ტოკიო 2020: ოლიმპიური თამაშების ბედი

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ 1940 წელს უნდა გამართულიყო. აღნიშნული უფლება იაპონიამ 1937 წელს მოიპოვა, მაგრამ იმ პერიოდში ოლიმპიადა საერთოდ არ ჩატარებულა. წელს ოლიმპიური ცეცხლი  ტოკიოში, პანდემიის მიუხედავად, 19 მარტს ჩავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულმა ჯგუფებმა და ასოციაციებმა, მათ შორის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და ფორმულა ერთმა, გააუქმეს დაგეგმილი ღონისძიებები ბოლო კვირების განმავლობაში, რათა თავიდან აეცილებინათ სპორტსმენებისა და მაყურებლების შეკრება, იაპონია მაინც მოწადინებულია, რომ ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ ჩატარდეს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოთხშაბათს განაცხადა, რომ სრული მზადყოფნით და თავდადებით უზრუნველყოფს 24 ივლისიდან დაგეგმილი თამაშების ჩატარებას და მიიღებს ზომებს, რათა სპორტსმენთა, მწვრთნელთა და დამხმარე გუნდების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. კომიტეტმა ასევე მოუწოდა სპორტსმენებს, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ლიდერებმა განიხილეს ოლიმპიადის გადადება-გაუქმების საკითხი, თუმცა იაპონიის პრემიერ მინისტრ სინძო აბეს „გადაწყვეტილება არ მიუღია“. ორშაბათს, აბემ განაცხადა, რომ მან მოიპოვა G7 ლიდერების მხარდაჭერა, ოლიმპიადის „სრულ ფორმატში“ ჩატარებასთან დაკავშირებით.

თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იაპონიაზე არ არის დამოკიდებული – საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თამაშების გაუქმება მაისშიც შეუძლია.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, კაორი იამაგუჩიმ აღნიშნა, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს მსგავს სიტუაციაში, რადგან ზოგიერთმა სპორტსმენმა შეიძლება ვერ შეძლოს სათანადოდ მომზადება.

„ოლიმპიური თამაშები მსოფლიო მშვიდობის სიმბოლოა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავატაროთ ოლიმპიადა, თუკი ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ამ უდიდესი სპორტული მოვლენით სიამოვნებას ვერ მიიღებენ“ – განაცხადა იამაგუჩიმ.

იაპონიის მმართველი პარტიის წევრმა და პარლამენტარმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ ქვეყანა ოლიმპიური თამაშების გადადებისთვის მზად უნდა იყოს.

„თუ ყველაზე ცუდ სცენარზე არ ვიფიქრებთ, მისი ხორცშესხმის რისკი თავისით არ გაქრება. მთავრობამ ახლავე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რა უნდა ქნას, თუ ოლიმპიადა გადაიდება ან ჩაიშლება.“

ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება ოლიმპიური თამაშების ჩატარება მაყურებლის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სპორტსმენს გასავლელი აქვს კვალიფიკაცია ოლიმპიური თამაშებისთვის. მაგალითად, ბეისბოლის საბოლოო საკვალიფიკაციო ღონისძიება, რომელიც ტაივანში უნდა გაიმართოს, აპრილიდან ივნისამდე გადაიდო.