ბიზნესის ინტერესების სადარაჯოზე

ნანა ცერცვაძის ბიოგრაფიაში სამუშაო გამოცდილების თაობაზე ჩანაწერი „თეგეტა მოტორსიდან“ იწყება. ნანას თავიდან ფინანსური დირექტორის ასისტენტის, მოგვიანებით კი, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიცია ეკავა. „თეგეტა მოტორსიდან“ „სინერჯი ჯგუფში“ წავიდა, სადაც ქვეყნის წამყვან კომპანიებთან მოუწია მუშაობა.

6 წლის განმავლობაში ნანა იყო პროექტების მენეჯერი და მმართველობითი კონსულტანტი. მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყნის წამყვანი კორპორაციების მმართველობითი პრობლემები გადაეჭრა, მისი მთავარი სპეციალიზაცია აქ, ორგანიზაციული სტრატეგიების განვითარება იყო. ახლა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა 2019 წლის ივნისიდან, თუმცა, ბიზნესასოციაციაში 8 წლის წინ მივიდა, მაშინ როცა, ამ ორგანიზაციის შესახებ ცოტა რამ იცოდა.

ბიზნესასოციაციაში მუშაობის სურვილიც ამ ერთგვარმა ინტრიგამ და ინტერესმა გამოიწვია. ამბობს, რომ 8 წლის წინ ეს იყო აზარტი, რომელიც დღესაც გრძელდება, ეს იმიტომ, რომ ყოველდღიურად ახალ ამოცანებზე უწევს მუშაობა.

თავიდან, ასოციაციაშიც პროექტის მენეჯერი იყო, ამ პოზიციიდან სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევაზე იმუშავა და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებიც მოამზადა. ამავდროულად, ბიზნეს-ასოციაციაში არსებული სოფლის მეურნეობის კომიტეტის კოორდინირება დაევალა, რასაც ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის შექმნა მოჰყვა და, საბოლოოდ, ნანა სექტორული მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა; პრობლემების ანალიზზე მუშაობაც სექტორულ ჭრილში დაიწყო, მათ შორის იყო ტურიზმის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა, ელექტროენერგეტიკის დარგის კვლევის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სისტემების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ლიზინგის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებებში აქტიური მონაწილეობა და სხვა.

დღეს მისი მთავარი საქმე ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესგარემოში არსებული ხარვეზების გამოვლენა და ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა. ნანა ამბობს, რომ ბიზნესს ყოველთვის აწუხებს რაღაც, მაგალითად, რეგულაციები, ბიუროკრატია, საინვესტიციო გარემო.

„8 წლის წინ, როცა ასოციაციაში მოვედი, სხვა ამოცანების წინაშე ვიდექით, დღეს კი, თვისობრივად სხვა ტიპის გამოწვევები გვაქვს“.

სწორედ ამიტომ, სექტორების პარალელურად, ბიზნესასოციაციაში ის ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზის მომზადებაზეც მუშაობს. ასე იყო 2012 წელსაც, როცა საქართველოს ბიზნესასოციაციამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია შეიმუშავა, ამ დოკუმენტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის.

შემდეგ იყო კვლევა „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“, რომელზეც ასევე ასოცია­ ციის გუნდმა იმუშავა და რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიზნესგარემოს სხვადასხვა კომპონტენტი შეფასდა: მაკროეკონომიკური გარემო, სასამართლო სისტემა, სამართლებრივი ჩარჩო, საგადასახადო გარემო და შრომის ბაზარი.

ამ კვლევების დამსახურებით და, ზოგადად, ასოციაციის კვალიფიციური გუნდის მუშაობის პროფესიონალური მიდგომების შედეგად, ხელისუფლება ამ ორგანიზაციის აზრს ანგარიშს უწევს.

ახლაც მორიგი ასეთი დოკუმენტის შემუშავებაშია ჩართული, თანაც ერთდროულად – ორის. გერმანული კვლევითი ორგანიზაცია IFO-ს მეთოდოლოგიით და PMCG-სთან თანამშრომლობით ბიზნესასოციაცია ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო გარემოს და დასაქმების ინდექსებს დაადგენს. პარალელურად ორგანიზაცია ბიზნესგარემოს სიღრმისეულ ანალიზსაც დადებს. ნანა ცერცვაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია და რეგულაციების ნაკლებად მტკივნეული ფორმით შემოღებაა საჭირო.

„ჩვენთვის, ყველასთვის, კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგი მთელ რიგ ვალდებულებებს გვაკისრებს. თუმცა, ხშირად ხდება ევროდირექტივებისთვის იმაზე მეტის გადაბრალება, ვიდრე ასოცირების დღის წესრიგი ამას მოითხოვს და ვიდრე, თავად დირექტივებშია გაწერილი“.

ამის პარალელურად, ნანას, როგორც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, უმთავრესი მოვალეობა ბიზნესის ინტერესების დაცვაა. კითხვაზე რთულია თუ არა ბიზნესის ადვოკატირება, ამბობს, რომ მარტივი არ არის.

„ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან ჩვენი პოზიციის არგუმენტირებულად და დასაბუთებულად წარდგენა გვიწევს, რათა მის სისწორეში დავარწმუნოთ. ამისთვის მუდმივად ფორმაში უნდა იყო, ნებისმიერ საკითხზე უნდა გქონდეს ჩატარებული კვლევა და ანალიზი; შესწავლილი სხვა ქვეყნების გამოცდილება. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გაქვს მყარი არგუმენტები, მაგრამ ხელისუფლება შენს პოზიციას არ იზიარებს“.

ხიდი ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის – ორგანიზაციას, რომელიც უკვე 10 წლისაა, თავადაც ასე ახასიათებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ სერიოზული მიღწევაა, როცა ქართული ბიზნესის მიერ დაფუძნებული გაერთიანება ერთი ათეული წელია ფეხზე მყარად დგას და მისი წევრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქვეყანაში შეიცვალა ხელისუფლება, მთავრობები, თუმცა უკვე 10 წელია ასოციაცია ახრეხებს, რომ ყველასთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ბიზნესის საჭიროებები გაუზიაროს.

„ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ჩვენთვის მათი კარი ღიაა, ის, რომ ასოციაცია დღეს ანგარიშგასაწევი ძალა და სანდო პარტნიორია, ეს დიდი შრომის შედეგია. ასოციაცია მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი სწორედ ამისკენ არის მიმართული“.

USAID G4G-ის ბოლო კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა ყველა ზომის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო, საქართველოს ბიზნესასოციაციამ სხვა მსხვილ ასოციაციებს შორის ეფექტურობის კრიტერიუმით ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ბიზნესასოციაციის 10 კაციან აღმასრულებელ გუნდში სულ 6 ქალია, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში კი არცერთი. ნანას აზრით, იმის მიზეზი, რომ ორგანიზაციის წევრი 75 კომპანიიდან ქალი ხელმძღვანელი მხოლოდ ოთხს ჰყავს, ბევრია, თუმცა მთავარი მაინც სტერეოტიპებია, რომელიც არ მოსწონს და რომლის წინააღმდეგაც მუდმივად იბრძვის, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და გენდერული თანასწორობის დაცვით.

„გარედან ბარიერებზე მეტად ჩემთვის არსებობს ბარიერები შიგნიდან, რაშიც ჩემი თავი დამიჭერია და რაც მგონია, რომ ბევრი ქალის პრობლემაა. მაგალითად, ზოგჯერ, თათბირზე ან შეხვედრაზე საკუთარი თავი დამიჭერია მორიდებულობაში; ან გამიფიქრია, ‒ მე რომ კაცი ვყოფილიყავი სხვანაირად ვიმოქმედებდი, უფრო გაბედული და რისკიანი ვიქნებოდი ‒ თუმცა, როგორც კი საკუთარ თავს ასეთ ფიქრში ვიჭერ, მიდგომას მაშინვე ვცვლი. ეს არ არის კონკრეტულად ჩემი ვიწრო წრის ბრალი, უფრო მეტად დამკვიდრებული სტერეოტიპების, საზოგადოების მოთხოვნის შედეგია, რომ ქალი უნდა იყოს მორიდებული, მორჩილი, არ უნდა იდგეს წინ, ეს ბავშვობიდან მოდის და ძალიან ღრმად არის გამჯდარი. გაცნობიერებულად არა, უფრო ქვეცნობიერში და მერე სულ გიწევს ამ ქვეცნობიერთან მუშაობა“.

რადგან გენდერული თანასწორობის მომხრეა, მიაჩნია, რომ პროფესიაში მთავარი პროფესიონალიზმია და არა სქესი, თვლის, რომ გარემომ ყველას უნდა მისცეს საშუალება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აკეთოს. ნანა ფიქრობს, რომ ასე წარმატებაც მოვა, მისი რეცეპტი სამი მთავარი პუნქტისგან შედგება: თავდაჯერებულობა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

„მე, ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე არაფერი გამომსვლია“.

ნანას აზრით, წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია თანადგომაც. კოლეგებს შორის ყოველთვის არიან ადამიანები, და ძირითად შემთხვევაში ‒ ქალები, რომლებიც გეხმარებიან, ხელს გიწვდიან, გამოცდილებას გიზიარებენ და შენს წარმატებაში მონაწილეობენ. სწორედ ეს ქალური სოლიდარობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

ქართული ბიზნესის ადვოკატირების პარალელურად ახერხებს და აგრძელებს განათლების მიღებას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს, ხარისხი ეკონომიკური პოლიტიკის განხრით უნდა დაიცვას. ნანა პროექტების მართვის მაგისტრის ხარიხის მფლობელიცაა და პედაგოგის დიპლომიც აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ინფორმატიკის მასწავლებლობა გადაწყვიტა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ხაშურში მისი სკოლა იმ დროს ერთადერთი იყო, სადაც ინფორმატიკას, წიგნების ნაცვლად, რეალური კომპიუტერებით სწავლობდნენ. თუმცა, როცა პედაგოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა, აღმოჩნდა, რომ პროფესიას ვერაფერში იყენებდა, ამიტომ პროექტების მართვის შესწავლა გადაწყვიტა. ახლა ეს და სხვა საქმეც იმდენად კარგად გამოსდის, რომ 8 წელია ყველაზე გავლენიანი ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის გამორჩეული წევრია.

 

ავტორი: სოფო ბერიძე

ფოტო: ანა ბოკო