ქალი რეჟისორების 100 საუკეთესო ფილმი

BBC-ის კულტურის რუბრიკის მიერ გასულ წელს შემოთავაზებულ სიაში „100 საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, ერთი საყურადღებო ფაქტი გამოიკვეთა: 100 ფილმს შორის მხოლოდ 4 იყო ქალი რეჟისორის მიერ შექმნილი. იგივე სტატისტიკა ფიქსირდებოდა სხვა, მათ მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ გამოკითხვებში. მაგალითად, 2017 წელს გამოქვეყნებული სია „100 საუკეთესო კომედიის“ შესახებ, ისევ 4 ქალ რეჟისორს ითვლიდა. 2016 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც XXI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმის გამოვლენას ემსახურებოდა, ქალი რეჟისორების მხოლოდ 12 ფილმი მოხვდა და სხვა კიდევ უამრავი სია, სადაც “ქალთა ხედვა” ნაკლებადაა დაფასებული.

2019 წელს BBC-მ გადაწყვიტა სრული ყურადღება ქალი რეჟისორების შემოქმედებისთვის დაეთმო და ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. 761 ფილმი შეაფასა მსოფლიოს 84 ქვეყანაში მოღვაწე 368 კინო-ექსპერტმა, რომელთა შორის იყვნენ კრიტიკოსები, ჟურნალისტები, ფესტივალების ორგანიზატორები და აკადემიკოსები. BBC-მ გენდერული ბალანსის მიზნით თანაბარი რაოდენობის მამაკაცები და ქალები გამოკითხა. მათ დაევალათ შეერჩიათ ქალი რეჟისორების მიერ შექმნილი 10 საუკეთესო ფილმი. სწორედ მათი მოსაზრებები დაედო საფუძვლად საბოლოო შედეგს, სადაც თავი მოიყარა იმ მრავალფეროვნებამ, კრეატიულმა ხედვამ და ძალამ, რასაც ქალები გვაჩვენებენ საკუთარი ფილმებით.

გთავაზობთ პირველ ხუთეულს:

Poster Credits to Film Affinity

5. Lost in Translation (Sofia Coppola, 2003)

რეჟისორ სოფია კოპოლას რიგით მეორე მხატვრული ფილმი, რომელიც “ოსკარის” 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი, თანამედროვე იაპონური ქალაქის ფონზე განიხილავს მარტოობის, უძილობის, ეგზისტენციალური კრიზისისა და კულტურის თემებს. მთავარ გმირს, ასაკოვან მსახიობ ბობ ჰარისს, ბილი მური ასახიერებს, ხოლო სტუდენტ გოგონას შარლოტს, რომელსაც გმირი ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში გაიცნობს, სკარლეტ იოჰანსონი.

Poster Credits to IMDB

4. Beau Travail (Claire Denis, 1999)

კლერ დენის მიერ 1999 წელს შექმნილი ეს ფრანგული ფილმი დაფუძნებულია ჰერმან მელვილის 1888 წელს გამოცემულ ნოველაზე „ბილი ბადსი“. სიუჟეტი ჯიბუტიში ვითარდება და მთავარი გმირები საფრანგეთის საგარეო ლეგიონში მოღვაწე ჯარისკაცები არიან.

Poster Credits to The Criterion Channel

3. Jeanne Dielman, 23 Quai du Commerce, 1080 Bruxelles (Chantal Akerman, 1975)

ბელგიელი კინორეჟისორის შანტალ აკერმანის მხატვრული ფილმი გამოსვლის დღიდანვე საერთაშორისო საზოგადოებისა და კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცა. იგი
იქცა საკულტო კლასიკად, რომელსაც New York Times-მა „კინოს ისტორიაში ქალის პირველი შედევრი“ უწოდა.

Photo Credits to The Criterion Collection

2. Cléo from 5 to 7 (Agnès Varda, 1962)

სიუჟეტი იწყება 21 ივნისს, 5 საათზე და გვიყვება ისტორიას ახალგაზრდა მომღერალ ფლორენცი „კლეო“ ვიქტორიაზე. ფილმში ეგზისტენციალიზმის რამდენიმე თემატიკა იკვეთება, მათ შორის სიკვდილზე ფიქრი, შიში და სასოწარკვეთა. იგი ასევე გამოირჩევა ძლიერი ქალური ხედვით, რადგან ფილმში განხილული თემები ეხმიანება ფრანგულ ფემინიზმს და სტერეოტიპებს, რომელთაც საზოგადოება უწესებს ქალებს.

Photo Credits to AlloCiné

1. The Piano (Jane Campion, 1993)

3 ოსკარის მფლობელი ფილმი BBC-ის სიის სათავეში მოექცა. მან გამოსვლისთანავე ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. მაგალითად, როჯერ ებერტი წერდა: „ეს არის ერთერთი უიშვიათესი ფილმი, რომელიც არ გვიყვება ისტორიებს მხოლოდ ცალკეულ პერსონაჟებზე ან მათ ცხოვრებაზე. ეს არის ფილმი, რომელიც გვიყვება
გრძნობების მთელ სამყაროზე.“

BBC-ის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო 100 ფილმის სრული სიის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: ქალი რეჟისორების მიერ შექმნილი 100  საუკეთესო ფილმი – BBC