„ლუტეციასთან“ ერთად განვლილი 23 წელი | ქეთევან ტორონჯაძე

23 წელია თავბრუდამხვევი სურნელი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, 23 წელია „ლუტეციასთან“ ერთად ვითარდება და წარმატებებს აღწევს. „ცხოვრებაში „ლუტეციასთან“ ერთად უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე მის გარეშე“, – ქეთევან ტორონჯაძის ეს სიტყვები ბევრი რამის მთქმელია. „ლუტეციაში“ მაშინ მივიდა, როცა კომპანია ბაზარზე სულ ორი ობიექტით იყო წარმოდგენილი, ახლა კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 11 მაღაზია აქვს და ახლა ქეთევან ტორონჯაძე „ლუტეციას“ გენერალური დირექტორია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ბავშვობაში იურისტობა უნდოდა, თუმცა საბოლოოდ საერთაშორისო რეგიონული კონფლიქტების სპეციალისტი გახდა, მაგრამ ყველაფერი უკან მოიტოვა, მას შემდეგ რაც 19 წლის ასაკში „ლუტეციაში“ ფეხი შედგა. ეს ის დრო იყო, როცა კომპანიას მხოლოდ ორი მაღაზია ჰქონდა. ბრენდმენეჯერ ქეთის პირველი ნაბიჯები Nina Ricci-თა და Paco Rabanne-ით იწყება, ბუნებრივია, რომ ორი ათეული წლის შემდეგაც კი ამ ბრენდებთან სხვა ემოციური ბმა აკავშირებს.

„პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. „ლუტეციაში“ მუშაობის პირველი წლები დაუვიწყარია. ახალგაზრდა, დამწყებ ბრენდმენეჯერს ბევრი რამის შესწავლის სურვილი მქონდა, რადგან მიმაჩნია, რომ ერთია თეორიული განათლება და მეორეა ‒ პრაქტიკა. მოტივაციამ და შემართებამ ბევრი მიღწევა მომიტანა და ამით ვამაყობ. პირველი სერიოზული გამოცდა მაშინ ჩავაბარე, როცა კანში პარფიუმერიის ყოველწლიურ გამოფენაზე წავედი“.

„ლუტეციას“ გენერალური დირექტორი გვიხსნის, რომ ქსელში წარმოდგენილი თითოეული ბრენდის უკან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების პროცესი დგას, არის ბრენდები, რომელთა საქართველოს ტიპის ბაზარზე შემოყვანას წლებიც კი სჭირდება, თუმცა „ლუტეციაში“ არავინ ნებდება და ეს დამფუძნებლის ხელწერის გაგრძელებაა.

„ლუტეციას“ პირველ სერიოზულ განაცხადად ქეთი პეკინის მაღაზიის გახსნას მიიჩნევს, ის ქართულ ბაზარზე პირველი ყველაზე დიდი და უახლესი კონცეფციის მაღაზია იყო, რომელმაც self service -ის კონცეფცია დანერგა, მომხმარებელს მაშინ პირველად მიეცა შესაძლებლობა მისთვის სასურველ პროდუქტს კონსულტანტის დახმარების გარეშე შეხებოდა. მომხმარებლისა და ბრენდის ამ ტიპის ურთიერთობის ქართული პრაქტიკა „ლუტეციას“ დანერგილია.

„ლუტეციას“ განვითარების მასშტაბების საჩვენებლად მარტივი მაგალითიც კმარა. იყო წლები, როცა ასორტიმენტის სიმცირის გამო მაღაზიის შესავსებად პროდუქციის გამეორება უწევდათ, ახლა კი ყველაზე დიდი 300 კვადრატული მეტრის ფართის მქონე მაღაზია ბრენდებს ვერ იტევს.

„ლუტეციას“ განვითარების უწყვეტი დინამიკა აქვს, მუდმივად შემოგვაქვს ახალი ბრენდები და უკვე ვფიქრობთ, რომ უკვე ბევრად დიდი ფართის მაღაზია გვჭირდება ვიდრე დღეს ქსელში არსებული ყველაზე დიდი მაღაზიაა. მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ კლიენტი მიდის იქ, სადაც ფართო ასორტიმენტი ეგულება“.

პარფიუმერული ბრენდების შერჩევა და მათთან თანამშრომლობა ცალკე ხელოვნებაა. ქეთი გვიყვება, რომ იყო წლები, როცა კომუნიკაციის აწყობას საქართველოს ისტორიის მოყოლაც კი სჭირდებოდა, ახლა ქვეყნის ცნობადობა გაზრდილია და ეს ბრენდებთან თანამშრომლობას აადვილებს. ქეთევან ტორონჯაძე გვიხსნის, რომ პარფიუმერიაში არის წამყვანი ჯგუფები, რომლის ბრენდებიც არჩევას არ ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ სერიოზულ კომპანიას ისინი ქსელში უპირობოდ უნდა ჰქონდეს. დღეს „ლუტეციაში“ თითქმის ყველა წამყვანი ჯგუფის ძირითად ბრენდებს ნახავთ.

„მსოფლიო ტენდენციის მიხედვით, თავის მოვლა და მაკიაჟი ძალიან აქტუალურია, ჩვენს ქსელში ამ მხრივ ყველაზე დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი. შესაბამისად გაყიდვებშიც ამ ხაზზე დიდი წილი მოდის. კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მომხმარებელი ბუნებით, ზოგადად, ძალიან ერთგულია“.

„ლუტეცია“ პირველი იყო ნიშ პარფიუმერიის ხაზშიც, დღესაც ამ სახის პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანი სწორედ „ლუტეციას“ ქსელშია.

„ბრენდის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის ბრენდი, რამდენად დიდია მისი ცნობა, განვითარების ტენდენცია და პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორიაც. უკვე დღეს, განსაკუთრებით ნიშ პარფიუმერიის მიმართულებით, ბევრი ახალი ბრენდია, ასეთ დროს არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის“.

ბრენდებზე საუბრის დროს დავინტერესდით, რამდენად აძლევს „ლუტეცია“ შანსებს საწყის ეტაპზე მყოფ ბრენდებს? კომპანიის გენერალური დირექტორი გვიხსნის, რომ მთავარია მიზანი და თუ კომპანიას უნდა, რომ ბრენდი წარმატებული გახადოს ეს შესაძლებელია.

„ხშირად ვამბობ, რომ კონსულტანტი მომხმარებელს პირველ რიგში სთავაზობს იმ ბრენდს, რომელიც თავად უყვარს ან მოსწონს, თუმცა ბუნებრივია, ყველას მიმართ ერთი და იგივე პასუხისმგებლობა აქვთ. მთავარი მონდომება და მიზანია, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად ცნობილი ბრენდის ცნობადობის ამაღლება შესაძლებელია. ბრენდი ჯერ შენ თავად უნდა შეიყვარო და შემდეგ მომხმარებელს შეაყვარო“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ქეთევან ტორონჯაძეს სჯერა, რომ საქმის სიყვარული წარმატების გზაზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ეს არის ბიზნესი, რომელიც უმაღლესი დონის ურთიერთობების საშუალებას იძლევა.

„პარფიუმერიის სფერო ისეთ გარემოში გახვედრებს, რომელიც შენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად, ნამყოფი ვარ კოკო შანელის სახლში. ისტორიები, რომლის მოსმენის საშუალებაც სხვადასხვა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაზე გვეძლევა, ადამიანს სულ სხვა კუთხით ავითარებს. მიმაჩნია, რომ ეს დადებით ემოციების ბიზნესია“.

მართვის სტილიც განსხვავებული აქვს. ქეთის, როგორც გენერალური დირექტორს, არ აქვს პრობლემა საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებს ისეთ საქმეშიც დაეხმაროს, რაც მის ფუნქციაში სულაც არ შედის. მისი მაგალითი გუნდისთვის გადამდებია, „ლუტეციაში“ ყველა ყველაფერს აკეთებს. აქ მოტივაციის ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზეც განსხვავებულად ზრუნავენ. მაგ. „ლუტეცია“-ს ნებისმიერ თანამშრომელი, კონსულტანტიდან დაწყებული საშუალო რგოლის მენეჯერით დამთავრებული, პერიოდულად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებს, მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდების მიერ ქვეყნის გარეთ ორგანიზებულ ვორქშოპებსა თუ მასტერკლასებში. აქედან გამომდინარე, მათ კომპანია აძლევს შანსს მოხვდნენ იმ ლეგენდარულ პროფესიულ გარემოში, რომელზეც შეიძლება ოცნებაც კი წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. ქეთი ამბობს, რომ სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობის დამსახურებით, ეს კომპანია ერთი დიდი ოჯახია.

„ყოველთვის ღია ვარ ნებისმიერი თანამშრომლისგან წამოსული იდეის მოსასმენად ან განსახილველად, განურჩევლად იმისა თუ რა ხედვა მაქვს პირადად მე ამ საკითხთან მიმართებაში. მე შეიძლება ზედაპირულად ვიცოდე რა სურს მომხმარებელს, მაგრამ რადგან მათთან პირდაპირი შეხება არ მაქვს, კონსულტანტების პოზიციას ვისმენ. „ლუტეციაში“ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენს გუნდს 20 წელია მოჰყვება, ამას ახლავს სირთულეებიც, თუმცა საქმე მოითხოვს, რომ თუ შენიშვნის მიცემაა საჭირო, ის წლების თანაგუნდელსაც ისევე მივცე როგორც ახალს, ვინაიდან მე პასუხისმგებლობები მაქვს კომპანიის თითოეული თანამშრომლის წინაშე, რომელთა უკან ოჯახები დგანან. ამიტომაც როგორ პასუხისმგებლობასაც მე ვგრძნობ, ასევე უნდა იყვნენ ისინი ჩემ წინაშე. ბიზნესში მთავარი გამართული ჯაჭვია, ამისთვის კი ყველა რგოლი საქმეს თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს“.

ამ ეტაპზე „ლუტეციას“ გუნდი 180 წევრისგან შედგება, რომელთა 70% ქალები არიან. ქეთი გვეუბნება, რომ სხვა ქვეყნებში პარფიუმერიის ბიზნესში მართვით ნაწილში გენდერული ბალანსი უფრო მეტად დაცულია, „ლუტეციას“ პარტნიორ კომპანიების 50-60% მამაკაცები წარმოადგენენ.

საქართველოში კი პირველი კაცი, ვინც არსებული სტერეოტიპი დაარღვია ვახტანგ ფხაკაძე, “ლუტეციას“ დამფუძნებელი, იყო. ასე ის მსოფლიოში საქართველოს ელჩად იქცა! აქ მასზე წარსულში საუბარი მარტივი არავისთვისაა და განსაკუთრებით ქეთისთვის.

„ბატონი ვახტანგი პირველ რიგში მასწავლებელი იყო, მუდმივად ცდილობდა სხვებისთვის ცოდნის გაზიარებას და თავისუფლების მინიჭებას. ვახო ყველას აძლევდა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, არასოდეს გვაქცევდა ჩარჩოებში. მას განსაკუთრებულის კეთება უყვარდა და ეს „ლუტეციას“ კარგად ეტყობა“.

ვახტანგ ფხაკაძის სახელს უკვდავს მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდიც ხდის, რომლის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდები და განათლებაა. ესეც დამფუძნებლის ხელწერიდან გამომდინარეობს, ვახტანგ ფხაკაძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ახალგაზრდებისა და განათლების მიმართ ჰქონდა.

ვახტანგ ფხაკაძის ფონდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით „ლუტეციას“ ერთადერთი პროექტი არ არის. კომპანია ცდილობს ფეხი აუწყოს პარტნიორი ბრენდების ტენდენციას და წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვაში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„ლუტეცია“ მუდმივად გვერდით უდგას ქართულ ეროვნულ კულტურას, ცდილობს წვლილი შეიტანოს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში. ამის მაგალითია დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან თანამშრომლობა, მის პროდუქციას მალე „ლუტეციას“ მაღაზიებში ნახავთ.

„ლუტეციაში“ ახალი წლის აღნიშვნა პირველ დეკემბერს იწყება და კულმინაციას 25 დეკემბერს აღწევს, როცა მომხმარებლებს Night shopping-ით ანებივრებს, რაც მათ საშუალებას აძლევს საახალწლო საჩუქრები ადრიანად შეიძინონ. კომპანია ერთგულ მომხმარებლებს წვეულებებსაც უწყობს, ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ოპერისა და ბალეტის თეატრშიც კი გაიმართა. ამ იდეის სულისჩამდგმელიც ვახტანგ ფხაკაძეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ზუსტი კვლევის წარმოება არ ხდება, კომპანიებს ბუნებრივია საკუთარი მონაცემებიც აქვთ. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ქეთევან ტორონჯაძე გვეუბნება, რომ ბაზრის დაახლოებით 40-45% „ლუტეციას“ ეკუთვნის, ეს კი კომპანიის გენერალური დირექტორს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ „ლუტეცია“ შემდგარი პროექტია!

„ძალიან ამაყი ვარ, როცა ვფიქრობ საიდან სანამდე მივედით. ჩვენ ყველაზე გვიან დავიწყეთ საქმიანობა და ახლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად ფეხზე მდგომი კომპანია ვართ“.

თერთმეტი მაღაზია ქვეყნის მასშტაბით, აქედან ცხრა დედაქალაქში და ორი ბათუმში – ეს „ლუტეციას“ დღევანდელი რეალობაა, თუმცა უახლოეს პერიოდში კომპანია ახლა ობიექტს ქუთაისში გახსნის და კიდევ ერთ მაღაზიას ბათუმში დაამატებს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

„ჩვენი დამფუძნებელი პრაგმატული აზროვნებით გამოირჩეოდა, ამის დასტურია ის, რომ 2011 წელს პირველები ვიყავით, რომლებიც სავაჭრო ცენტრში შევედით, ახლა კი ყველა ძირითად სავაჭრო ცენტრში ვართ წარმოდგენილი. ქუჩის, ანუ ცალკე მდგომ მაღაზიას, თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ძალიან აქტუალურია სავაჭრო ცენტრები“.

ქეთევან ტორონჯაძე მომავალი წლის გეგმებსაც გვიზიარებს. მომავალი წლის პირველ სემესტრში „ლუტეციას“ ორი ახალი პროექტი აქვს რეგიონში. რაც შეეხება დედაქალაქს, კომპანიის გეგმები დიდი მაღაზიების გაძლიერებას და ბრენდებით გამრავალფეროვნებას უკავშირდება. მალე განახლდება „ლუტეციას“ ვებგვერდიც, სადაც თქვენი საყვარელი ბრენდების და პარფიუმერიის ისტორიები დაგხვდებათ. ქეთის უნდა, რომ საინტერესო ამბები მომხმარებლებსაც გაუზიარონ.

თავად უპირატესობას ქალების შექმნილი იმპერიების ბრენდებს ანიჭებს, მათ მიმართ სხვა ემოციები აკავშირებს და, ზოგადად, სჯერა, რომ წარმატება საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მოაქვს.

„მთავარია შრომა და რწმენა. მერე რა თუ რამდენიმე მცდელობა არ გაამართლებს? მთავარია არ დანებდეთ, თუ საკუთარიშესაძლებლობებს ირწმუნებთ, და თუ ამისთვის ბევრს იშრომებთ, მიზანსაც აუცილებლად მიაღწევთ. ჩემი მიზანია „ლუტეცია“ ყოველთვის ძლიერი და კიდევ უფრო წარმატებული იყოს. წლების შემდეგ ალბათ ჩვენი გზები გაიყოფა, თუმცა მჯერა, რომ ჩემი და „ლუტეციას“ კავშირი სამუდამოა“.