახალ გუნდს აყალიბებ და მაყურებელმა არაფერი იცის მის შესახებ, მოლოდინი და მოთხოვნაც ნაკლებია, მაგრამ როცა ამხელა ისტორიის მქონე, წარმატებულ გუნდს იბარებ, რომელსაც მსმენელი და თაყვანისმცემლები ჰყავს, ძალიან რთულია. გორის ქალთა გუნდი 1970 წლიდან არსებობს. საბჭოთა პერიოდიდან ეს იყო ძალიან ცნობილი, უმაგრესი გუნდი. შალვამ უამრავი ენერგია ჩადო ამ საქმეში და მეც ძალიან ბევრი მასწავლა. როცა სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე, ბუნებრივია, მე ჩემი ხედვა და მოთხოვნები მქონდა, რაც, პირველ რიგში, დისციპლინას უკავშირდებოდა. არავინ არ გამიშვია, თუმცა ვთქვი, რომ ახალი წესებით გავაგრძელებდით მუშაობას; ყველა ივლიდა კვირაში სამ დღეს, არ იქნებოდა არავითარი დაგვიანება, არავითარი გაცდენა. ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდი კმაყოფილება მოჰყვა. პირადად არავის გამოუხატავს პრეტენზია, მაგრამ ხმა მომივიდა, ასე გუნდი დაეშლებაო. რეალურად კი ზუსტად მაშინ დაიწყო გუნდის ისტორიის ახალი ფურცელი. გარკვეული ნაწილი მართლა წავიდა, მაგრამ მოვიდნენ სხვები.
რა იყო თქვენი მიზანი, როცა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდით?
პირველ რიგში, საკუთარი თავის გამოცდა. მაინტერესებდა უკვე ჩემს ხელში რომ გადმოვიდა გუნდის ხელმძღვანელობა, შევძლებდი თუ არა თავის ღირსეულად გართმევას. ამაში იგულისხმებოდა ის, რომ მემღერა, ემღერა ჩემს გუნდს, მედირიჟორა, რეპერტუარზე მემუშავა. დღეს მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს: როგორც ქართული, ისე ევროპული, მექსიკური, აფრიკული, უკრაინული მუსიკა, საზღვარგარეთის ფოლკლორი. ახლახანს ელექტრონულ მუსიკაზეც ვიმუშავეთ. ის, რაც გორის ქალთა გუნდის მთავარი ხელწერა იყო, შევინარჩუნეთ როგორც ძირითადი ხაზი და, პარალელურად, სხვადასხვა მიმართულებით განვავითარეთ რეპერტუარი.
თქვენი პირველივე მუსიკალური იდეები სრულიად განსხვავდებოდა გუნდის ტრადიციული რეპერტუარისგან. იოლად მოგყვებოდნენ ამ ერთგვარ ექსპერიმენტზე?
ალბათ, რაღაცნაირად ვახერხებ იმას, რომ გუნდს ინტერესი გავუღვივო ახალი იდეის მიმართ. თვითონ იმდენად ვერთვები პროცესში, იმდენად მთელი არსებით, მთელი ემოციით ვარ ამ საქმეში ‒ შემოქმედებით წვას რასაც ვეძახით ‒ რომ, სავარაუდოდ, გადამდები ხდება ეს განწყობა. დირიჟორს ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, სხვანაირი ტემპერამენტი უნდა, რომ ბოლომდე ჩაითრიოს გუნდი იქ, სადაც თვითონაა. ექვსსაათიანი რეპტიციები მქონდა, ახლა პანდემიის გამო ცოტა შევამცირე ხანგრძლივობა. ვერც ვიგებდი, დრო როგორ გადიოდა და გუნდიც ანალოგიურად იყო. ისე გადაგვიცილებია იმ ექვსი საათისთვისაც, რომ ვერ გვიგრძნია.
როგორ გადაიკვეთა თქვენი გუნდისა და ქეთი მელუას გზები?
ქეთის ჩვენი ძველი ჩანაწერი მოუსმენია და დაინტერესებულა, ისევ არსებობდა თუ არა ეს გუნდი. ახალი დანიშნული ვიყავი ხელმძღვანელად, 2014 წელი იყო, ჩვენი გაფურჩქვნის პერიოდი იწყებოდა. გუნდი მყავდა აყვანილი სოფელ ბობნევში. იქ კომუნისტების დროს გორის ქალთა გუნდისთვის კოტეჯები აშენდა. ყოველ ზაფხულს გუნდი ათი დღით ადიოდა, ისვენებდა და თან ახალ პროგრამაზე მუშაობდა. იქ ვიყავით, როცა დამირეკეს, ქეთი მელუას უნდა თქვენთან დაკავშირებაო. იქამდე უკვე მქონდა სხვებისგან რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ რეალური არაფერი აღმოჩნდა. მეორე დღეს მირეკავს ქეთი ‒ საქართველოში ვარ, აეროპორტში, და როგორ შეიძლება გნახოთო. ამოვიდა ბობნევში. ათი, ჟანრობრივად სრულიად განსხვავებული, ნაწარმოები მოვასმენინეთ. მთელი კონცერტი, ფაქტობრივად. თავიდან სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ მერე თვითონვე თქვა, იმდენად დიდი ენერგია წამოვიდა გუნდისგან, რაღაც ისეთი დამეჯახა, რაც მინდოდა, გადავიფიქრე და ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის გაკეთება შეიძლებოდაო. ვიდეოები გადაიღო, თავის მენეჯერებთან წაიღო და ერთი თვეც არ იყო გასული, ექსპერიმენტული რეპეტიციები დავიწყეთ. ძალიან კარგად მოერგო ქეთის ხმა ჩვენს გუნდს და გადაწყვიტა, საშობაო ალბომი გაეკეთებინა ჩვენთან ერთად. ასე ჩავწერეთ დისკი “In Winter”. არანჟირება ბოლ ჩილკოტმა გააკეთა, ისიც ჩამოსული იყო საქართველოში, გორში ცხოვრობდა. იქ სასტუმრო აიღო ქეთიმ და დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა ჩაწერა, ძალიან შრომატევადი პროცესი იყო. საღამოს გუნდს რომ გავუშვებდით, მერე მე და ქეთი ვსხდებოდით, ჩაწერილი უამრავი ვერსიისთვის უნდა მოგვესმინა და იქიდან საუკეთესო ამოგვერჩია. ღამის ორზე გავდიოდით ხოლმე სტუდიიდან. შემდეგ ამას მოჰყვა მომდევნო სიხარული, როცა ქეთიმ გვითხრა, გვინდა ამ პროგრამით ევროტური მოვაწყოთო. ეს იყო ნამდვილი სასწაული! გუნდში რა ამბავი ატყდა ბედნიერებისგან, ვერ აგიწერთ.
როგორ ჩაიარა ევროტურმა?
აბსოლუტურად ვარსკვლავური ცხოვრება გამოვიარეთ. თბილისიდან ლონდონში ჩავფრინდით ათი დღით ადრე, ვიდრე ევროტური დაიწყებოდა. ჯერ საკონცერტო რეპეტიციები გავიარეთ. 28 კონცერტი გვქონდა. დღეს რომ ფრანკფურტში ვიყავით, ხვალ პარიზში ვატარებდით კონცერტს. სამი ავტობუსით დავდიოდით და პლუს ტრაილერი დაგვყვებოდა, რომელსაც სცენა დაჰქონდა და სცენის მუშები დაჰყავდა. გუნდის ავტობუსის მძღოლი ის კაცი იყო, ვინც ჯექსონსა და მადონას ატარებდა ტურნეებზე. ავტობუსში საძინებლები, სამზარეულო, ტელევიზორი, სავარძლები გვქონდა. აბსოლუტური კომფორტი. თვე-ნახევრიანი ტურნე 3 დეკემბერს დამთავრდა, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, კიდევ დაგვტოვეს. მიგვიწვიეს BBC-ის ტელევიზიაში, რადიოში, გრემ ნორტონის შოუში. მთელი გუნდი მყავდა წაყვანილი, 23 ადამიანი. წარმოუდგენლად შრომატევადი იყო, მაგრამ ყველაფერი დეტალებში იყო გათვლილი. ზუსტად გვქონდა გაწერილი რეჟიმი: რეპეტიცია, კონცერტი, გაღვიძება, დაძინება, კვება. ამას თუ არ დაემორჩილებოდი, უბრალოდ, ვერ გაძლებდი. ეს იყო 2016 წელს. 2018-ში კიდევ ერთ ევროტურში წავედით და იქ უფრო მეტი, 37 კონცერტი გვქონდა.
როგორი ქალაქია გორი?
2003 წლიდან პარასკევი-შაბათი-კვირა თბილისში ვარ, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ‒ გორში. ძალიან საყვარელი ქალაქია. ჩვენი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ გორს მართლა კარგი მუსიკალური მსმენელი ჰყავს. რა პროდუქტსაც მიაწვდი მათ, იმის მიხედვით იღებ შედეგს. ძალიან უყვართ გორის ქალთა გუნდი ამ ქალაქში და თუ დახმარება გვჭირდება, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ცდილობენ გვერდში დაგვიდგნენ. ეს ქალაქი საკუთარ სავიზიტო ბარათად აღიქვამს გუნდს.
ვინაა თქვენი მთავარი გულშემატკივარი?
ჩემი მეუღლე. გოჩა სენაკის მერის რწმუნებულია, ამიტომ ის იქაა ნახევარი კვირა, მე ‒ გორში. დღის განმავლობაში მესინჯერში ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ჩემი უდიდესი გულშემატკივარია. სხვადასხვანაირი ტიპაჟი ვართ ‒ მე ტემპერამენტიანი, აქტიური, ის ‒ მშვიდი, მაგრამ მსოფლმხედველობა, გადამწყვეტი საკითხების მიმართ შეხედულებები მსგავსი გვაქვს.
რა შეუძლიათ ქალებს?
ყველაფერი, რაც შეუძლიათ მამაკაცებს. ამაში არ იგულისხმება ფიზიკური შესაძლებლობები, რადგან სიტყვაზე, მამაკაცი თუ ახერხებს როიალი ცალი ხელით გაწიოს, ქალისთვის ეს გაცილებით რთულია. მაგრამ ზუსტად მანდ მთავრდება ის, რაც ქალს არ შეუძლია.