ბაიდენი: ტრამპი ამერიკის პირველი რასისტი პრეზიდენტია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დონალტ ტრამპს ამერიკის ისტორიაში პირველი რასისტი პრეზიდენტი უწოდა. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მიხედვით, ტრამპი რასას პანდემიასთან გამკლავების პოლიტიკის არაეფექტურობისგან ყურადღების გადატანისთვის იყენებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ვირტუალური პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჯანდაცვის მუშაკმა ტრამპს ბრალი დასდო პანდემიის გავრცელებისას აზიელების დადანაშაულებაში. ბაიდენი კი მას დაეთანხმა და დაამატა, რომ პრეზიდენტი ხშირად მოიხსენიებს პანდემიას, როგორც „ჩინელების ვირუსს“ ან „უჰანის ვირუსს“.

„ადამიანების მიმართ მისი მოპრყობა ეთნიკური წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე აბსოლუტურად ავადმყოფურია“, განაცხადა ბაიდენმა. „არასოდეს ჩაუდენია არც ერთ პრეზიდენტს მსგავსი რამ. ჩვენ გვყოლია რასისტები, ისინი ახლაც არსებობენ და არჩევნებში მონაწილეობაც მიუღიათ, თუმცა ტრამპი პირველია, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი ტრამპს პირველ რასისტ პრეზიდენტს უწოდებს, ისტორია აჩვენებს, რომ აშშ-ს სხვა რასისტი და, უფრო მეტიც, მონათმფლობელი ლიდერებიც ჰყოლია. მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ენდრიუ ჯექსონი და ა.შ.

საიმონ სანდერსმა, ბაიდენის კამპანიის უფროსმა მრჩეველმა, ნათელი მოჰფინა კანდიდატის შენიშვნებს: „მრავალი რასისტი პრეზიდენტი გვყოლია, თუმცა ტრამპი უნიკალურია თანამედროვე ისტორიაში, რადგანაც ფიქრობს, რომ რასიზმს მისთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა არაერთხელ დაასახელა ტრამპი უთანხმოების გამომწვევ პრეზიდენტად, რომელიც ხშირად იყენებს რასისტულ სიტყვებს თავის მოხსენებებში. პრეზიდენტმა დიდი კრიტიკა დაიმსხურა იმ ერების „ბინძური ხვრელის (shit-hole) ქვეყნებად“ მოხსენიებისთვის, რომელთა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შავკანიანია. გარდა ამისა, ის მუდმივად იყენებს რასისტულ მეტსახელებს დემოკრატი ოპონენტებისთვის. მათ შორის, მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეტ უორენს „პოკაჰონტასს“ უწოდებს, რასაც ბაიდენი „პირდაპირ რასისტულ თავდასხმად“ თვლის.

თეთრი სახლის ბრიფინგზე ტრამპმა ბაიდენის კომენტართან დაკავშრებულ შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა. ამის ნაცვლად, ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ძალისხმევას კორონავირუსის დაწყებამდე ეთნიკური უმცირესობების უმუშევრობის დონის შემცირებისთვის. ამასთან, აღნიშნა, რომ ამ მხრივ მასთან ახლოს მხოლოდ აბრაამ ლინკოლნი თუ მოვა.