ტრამპი ტრეფიკინგის მსხვერპლებს $35 მილიონით დაეხმარება

Pete Marovich for The New York Times

ტრამპის ადმინისტრაციამ ტრეფიკინგით დაზარალებულ ადამიანთა საჭიროებებზე მზრუნველი ორგანიზაციებისთვის ფულადი გრანტი გამოყო. იუსტიციის დეპარტამენტის „დანაშაულის მსხვერპლთა ოფისს“ ადამიანთა ვაჭრობისგან გადარჩენილთათვის საცხოვრებლისა და დახმარების უზრუნველყოფისთვის $35 მილიონი გადაეცა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა, აღნიშნულის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთეს, რომელსაც  ტრეფიკინგის მსხვერპლები და მათი დამხმარე ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ტრეფიკინგის მსხვერპლებს შესაძლებლობა მიეცათ გარშემომყოფებისთვის ღიად მოეყოლათ პირადი ისტორიები, რაზეც პროკურორმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ბარმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპსა და მის ქალშვილს, ივანკას, ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე მუშაობისა და გადარჩენილების დახმარებისთვის. მისი განცხადებით, გარდა ფინანსური დახმარებისა, მისი დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის.

ივანკა ტრამპმა ტრეფიკინგს ადამიანთა უფლებების დარღვევის უმძიმესი ფორმა უწოდა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენილებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი საცხოვრებლის მიღებაში დახმარება, რადგანაც მათ პანდემიის დროს ადამიანებით მოვაჭრეებთან ერთად მთელი დროის სახლში გატარება უწევდათ.

გამოყოფილ გრანტს გამოიყენებს 73 ორგანიზაცია აშშ-ის 33 შტატიდან და მოხმარდება დაზარალებულებისთვის დროებით თავშესაფრების უზრუნველყოფას 6-დან 24 თვემდე, მათი ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებსა და სხვა ხარჯებს. ასევე, ორგანიზაციები მათ დაეხმარებიან მუდმივი საცხოვრებლისა და სამსახურის მოძებნასა და პროფესიული მომზადებისა და კონსულტაციის მიღებაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ცდილობს თანამდებობის დაკავების შემდეგ.