მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის პროექტი „წყალს საზღვრები არ აქვს“ მონაწილეობას მიიღებს კინოფესტივალზე Cinéma du réel – Festival international du film documentaire, ინდუსტრიულ პროგრამაში Paris Doc Works in Progress. ეს არის ერთ–ერთი იმ რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ფესტივალთაგან, რომელიც აქცენტს აკეთებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაზე. ფესტივალმა ასევე ხელი შეუწყო უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას. ფილმი პოსტპროდუქციის ეტაპზეა და მის დასრულებას გეგმის მიხედვით 2021 წლის ივნისში უნდა ველოდოთ. ფილმში მოქმედება ენგურჰესის კაშხალზე ხდება, სადაც რეჟისორმა რამდენიმე წელი გაატარა.
2016 წელს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ მარადიას, დოკუმენტური კინოს კურსზე გაუჩნდა იდეა, პატარა ფილმი გაეკეთებინა ენგურჰესის შესახებ. შემდეგ, ლექტორმა ნინო ორჯონიკიძემ ურჩია პროექტი ევრაზიადოკის სცენარის განვითარების რეზიდენციაზე შეეტანა და სწორედ აქედან გადაიქცა ეს იდეა სრულმეტრაჟიან ფილმად. ევრაზიადოკიდან ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიულ შეხვედრაზე, პლატფორმაზე და ვორქშოფზე მოხვდა, სადაც პროექტი წლიდან წლამდე იხვეწებოდა და ვითარდებოდა.
საკუთარი გეგმებისა და ფილმის შესახებ კი Forbes Woman Georgia-სთან საუბრობს.
უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზე იქნება ფილმი?
ეს ფილმი არის საზღვრებზე, რომლებიც ადამიანებმა შევქმენით, გამოვიგონეთ და დავაწესეთ, შემდეგ კი, საბოლოო ჯამში, თავად აღმოვჩნდით საზღვრებში მოქცეულები. ვეცადე, ამ ფილმს მოეყოლა ამბავი, რამდენად აბსურდულია საზღვრების ერთის მხრივ საერთოდ არსებობა და მეორეს მხრი, მათი ძალიან სერიოზულად აღქმა. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს უკანასკნელი კავშირია აფხაზეთთან და სწორედ ამიტომ ჩავედი იქ – მინდოდა ეს კავშირი აღმომეჩინა. შემდეგ, მე თვითონაც ვცადე საზღვრის გადალახვა და ფილმი სწორედ ამ პროცესს აღწერს. თუმცა, ამის პარალელურად ვხვდებით ფილმის სხვადასხვა გმირებს და ვისმენთ მათ როგორც ღია, ასევე დაფარულ ამბებს.
როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი?
ფილმზე მუშაობა გრძელი, საინტერესო პროცესი იყო. გამიმართლა, რომ საოცარი, გამოცდილი პროფესიონალების გუნდი შეიკრა ჩემ გარშემო: მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი, ლუჩიანო გლორი და ა.შ. ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ფილმის გადაღება საერთოდ შევძელი და რა თქმა უნდა კინოცენტრის, რომელმაც 2019 წელს დაგვაფინანსა საკმაოდ სოლიდური თანხით. ახლა ფილმი მონტაჟის ეტაპზეა.
რა გეგმები და მოლოდინები გაქვთ კონკურსთან დაკავშირებით?
კონკურსზე თითქმის დამთავრებულ ფილმს ვაჩვენებთ, რომელსაც დისტრიბუტორები, ტელევიზიები და სხვადასხვა აგენტები ნახავენ. ფილმისთვის ეს არის ძალიან კარგი შანსი, კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლები მომავალში ფილმის ყიდვით დაინტერესდნენ.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, ეს ფილმი უნდა დავასრულო. სხვა ფილმზე მუშაობის იდეებიც მაქვს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ძალიან თეორიული. ერთი, რაც ვიცი, მხოლოდ ისაა, რომ ფილმის საპროდიუსერო კომპანია „ოპიოდოკთან“ ბევრი სხვადასხვა კუთხით აქტიურად ვიმუშაო. ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს და იმედია განვახორციელებთ.