აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

Photo Credits to Mandel Ngan/AFP/Getty Images

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესს გუშინ აცნობა.

ამას გარდა, საკუთარი გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც აცნობა, წერილობით.

ჯანმოს დატოვების შესახებ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ აპრილში საუბრობდა, როცა ორგანიზაციას არასწორ რეფორმებსა და ჩინურ გავლენებში დასდო ბრალი, შედეგად კი, დაფინასება შეუჩერა.

ზოგადად, ორგანიზაციის დასატოვებლად, მსურველმა ქვეყანამ ერთი წლით ადრე უნდა განაცხადოს და, ამავდროულად, ყველა არსებული ვალი დაფაროს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პუნქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებაში აშშ-ის ინიციატივით, 1948 წელს, ორგანიზაციის დაარსების დროს დაამატეს. 30 ივნისის მონაცემებით, ვალი, რომელიც აშშ-ს ჯანმოსთვის მართებს, 198 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის ივლისამდე ვერ შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, შესაძლოა, ორგანიზაციის წევრად დარჩეს, თუკი დონალდ ტრამპი ნოებრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება.