Traveling Den ‒ ველური ბუნებისა და კომფორტის შერწყმა | ინტერვიუ ანა სვანიძესთან და ინნა მარგველაშვილთან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ტურისტულად ათვისებულ დასახლებებთან ერთად, ხელუხლებელ ბუნებაში ჩამალული უამრავი ისეთი ადგილიცაა, რომელთა შესახებ მოგზაურობაზე უზომოდ შეყვარებული რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა თითქმის არავინ იცის.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტრენდი მალე წარსულს მიეცემა, რადგან საქართველოში Traveling Den-ი გამოჩნდა – კომპანია, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ შეუცნობელი და აუთვისებელი ადგილების დალაშქვრის შესაძლებლობას აძლევს, სრულად აღჭურვილი კომფორტული სახლი-მანქანებით.

Traveling Den-ის შექმნის ისტორიაზე, ქარავნულ ცხოვრებაზე, ქართველი და უცხოელი ტურისტების გემოვნებაზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, კომპანიის დამფუძნებლებს, ანა სვანიძესა და ინნა მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მოდი, იდეით დავიწყოთ: Traveling Den-ის შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?

ანა: მობილური სახლი-მანქანის შექმნის იდეა მე და ინნას ოთხი წლის წინ გაგვიჩნდა, რადგან გვინდოდა ამ მანქანით ჩვენ თვითონ ისეთ მიუვალ ადგილებში გვესარგებლა, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის – გვინდოდა შეგვექმნა სახლი-მანქანა, რომელიც ყველგან მიგვიყვანდა. ამასთანავე, მოგზაურობის ეს ფორმა ამერიკასა და ევროპაში ძალიან განვითარებული იყო და ჩვენც გაგვიჩნდა ამბიცია, რომ ეს კულტურა საქართველოში შემოგვეტანა.

ეს რომელი წლის ამბავია?

ანა: იდეა 2017 წელს გაგვიჩნდა, ხოლო პროექტის განხორციელებას 2018 წელს შევუდექით. რეალურად, პირველი მანქანა ჩვენი სახსრებით შევიძინეთ და მივხვდით, რომ ძალიან რთულ რამეს შევეჭიდეთ, როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკურად – ხელოსნების პოვნა რთული იყო და არც მზაობა ჰქონდათ, რომ ასეთ არასტანდარტულ პროექტში დაგვხმარებოდნენ, მით უფრო რომ ორი გოგო ვიყავით და, როგორც ჩანს, ჩვენს წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამდნენ.

ინნა: ჩვენი პირველი პროდუქტი ქარავანი (ბორბლებიანი სახლი) იყო და აღმოჩნდა, რომ იმ მასალაზე, რომლითაც ის შენდება, საქართველოში არავინ მუშაობს – ჩვენს ხელოსნებს, სამწუხაროდ, ახალ გამოწვევებთან შეჭიდება დიდად არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების დახმარებით, ნულიდან ვისწავლეთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სახლი-მანქანა, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მასალაზე და ასე შემდეგ – საბოლოო ჯამში, ეს ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო.

პირველი სახლი-მანქანა თქვენ თვითონ, ნულიდან ააწყვეთ?

ინნა: ნულიდან არ აგვიწყვია, ქარხნული მანქანა ვიყიდეთ, მაგრამ ის ძალიან ძველი იყო და არც მისი ინტერიერი მოგვწონდა რის გამოც, ფუნქციონალთან ერთად ინტერიერიც სრულად განვაახლეთ და ბევრი შეცდომაც დავუშვით, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ შემდეგი მანქანებისთვის უკვე ზუსტად ვიცოდით რა გვჭირდებოდა და რა – არა.

რეალურად, ცხოვრებისა და მოგზაურობის ეს ფორმაც ხომ სრულად ამ წესს ეფუძნება – კარგად უნდა გაანალიზო, რა გჭირდება, რადგან სივრცე ძალიან მცირეა. ასეთი მოგზაურობა ლაშქრობასავითაა, როცა ერთი ზედმეტი ნივთიც კი, ზურგჩანთას საგრძნობლად ამძიმებს.

ანა: თან, ამ ყველაფერთან ერთად, ამ ტიპის მოგზაურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებისა და გარემოს პატივისცემა – ბუნებაში უხეშად არ ვერევით, ჩვენს შემდგომ გარემოს ვასუფთავებთ და ყველა ასპექტის გათვალისწინებით ცნობიერად ვმოგზაურობთ.

ინნა: დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ასეთი მომნუსხველი და ასეთი საინტერესო იმიტომ არის, რომ ჯერ კიდევ გვაქვს აუთვისებელი, ველური ადგილები, სადაც არ არის უადგილოდ ჩადგმული სასტუმროები და კოტეჯები, რაც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ხიბლია. ასე რომ, ასეთი ადგილების ჩაბეტონების ნაცვლად, სჯობს ამ ტიპის მოგზაურობით დავინტერესდეთ, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე – რეალურად, კუსავით მოგზაურობ, სახლით ზურგზე, და ბუნებაში კვალსაც არ ტოვებ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

ანა: მას მერე, რაც მომხმარებელი მანქანას Airbnb-ზე დაჯავშნის, მას ვუკავშირდებით და ვუთანხმდებით, მანქანა საიდან უნდა წაიყვანოს. შემდგომ გაიდლაინებს ვაცნობთ – წესები Airbnb-ზეც წერია, მაგრამ ჩვენ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ვაწვდით, მათ შორის მანქანის ფუნქციონალისა და სამარშრუტო გზების შესახებ. რეალურად, თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაცია გვაქვს და მათ საკუთარ სურვილებზე მორგებულ რეკომენდაციებს ვუწევთ.

აქვე მინდა დავძინო, რომ სულ მალე, ვებგვერდზე დავიწყებთ მუშაობას, რომელზეც ყველა საჭირო ინფორმაციას მოვუყრით თავს და რომელიც ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხი გახდება.

კონკრეტული მარშრუტები გაქვთ, რომლებზეც მანქანებს უშვებთ, თუ მომხმარებლებს შეუძლიათ, სადაც უნდათ იქ წავიდნენ?

ანა: მომხმარებელს შეუძლია წავიდეს იქ, სადაც უნდა, მაგრამ არის რიგი ადგილები, მაგალითად, თუშეთი, სადაც ზამთრობით, უფრო ზუსტად კი ოქტომბერ-ნოემბრიდან, სამანქანე გზა საერთოდ იკეტება, ხოლო ზაფხულში, იქ ჩასვლა მხოლოდ 4×4-ზე მანქანით არის შესაძლებელი. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ მომხმარებელს ინფორმაციას წინასწარ ვაწვდით.

ზოგადად კი, გამომდინარე იქიდან, რომ მეც და ინნასაც ფაქტობრივად მთელი საქართველო გვაქვს შემოვლილი და ტურიზმში საკმაოდ გამოცდილნი ვართ, ჩვენს მომხმარებლებს ისეთ სამარშრუტო გზებს ვთავაზობთ, რომლებიც განსაკუთრებულია და Google-ში მარტივად არ იძებნება.

რა აღჭურვილობა დახვდება მომხმარებელს ავტომობილში და მოგზაურობისას თან რა უნდა წამოიღოს?

ინნა: მანქანაში არის საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირველადი სურსათით აღჭურვილი სამზარეულო, აბაზანა და გარე ავეჯიც კი, მომხმარებლებს მხოლოდ საკუთარი ნივთების წამოღება სჭირდებათ. ამასთანავე, ჩვენი მანქანები გადაწყობილია მზის ენერგიაზე – სტუმრებს ყველაფრის რესურსი აქვთ, მათ შორის წყალი, ელექტროენერგია და გაზი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი გაცნობიერებულად და მიზნობრივად მოვიხმაროთ.

ამ ეტაპზე, რამდენი მანქანა გყავთ?

ანა: დღეს, ორი მანქანა გვყავს, მაგრამ ზაფხულისთვის ექვსი გვეყოლება. ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ბოლო დროს ჩვენს თავს მოხდა არის ის, რომ ახალი უცხოელი პარტნიორები შევიძინეთ, რომლებიც ჩვენი ბიზნესით დაინტერესდნენ და გაფართოებისა და ზრდის ტემპის აჩქარების ინიციატივით შემოვიდნენ.

ამგვარი ინიციატივა, ჩვენ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, როგორც გითხარით, ბიზნესი ჩვენი სახსრებით დავიწყეთ, მეორე მანქანა თიბისის სტარტაპერის სესხით შევიძინეთ, ხოლო პანდემიამ ძალიან დაგვარტყა და გადარჩენისათვის ბრძოლის რეჟიმზე გადაგვიყვანა.

ინვესტორების მოზიდვა ჩვენთვის ძალიან დიდი ამბავია, რომელიც ამ წლიდანვე უფრო დიდ მასშტაბებზე გაგვიყვანს – წარმოიდგინეთ, რომ ამ დრომდე, არც ვებგვერდი გვქონდა და არც ბრენდინგი. წელს სრულ რებრენდინგს განვახორციელებთ და სავარაუდოდ, სახელსაც შევიცვლით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მოდი შევაფასოთ, რა შედეგები გაქვთ დღეს და რას ელოდებით მომავალში?

ანა: პანდემიის დაწყებამდე ძალიან კარგი შედეგები დავდეთ – ორივე მანქანა სრულად იყო დატვირთული. გარდა იმისა, რომ ზაფხულის განმავლობაში ჩვენი სერვისით ისედაც ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, ჩვენი ჩასაბმელი ციხისძირში წავიყვანეთ, სადაც საოცარი ბანაკი მოვაწყვეთ და ძალიან ბევრ უცხოელ და ქართველ სტუმარს ვუმასპინძლეთ.

ინნა: პანდემიამ განსაკუთრებულად შეგვაფერხა, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა უცხოელია – ქართველები ასეთი ტიპის მოგზაურობას ჯერ კიდევ ერიდებიან. ყველაზე მეტს სწორედ ამაზე ვფიქრობთ – ამ ტენდენციის შეცვლა გვსურს.

თქვენი საშუალო სტატისტიკური კლიენტი ვინაა – ტრადიციული გაგებით კემპერი, თუ უფრო განსხვავებული ტურიზმის მოყვარული ადამიანი?

ინნა: კემპერები კიდევ უფრო განსხვავებულ კომუნას წარმოადგენენ, მაგრამ ლაშქრობა ჩვენს მომხმარებლებსაც უყვართ.

ანა: მე ვიტყოდი, რომ ჩვენი სეგმენტი კემპერებსა და ტრადიციული კომფორტული ტურიზმის მოყვარულებს შორისაა – ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს მანქანებს ქირაობენ, საკუთარ „გამოცდილებას“ თავად ქმნიან, თავგადასავლები და თავისუფლება უყვართ, მაგრამ, თან, მინიმალური კომფორტიც სჭირდებათ. სხვებისგან, სწორედ ეს კომფორტი გამოგვარჩევს – გარეთ თავსხმა წვიმაც რომ იყოს, მანქანაში მომხმარებელი თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან შუქიც აქვს, წყალიც და სითბოც.

ასევე, მსგავსი ტიპის მანქანები იდეალურია დიჯიტალ ნომადებისთვის – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად მობილურები არიან და თავად წყვეტენ, თუ სად იმუშაონ და სად იცხოვრონ, იქნება ეს მდინარის პირას, მთაში, ზღვის სანაპიროსთან თუ ტყეში.

Traveling Den-ისთვის მნიშვნელოვან დროს, თქვენმა სტარტაპმა თიბისის სტარტაპ სესხი მიიღო. რას მოახმარეთ ეს თანხა და რა როლი ითამაშა თიბისიმ თქვენი კომპანიის განვითარებაში?

ანა: რეალურად, თიბისიმ დაგვსტარტა: სტარტაპერის სესხის დახმარებით მეორე მანქანა შევიძინეთ და ჩვენს ამ წამოწყებას ბიზნესის სახე მივეცით. თიბისიმ საშუალება მოგვცა, რომ ის, რაც თავდაპირველად ჩვენთვის გავაკეთეთ, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. ამასთანავე, თიბისის ამ დახმარებამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ ამ იდეით უცხოელ ინვესტორებთან მივსულიყავით.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბირება დავიწყეთ: წელს, ზაფხულში ექვსი მანქანა გვეყოლება, მომავალ წელს – თორმეტი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ – მთელ საქართველოში და კავკასიის რეგიონში ვიქნებით.