ქვეყნებს შორის მოგზაურობის ახალი მეთოდი მალე დაიტესტება

Photo credit to uibswiss.ch

მართალია, ჯერ კიდევ გარკვეული დრო დარჩა, ვიდრე საერთაშორისო ფრენები აღდგება, თუმცა Travel Buble-ის იდეა უკვე ორ ქვეყანას იზიდავს.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პოლიტიკოსები განიხილავენ საზღვრების გახსნას სამოგზაურო დერეფნის, იგივე „Travel Buble”-ის ხარჯზე, რაც გულისხმობს, რომ თქვენ შეგეძლებათ სხვა ქვეყანაში ჩასვლა მხოლოდ კონკრეტული მარშრუტის გამოყენებით.

„ეჭვგარეშეა, რომ პირველი ქვეყანა, რომელთანაც შეგვიძლია მოგზაურობა აღვადგინოთ, არის ახალი ზელანდია“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა.

ორივე ქვეყანამ საზღვრები მარტში დახურა, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მათი ტურისტული ინდუსტრიებისთვის. ამავდროულად, ორივე ქვეყანამ ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. პოლიტიკოსები უკვე საუბრობენ, როდის შეიძლება საზღვრების გახსნა.

„ჩვენი პრიორიტეტია, ორივე ქვეყანამ უზრუნველვყოთ უსაფრთხოების წესების დაცვა COVID-19-თან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, თავდაჯერებულად გავხსნათ საზღვრები“, – განაცხადა ახალი ზელანდიის მინისტრმა, ჯასინდა არდენმა.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გახდება Travel Bubble რეალობა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აგვისტოში ამ გეგმის განხორციელება მეტად სავარაუდოა.