TPDC: მარნეულის არაქართულენოვან სკოლებში დამხმარე მასწავლებლები დარჩებიან

9 აპრილს ქართული ენის დამხმარე მასწავლებლებმა მიიღეს შეტყობინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან, რომ ისინი სექტემბრიდან ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამაში. აღნიშნული ინფორმაცია რადიო მარნეულმა გაავრცელა.

ამავდროულად დღეს, 11 აპრილს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ახალი განცხადება გაავრცელა.

„არაქართულენოვანი სკოლების გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სექტემბრიდან სამინისტრო, არაქართულენოვან სექტორებთან და სკოლებთან დაკავშირებით, მუშაობის გაფართოვებას გეგმავს და, ბუნებრივია, ცენტრიც კოორდინირებულად ასახავს ცვლილებებს პროგრამაში. შესაბამისად, პროგრამის მონაწილე ყველა დამხმარე მასწავლებელი ინარჩუნებს სამუშაო ადგილს და მას უნარჩუნდება სახელფასო დანამატის ის რაოდენობა, რომელიც აქამდე იყო გათვალისწინებული“ – განუცხადეს რადიო მარნეულს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თუმცა განსხვავებული აზრი ჰქონდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს, ლევან ჟორჟოლიანს. მან გუშინ, 10 აპრილს, განაცხადა:

„პროგრამა არ უქმდება, ახალი სასწავლო წლიდან თანამშრომლობა არ გაგრძელდება დამხმარე მასწავლებლებთან – ეს ცვლილება შედის. დამხმარე მასწავლებლებთან მოხდა კომუნიკაცია და ინფორმაცია მიეწოდათ, რომ იზრუნონ პროფესიულ საგამოცდო გეგმებზე. დარეგისტრირდნენ გამოცდაზე თუ ჩასაბარებელი აქვთ და ასე შემდეგ. მათ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და შეუძლიათ მიიღონ იმ ვაკანსიებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება სკოლებში.“