2021 წლის მარტში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი – TOU „ველოქს ედუქეიშენმა“ შეიძინა. უნივერსიტეტს მარტში 4 სკოლა ჰქონდა – მედიცინის, სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ბიზნესის. გარდა ახალი მიმართულებების დამატებისა, უნივერსიტეტის ახალი მფლობელები სტრატეგიულ მიზნად ისახავენ სამედიცინო მიმართულების გაძლიერებასა და ბიზნესის სკოლის თვისებრივად გაუმჯობესებას.
ბიზნესის სკოლის ტრანსფორმაციის პროცესს აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდთან ერთად სათავეში სკოლის დეკანი, ნანა მიქაშავიძე უდგას. ის Forbes Woman-ის მკითხველს უზიარებს დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის გეგმებსა და ბიზნესგანათლების უპირატესობაზე.
ნანა, დავიწყოთ გეგმებით. რა ძირითად სიახლეს შესთავაზებთ აბიტურიენტებს და მაგისტრობის კანდიდატებს ბიზნესის სკოლის განახლებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით?
სამყარო ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება, ეს კი განსაკუთრებულად შესამჩნევია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი, და უფრო მეტად ბიზნესის სკოლა, საჭიროებს სტრატეგიული ხედვებისა და პროგრამების განახლებას, რათა შესაბამისობაში იყოს მიმდინარე ტენდენციებთან.
ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის განახლებაზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ დიდი აქცენტი გავაკეთოთ ანტრეპრენერობაზე, რომელიც გვჯერა, რომ მხოლოდ პროფესია კი არა, აზროვნების სტილია. სტუდენტებს პირველი კურსიდან ცალკე საგნად ექნებათ სწორედ მეწარმეობის კურსი, რაც გულისხმობს ბიზნესიდეების გენერირებასა და რეალურად განხორციელებას. უნივერსიტეტი მათ გაუწევს მენტორინგს და ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესიდეებს. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება უნიკალური და ორმაგი ბენეფიტის მატარებელია: ერთი მხრივ, სტუდენტი თავად ჩაერთვება ბიზნესის შექმნისა და მართვის პროცესებში, რაც მას უკეთ გაარკვევს ბიზნესის სპეციფიკაში და მეორე მხრივ, გაჩნდება ახალი იდეები, ინოვაციური ბიზნესების შექმნის შესაძლებლობა, რაც როგორც უშუალოდ სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, აქ ვიტყოდი, რომ აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც გარკვეული პროფესიული გამოცდილება უკვე დააგროვეს, სურთ საკუთარი გამოცდილების თეორიული ცოდნით შევსება, სხვადასხვა უნარის გაუმჯობესება და ამასთანავე, საჭირო კონტაქტებით საკუთარი ბიზნესქსელის გამდიდრება. სამაგისტრო საფეხურზე პროფესორების დიდი ნაწილი ბიზნესის სექტორში კარგად ცნობილი პრაქტიკოსები არიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასწავლიან სხვადასხვა დისციპლინას. მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრობის კანდიდატებს გარდა სავალდებულო საგნებისა, ექნებათ შესაძლებლობა მრავალრიცხოვანი არჩევითი საგნებიდან შეარჩიონ კურსები, რომლებიც მათთვის საინტერესო დისციპლინებთან იქნება დაკავშირებული და სურვილის მიხედვით კონცენტრირდნენ მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებებზე. ბაზრის ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელში ცოდნის გაღრმავებაც სურს დღევანდელი პროფესიონალების დიდ ნაწილს.
რა არის ბიზნესის სკოლის ძირითადი უპირატესობა – რატომ უნდა აირჩიონ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების განათლება?
ბიზნესის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და ბიზნეს უნარ-ჩვევების გამოყენებასაც საკმაოდ ფართო შესაძლებლობები აქვს. ბიზნესს ფაქტობრივად უდიდესი გავლენა აქვს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ჩვევებსა და იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. ამ მიმართულების კურსდამთავრებულებს დასაქმებისა თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები ძალიან დიდი აქვთ. ასევე, საკმაოდ მზარდი ტრენდია თვითდასაქმების, ე.წ. ფრილანსინგის მიმართულებით. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ, რომლის აქსელერაციასაც პანდემიამ ხელი შეუწყო, ფაქტობრივად ნაწილობრივ წაშალა გეოგრაფიული საზღვრები, მათ შორის დასაქმების მიმართულებით. ამიტომ, დასაქმების ასპარეზი ქართველ კურსდამთავრებულებს ბევრად ფართო აქვთ, ვიდრე ეს წინა წლებში იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება კონკრეტულად ღია უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას, უკვე ცნობილი ფაქტია, რომ ღია უნივერსიტეტი რამდენიმე თვის წინ ახალი გუნდის მფლობელობაში გადავიდა, რამაც სიახლეების დანერგვის, განვითარების და პოზიტიური ცვლილებების პერიოდი მოიტანა. დამფუძნებლები არიან ადამიანები ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილებით ბიზნეს სექტორში, ზუსტად იციან დასაქმების ბაზრის მოთხოვნები, ის წერტილები, სადაც გარკვეული სიცარიელეა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; ის საჭიროებები, რაც საქართველოში დღეს ბიზნესის განვითარების კუთხით დგას და, შესაბამისად, მთელი ეს ცოდნა და გამოცდილება აისახა ბიზნესის სკოლის განახლებულ სტრატეგიაში, რომელიც მას ბიზნესსამყაროში არსებულ მოთხოვნებთან მჭიდროდ აკავშირებს. ჩვენ ძირითად აქცენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულობაზე ვაკეთებთ – იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც უნდა დაეხმაროს სტუდენტებს მიღებული ცოდნა რეალურად გამოიყენონ და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ნამდვილად განგვასხვავებს და გამორჩეულს გვხდის ქართულ საგანმანათლებლო სფეროში, ხოლო ჩვენს კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას აძლევს, რადგან მათ უნივერსიტეტის დასრულებისას უკვე ექნებათ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც საქართველოში ძირითადად დასაქმების შემდეგ გამოიმუშავებენ ხოლმე.
ვინ გეყოლებათ გუნდში – ან გეგმავთ თუ არა ცვლილებებს ამ მიმართულებით?
აკადემიური გუნდი უფრო მრავალფეროვანი იქნება ახალი აკადემიური წლიდან. მეტი პრაქტიკოსი შემოუერთდა ჩვენს გუნდს. დღეს მთავარი ამოცანაა, ჩვენ თვითონ შევქმნათ ანტრეპრენერული კულტურა უნივერსიტეტში, თავისი ღიაობით, დინამიკურობით და გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი სწორედ ინოვაციებით, ახალი შესაძლებლობების ძიებით და მუდმივი განვითარებით დაინტერესებული როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალისთვის და რა თქმა უნდა, სტუდენტებისათვის.