ჩეხური კომპანია TON.a.s. ევროპაში გრეხილი ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის უკან მიხაელ ტონეტი დგას, რომელმაც ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. 1861 წელს ტონეტმა ჩეხეთში ქარხანა გახსნა, რომელშიც დანერგილ ფუნდამენტურ პრინციპებსა და მისი დამფუძნებლის მემკვიდრეობასაც კომპანია დღემდე ერთგულად ინარჩუნებს.
ევროპული სკამების სალონ TON-ს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა ჰყავს. ის ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს ამ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდის ავეჯს სთავაზობს. ადგილობრივ ბაზარზე TON-ის პირველ ნაბიჯებზე, მის განსაკუთრებულ მახასიათებლებსა და პოპულარულ მოდელებზე Forbes Woman-თან საქართველოში ბრენდის წარმომადგენელმა, მარიამ მამაცაშვილმა ისაუბრა.
როდის გამოჩნდა TON-ი ქართულ ბაზარზე? მოგვიყევით ბრენდის ქართული წარმომადგენლობის პირველ ნაბიჯებზე.
TON-ი ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. იმ დროისთვის საქართველო არ იყო განებივრებული ევროპული ბრენდების ფართო არჩევანით და სწორედ ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზების სურვილი გახდა ბიძგი ადგილობრივ ბაზარზე ამ ნიშის დასაკავებლად.
პირველი ნაბიჯები ჰორეკა ბიზნესთან ლოიალური ურთიერთობების დაწყების მცდელობით გადაიდგა, რისთვისაც სხვადასხვა მიდგომა გამოვიყენეთ.
ჩვენი საქმიანობის სწორ რელსებზე დაყენებისთვის მნიშვნელოვანი გზა იყო მომხმარებლებთან უკუკავშირი, მათი მოსაზრებების გაზიარება და მაქსიმალურად გათვალისწინება, შეთავაზებების მათთვის მისაღებ პირობებზე მოსარგებად. საბედნიეროდ, ეს ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანი გახდა.
მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დაგვარწმუნა და განვითარება განვაგრძეთ.
რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა TON-ი ამავე ბიზნესში ჩართული სხვა ბრენდებისგან?
ამჟამად საქართველოს ბაზარზე ძალიან ბევრი კარგი კომპანია ოპერირებს და ყველას თავისი გამორჩეული მახასიათებელი აქვს. თუმცა TON-ი ამ კონკურენტულ გარემოში საკუთარი ადგილის შენარჩუნებას ახერხებს.
ჩვენს გამორჩეულ მახასიათებელზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მსოფლიოში გრეხილი ავეჯის მანუფაქტურის უმსხვილესი წარმომადგენლები ვართ, რომელიც ინარჩუნებს ტრადიციას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ხარისხს და მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე.
TON-ი დაარსების დღიდან მკაცრად იცავს საუკეთესო ნაწარმის შექმნისათვის საჭირო ყველა კომპონენტს. ის იყენებს უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, ხის დამუშავების უნიკალურ ტექნოლოგიას, ეყრდნობა გამოცდილ მუშახელს, მომხმარებლებს სთავაზობს წარმოების უწყვეტ ციკლსა და დახვეწილ დიზაინს.
ბრენდის გამორჩეული მახასიათებელია ასევე ისიც, რომ TON a.s. პროდუქციის შექმნის პროცესის 70%-ს ხელით შრომა შეადგენს. ამასთანავე, მართალია, მწარმოებელი 160 წელია რეტრო მოდელების მიმართ ერთგული რჩება, თუმცა თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, რომლებიც ქმნიან თანამედროვე მოდელებს ბრენდისთვის დამახასიათებელი ხელწერის შენარჩუნებით.
კომპანიის ღირებულებებსა და პასუხისმგებლობას ჩვენც ზედმიწევნით ვიზიარებთ, ყოველივე ეს კი ჩვენ მიმართ ნდობას განსაზღვრავს.
როგორია TON-ის სკამების ასორტიმენტი? რა ტიპის ავეჯს მოიცავს ბრენდის კოლექციები?
TON-ი მომხმარებელს სთავაზობს როგორც უკვე კლასიკად ქცეული რეტრო მოდელების კოლექციას, ასევე მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან კოლაბორაციის შედეგად შექმნილ თანამედროვე მოდელებს.
კოლექციები მოიცავს: სკამებს, ბარის სკამებს, სავარძლებს, გარდა ამისა, მაგიდებსა და საკიდებს.
ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი პროდუქტისთვის მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს ხის 30-მდე სხვადასხვა ფერი და 100-მდე სახეობის ქსოვილი.
ვინ არის TON-ის ძირითადი მომხმარებელი საქართველოში და რომელ მოდელებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, აგრეთვე სასტუმროები, რესტორნები, თეატრები და სხვა დაწესებულებები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ TON-ის სკამი იქმნება ყველასთვის. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მისთვის სასურველი მოდელის შერჩევას, მიუხედავად გემოვნებისა.
საქართველოში ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის „ვენური სკამი“ (ნომერი 14 და 18), რომელიც თავისუფლად ერგება სხვადასხვა ინტერიერს. თანამედროვე მოდელებიდან კი TON-ის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის, ალექსანდრ გუფლერის მიერ შექმნილი მოდელი MERANO და ლუსი კოლდოვას ნამუშევარი CHIPS LOUNGE.
ამ ჩამონათვალში, ვფიქრობთ, საპატიო ადგილს დაიკავებს სრულიად ახალი მოდელი LA ZITTA.
რა უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს TON-ი მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობთ, შეიძინოს ისტორიის ნაწილი და დაამატოს თავისი ფურცელი ამ დიდი წარმატების თხრობაში, რომელსაც 1861 წელს ჩაუყარა საფუძველი ერთი ნიჭიერი ადამიანის, მიხაელ ტონეტის დაუღალავმა შრომამ და მიზნისკენ სწრაფვამ.
TON a.s.-ის პროდუქციის შეძენისას, თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ სკამს თავისი ფუნქციური დანიშნულებით, არამედ ძვირფას ნივთს. ეს ავეჯი, მისი მდგრადობის დამსახურებით, თაობიდან თაობას გადაეცემა. შესაბამისად, მას წლების განმავლობაში არათუ აკლდება, არამედ ემატება ღირებულება – ის თქვენი ოჯახის ისტორიის მატარებელიც ხდება.
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ TON-ისგან უახლოეს პერიოდში?
ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლეები TON-ის ხაზით, რომელიც მილანის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე ახალ მოდელს წარადგენს.
ასევე, ჩვენს შოურუმში წელს დავამატეთ გარე ავეჯის მიმართულება: იტალიური ბრენდი SCAB და ხალიჩების ესპანური ბრენდი Nanimarquina.