შესავლის გარეშე: ამ სიტყვების დაწერა მქონდა ჩაფიქრებული შესავლის ადგილზე. მერე მივხვდი, რომ მთლად შესავლის გარეშე არ გამოვიდოდა, რადგან ჯერ კიდევ არ აქვს ყველას წაკითხული ეკას ახალი რომანი „შინ-შენ“. წიგნი, რომელიც პირადი ტრაგედიიდან მალევე დაიწერა; რომელიც აუცილებლად შეგცვლის და უკეთესს გაგხდის; რომელიც უნდა წაიკითხო და გულში ჩაიხუტო.
რა არის ის მთავარი, რაც პანდემიამ თქვენს ცხოვრებასა და ცნობიერებაში შეცვალა?
პანდემია ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ ეტაპს დაემთხვა, პირადმა ტრაგედიამ ყველაფერი გადაფარა – ე. წ. სოციალური იზოლაცია ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, რადგან ჩემს მეუღლეს, რატის, სიმსივნე დაუდგინდა და უბრალოდ აღარ დაგვრჩა გარესამყაროსთან ურთიერთობის დრო და ენერგია. მკურნალობებს, ოპერაციებს, შემოწმებებს შორის არსებული შუალედები მთლიანად ერთმანეთს დავუთმეთ, რადგან დიაგნოზით პროგნოზირებული ვადა ქვიშის საათივით ილეოდა ჩვენ თვალწინ. შემდეგ უკვე, თვეების განმავლობაში ფიზიკურადაც ვეღარ გავდიოდი სახლიდან. პანდემიის გარეშეც რეანიმაციად ქცეულ ოთახში ვცხოვრობდით, ყველაფერს მოწყვეტილები, დროსა და სივრცეში დაკარგულები. ამიტომ კოვიდის ისტორიაში ჩემი ამბავი სულ სხვაა. საერთო ჩაკეტილობის სიმწვავე, სინამდვილეში, მოგვიანებით, ჩემი შვილით ვიგრძენი. იზოლაციის უარყოფითი შედეგები მისი გავლით მომწვდა. აღმოჩნდა, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს ემოციის გაზიარების, ფიზიკური აქტივობის, მეგობრებთან გულის გადაყოლების არხი გადაეკეტა, რამაც კიდევ უფრო დააზიანა. ეს პერიოდი, ვფიქრობ, განსაკუთრებით დამთრგუნველი სწორედ მოზარდებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ისედაც გაჯეტებს იყვნენ მიჯაჭვულები. თინეიჯერებმა საერთოდ დაკარგეს ოთახიდან გამოსვლის სურვილი, ძალიან ბევრ რამეს მოაკლდნენ, ცოცხალ ურთიერთობებს გადაეჩვივნენ. დაიწია როგორც სწავლისა და განვითარების, ისე მთლიანად სიცოცხლის ხარისხმა. ბავშვები გამოვყავი, მაგრამ ეს, ცხადია, ყველას შეგვეხო, უამრავი ადამიანი დავკარგეთ, დაღუპულები ომის წესებით დავკრძალეთ, შიშსა და გაუგებრობაში ვიცხოვრეთ. დაგვაკლდა უმნიშვნელოვანესი რამ – ერთმანეთთან სიახლოვე – ეგზიუპერის არ იყოს, ადამიანთა ყველაზე დიდი ფუფუნება ხომ ურთიერთობებია. ალბათ დრო და ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ვირუსიც დაიძლიოს, ეკონომიკაც აღდგეს და ფრუსტრაციისგანაც განიკურნოს საზოგადოება.
რამდენად აქტიურად წერთ ამ ეტაპზე?
წერა ავტორისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მგონია, რადგან მაშინაც, როცა ის არ წერს, უშუალოდ წერის პროცესში არაა, მისი გონება მომართულია დაკვირვებისკენ, ტვინის რომელიღაც უბანში აარქივებს ამბებს, პერსონაჟებს, კონტექსტს, კადრებს, ფრაზებს… და ეს რეფლექსია პირდაპირ ან ირიბად მის ტექსტებში განსხეულდება.
ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ერთ-ერთი ჩვენი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ისტორიასა და იმ ადამიანებს ეხება, ვინც ამ ისტორიის ყველაზე ღირსეულ ნაწილს ქმნიდა. გავეცანი პირველი დეპუტატი ქალებისა და იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ფიგურების ცხოვრებას, მომიწია ძველ დროში მოგზაურობა და ისეთი დეტალების აღმოჩენა, რაც გულწრფელად საამაყოა. ეს ძალიან კარგად მოქმედებს ჩემს ეროვნულ თვითშეფასებაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. მათავისუფლებს წლების განმავლობაში თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან, რომ დამოუკიდებლობა არ შეგვძლებია, რომ უნიათო მთავრობა გვყავდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მხოლოდ სხვებისგან, ცივილიზებული სამყაროსგან უნდა ვისწავლოთ. სინამდვილეში დასავლური ღირებულებები ხომ სრულიად ბუნებრივად დაიბადა ჩვენში და როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცა, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, თანასწორობაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული კონსტიტუციაც შევქმენით. მეც კიდევ ერთხელ მომეცა იმის გაცნობიერების საშუალება, სად ვიქნებოდით ახლა, რომ არა რეპრესიები, დიდი ტერორი, ომები და გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლა. რომ არა ჩვენი მოაზროვნე და პროგრესული ნაწილის მიზანმიმართული განადგურება, რომელიც, ჯემალ ქარჩხაძის სიტყვებით, ერის სახე და მისი პოტენციის საზომია, სულიერი განვითარების მამოძრავებელი ძალაა, ზღაპრული რაშების მათრახიცაა და ლაგამიც.
ახალი წიგნით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიის პერიოდი პროდუქტიული იყო წერის თვალსაზრისით – ამ პერიოდს დაემთხვა თუ პირიქით, ამ პერიოდმა განსაზღვრა ახალ მნიშვნელოვან ტექსტზე მუშაობა?
უბრალოდ დაემთხვა. მთავარი ბიძგი სხვა რამ იყო – რომანის სინოფსისი სულაკაურის გამომცემლობამ მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ ძალიან კარგ კონკურსზე წარადგინა. ასე გაიმარჯვა ჯერ კიდევ დაუწერელმა წიგნმა, მიიღო მწერლის სტიპენდია და მაიძულა მუშაობა მკაცრ კალაპოტში მომექცია. რომანი „შინ – შენ“ დეკემბრის ბოლოს უნდა ჩამებარებინა. წერა შემოდგომაზე დავიწყე, რაც კი ენერგია მქონდა, ბოლომდე მოვიკრიბე. ეს იყო თავაუღებელი შრომა, კაბინეტში გატარებული ათი-თორმეტი საათი, განუწყვეტელი ფიქრი, სიზმარში ჩაყოლილი ეპიზოდები. მეც ახალი გამოცდილება მივიღე ამ უჩვეულო, ფორსირებული ტემპით. თურმე შესაძლებელია ტექსტის შემჭიდროებულ ვადებში შექმნა, თუ სათქმელი მომწიფებულია და გარემო პირობებიც ხელს გიწყობს. დედას გარეშე რას შევძლებდი, მისი ძალიან მადლიერი ვარ. ჩემმა შვილმაც მოთმინება გამოიჩინა, სხვათა შორის, იმ ეპიზოდებშიც დამეხმარა, სადაც წამყვან როლში თინეიჯერები იყვნენ… ფიზიკურად კი სახლში ვიყავი, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის არ ვარსებობდი, სხვების ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვკითხულობდი დოკუმენტურ თუ მხატვრულ მასალას, ვუყურებდი ფილმებს, არქივის კადრებს და ვწერდი. გრძელი გზა გავიარე: ომამდელი აფხაზეთი, რუსეთ-საქართველოს ომი, უღელტეხილის ჯოჯოხეთი, დევნილების ყოფა თბილისში, მსახიობის პროფესიის თავისებურებები, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური ამბები, კინოგადაღების სპეციფიკა, მიწისძვრა და სახლის ჩამონგრევა, წარსულის ტრავმა და გადარჩენის ინსტინქტი. და რაც მთავარია, ირიბი ტრავმა, ჩვენს შვილებზე გადასული სიმძიმე, რომელმაც ბოლო წლებში უცნაური დაავადების სახე მიიღო: „გარიყულობის სინდრომი“ – ასე ეწოდა მდგომარეობას, რომელშიც დევნილი, სამშობლოდან განდევნილი ადამიანების შვილები ვარდებიან. თავშესაფრის მოლოდინში უსახლკაროდ დარჩენილ ემიგრანტ ოჯახებში ბავშვი, რომელიც კარგავს მომავლის იმედს და უსაფრთხოების განცდას, უვადოდ იძინებს. ჩვენთვის უფრო ნაცნობი სიტყვებით რომ ვთქვა, ეს არის საღათას ძილი, გნებავთ, ლეთარგიული ძილი და მედიცინისთვის დღემდე ამოცანად რჩება: როდის გაიღვიძებს ბავშვი, გამოიღვიძებს კი საერთოდ?… გარიყულობის სინდრომი უმეტესად შვედეთში ემიგრირებული ოჯახების ბავშვებში გვხვდება. მოზარდი თითქოს დათვივით ცდილობს გამოზამთრებას და გაზაფხულს ანუ უკეთეს დროს ელოდება. ის მაშინ იღვიძებს, მაშინ უბრუნდება ცხოვრებას, მაშინ იწყებს მისი სასიცოცხლო ფუნქციები აღდგენას, როცა ოჯახს თავშესაფარი მიენიჭება და მთავრდება გაუგებრობა, ჩნდება თავზე ჭერი, გადარჩენის, ნორმალური ცხოვრების გარანტი. საოცარი რამაა ფსიქიკა, ამ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკა, მისი დამცავი მექანიზმი, რომელიც ფარივით იცავს მოზარდს, უარს ათქმევინებს არასასურველ ყოფაზე, გარიყავს ცხოვრებისგან და დააძინებს თვეობით, წლობით, იქამდე, სანამ ყველაფერი უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
რამდენად რთული იყო ამ ტექსტზე მუშაობა – ტექნიკურად, ემოციურად? როგორ გახსენდებათ მუშაობის პროცესი?
მუშაობისას ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ზღვაში შევცურე და უკან დასაბრუნებელი გზა მომეჭრა, ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა ამომეყვინთა. არ მქონდა შეჩერების, დასვენების, ხმელეთზე ფეხის დადგმის ფუფუნება. უნდა მყოფნოდა სუნთქვა, ძალა და გამბედაობა. ზუსტად არც ის ვიცოდი, რომელ ნაპირზე აღმოვჩნდებოდი, იქნებ იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ და იქაურობას დღეს დაკარგულ ტერიტორიად მოვიხსენიებთ.
დაკარგული ტერიტორია ხომ, პირველ რიგში, დაკარგული ადამიანები, ომით განადგურებული ურთიერთობები და გაწყვეტილი კავშირებია. ეს არ იყო ცურვა სიამოვნებისთვის, ათასჯერ ჩავლილი წყლის მსუბუქად გადაკვეთა. პირობით შუქურას, რომელსაც ორიენტირივით ვეჭიდებოდი, სასიგნალო შუქით ანათებდა ერთი აფხაზური ფრაზა. რამდენიმე წლის წინ აფხაზმა მეგობარმა მასწავლა, რომ მის ენაზე „მე შენ მიყვარხარ“ სიტყვა-სიტყვით ასე ითქმის: „მე შენ კარგად გხედავ“. მთავარი შთაგონებაც ეს პარადიგმა აღმოჩნდა, ადამიანის შეულამაზებლად დანახვა, გადაუკეთებლად მიღება და ისეთად შეყვარება, როგორიც ის სინამდვილეშია. ათასი ასოციაცია წამოიღო ამ მიდგომამ, თუნდაც ისევ ბავშვობისდროინდელი ეგზიუპერი: „გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით“. სხვისი თვალებით რომ გამოიხედო, მისი რაკურსით დაინახო სამყარო, ამას მართლა დიდი ძალა, ემპათია, ზოგჯერ საკუთარი პოზიციის დათმობა და იმის დაშვება სჭირდება, რომ შენი სიმართლის გარდა არსებობს სხვისი სიმართლე. ანუ სჭირდება სიყვარული. სიყვარულზე წერის ერთ-ერთი გამოწვევა, სათქმელის ფორმის ბანალურობისგან დაცლა, სენტიმენტალურობისა და პათეტიკისგან გათავისუფლებაა. ძიებაა, როგორ იყო ბოლომდე ნამდვილი და მოურიდებლად გულწრფელი.
რა გარემოში წერთ? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ წეროთ?
გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერის ატრიბუტები: კომპიუტერი, ფურცელი, კალამი. წერა დიდ კონცენტრირებას მოითხოვს. ადრე კაფეში მუშაობასაც ვახერხებდი და ზოგადად ხალხმრავალ ადგილებშიც შემეძლო ყურადღების მოკრება. ვისაც საინფორმაციოში, ნიუსრუმში უმუშავია, ალბათ ყველას აქვს ეს თვისება მეტ-ნაკლებად გამომუშავებული. მაგრამ დროსთან ერთად სულ უფრო მეტად მჭირდება სიმშვიდე და მარტოობა. სახლში კაბინეტში ისე შევდივარ, როგორც სამსახურში და ოჯახის წევრებიც ასე აღიქვამენ ამ სივრცეს.
მჯერა, რომ განმარტოება, საკუთარ თავთან დარჩენა და ამოსუნთქვა ყველას სჭირდება, პროფესიის და საქმიანობის მიუხედავად. ეს ხომ მარათონში ჩაბმული ადამიანის შეჩერების, სულის მოთქმის, ცხოვრებისგან დისტანცირების და სრული სურათის აღქმის საშუალებას გვაძლევს, იმის გაანალიზების შესაძლებლობას, საით მივდივართ და რისი შეცვლა გვინდა/შეგვიძლია.
რამ განსაზღვრა ამ რომანის თემატიკა? რატომ მოგინდათ ამაზე გეწერათ?
აღმოჩნდა, რომ ჩვენი შვილები, ვისაც ომი არასდროს გადახდენია, ისინიც კი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ დაიბადნენ, ზოგჯერ სიზმარში ომის დეტალიზებულ ეპიზოდებს ხედავენ. ეს ფაქტი, ზოგადად ისტორიული თუ გენეტიკური მეხსიერება, მნიშვნელოვანი საკვლევი თემაა. კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყველანი ერთი მთლიანის ნაწილი ვართ და ერთმანეთზე ვაგებთ პასუხს. შენში ისიც არსებობს, რაც შენამდე მოხდა, რაშიც პირადად მონაწილეობა არ მიგიღია.
აფხაზეთის თემაზე ძალიან გულზე მომხვდა გამორჩეული მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის სიტყვები, ახალი თაობისთვის აფხაზეთი შეიძლება იმად იქცეს, რაც ჩემთვის ტაო-კლარჯეთიაო. და მართლაც, რა არის ტერიტორია ემოციური კავშირის, სიყვარულის გარეშე?!
რუსეთ-საქართველოს ომი ამ რომანში მხოლოდ ფონია, ეს წიგნი ომის შემდგომ მშვიდობაზეა, დაზიანებულ, მყიფე მშვიდობაზე; ომის დროს დანაღმულ ტერიტორიაზე, სადაც მშვიდობის ჟამსაც შეიძლება აფეთქდე ძველ ნაღმზე და ამ წიგნით შევეცადე მცირედი წვლილი შემეტანა ე.წ. განაღმვით სამუშაოში. დევნილების მიმართ სულ მქონდა დანაშაულის გაუცნობიერებელი შეგრძნება. ომის ამბები ჩემამდე საინფორმაციო საშუალებებით აღწევდა. მაშინ, როცა მათ კლავდნენ, სახლებს უწვავდნენ და ცხოვრებას უნადგურებდნენ, მე თბილ ლოგინში მეძინა. მართალია, ეს ლოგინი ცხელი წყლით სავსე ბოთლით იყო გამთბარი და ოთახში ნავთის სუნი იდგა, მაგრამ მე შინ ვიყავი და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ის თანაგანცდა, რომელიც დევნილების მიმართ თავიდან გაჩნდა, ნელ-ნელა სხვა შეგრძნებებმა ჩაანაცვლა. მახსოვს ამრეზით ნათქვამი „ლტოლვილია“, თბილისელების რეაქცია სასტუმროებში თუ საავადმყოფოებში გამოფენილ სარეცხზე, ქალაქის იერსახის ცვლილებაზე. ცუდად ჩამრჩა ეს ყველაფერი. მინდოდა, ბოდიში და გულწრფელი სამძიმარი გამომეთქვა. მინდოდა მეტად გამეგო, რას ნიშნავს ომგამოვლილი ადამიანი, მართლა გვაძლიერებს თუ არა ის, რაც არ გვკლავს, მთავრდება თუ არა ომი მაშინ, როცა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ფურცელზე მოეწერება ხელი. ეს თემები გადასამუშავებელია და ლიტერატურა ამის მხატვრული გზაა.
როგორ აღიქვამთ რომანის მთავარ გმირს – როგორც ავტორი; როგორც ქალი?
ჩემთვის რომანის მთავარი გმირი კარგი გოგოა, ძლიერი ქალია, მერე რა, რომ იმპულსურია და ზოგჯერ სიბრაზეს ვერ ან არ თოკავს. ბევრი რამ მოვისმინე ნიაზე, ისიც, რომ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი, ხისტია… ლანა ღოღობერიძემ, რომლის შეფასებაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვა: „დასაწყისში მიკვირდა, როგორ არის მთავარი გმირი ასეთი შეუწყნარებელი, მაგრამ საქმეც ისაა, რომ როცა მან ნამდვილი ტკივილი გადაიტანა, მერე შეძლო სხვა ადამიანის ტკივილის გაგება. ეს ჩვენი დღევანდელობის პრობლემაა, კაცობრიობის პრობლემაა. საოცრად გვაკლია სხვისი გაგების უნარი. „შინ – შენ“ არის დიდტკივილგამოვლილი ავტორის ტექსტი, ასეთ წიგნს ვერ დაწერს ადამიანი, რომელმაც არ გადაიტანა ის, რაც სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა, ან გადარჩები ან ვერა… და ეს ტკივილი ავტორმა ხელოვნების ფაქტად აქცია“.
ნიაზე საუბრისას ჩემმა მეგობარმა, გამორჩეულმა პროზაიკოსმა რუსიკო რუხაძემ ის დეტალი მოიყვანა, რომ მას ემოციებისგან უნებურად გულ-მკერდი ეფოთლება: „ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ ნია ძალიან მგრძნობიარეა, სხვებზე მეტად“. მიხარია, რომ ნიაზე ბევრს მსჯელობენ. ვეთანხმებით თუ არა მის საქციელს, მოგვწონს თუ არა მისი გადაწყვეტილებები, მთავარია, რომ გვჯეროდეს პერსონაჟის, იყოს ცოცხალი თავისი ყველა შეცდომითა და ღირსებით.
ამ წიგნში თუ ვინმე მოქმედებს და მოცემულობის შეცვლას ცდილობს, ეს ნიაა. იმ იგავის არ იყოს, რძეში რომ კუ და ბაყაყი ჩავარდებიან, კუ დაიხრჩობა, ბაყაყი კი იმდენს იმოძრავებს, სანამ რძე დოდ არ გარდაიქმნება. ნიაც ასეა, არ ჩერდება, არ ნებდება და იბრძვის ბოლომდე.
ბევრმა წაიკითხა თქვენი ახალი წიგნი. მერე მათი რჩევით კიდევ სხვებმა წაიკითხეს და ბევრმა დაწერა და ილაპარაკა ამ წიგნზე. როგორ ფიქრობთ, რატომ მოეწონათ ეს წიგნი? რა იპოვეს მასში? ძირითადად, რა შეფასებები გესმოდათ და რა იყო მათ შორის თქვენთვის ყველაზე უფრო ემოციური ან საგულისხმო?
„ვაპატიე, გავუგე, მიმახვედრა, დამეხმარა, დამაფიქრა, მძიმეა, მაგრამ ვერ მოვწყდი, დიდი შვება ვიგრძენი“… – ეს ავტორისთვის ოქროს სიტყვებია. კვირა არ გავა, რომ წერილი არ მივიღო სოციალურ ქსელში. მნიშვნელოვანია თითოეული შეფასება. ძალიან ძვირფასია მწერლის, გურამ ოდიშარიას სიტყვები, რომ იშვიათად წაუკითხავს ასეთი თანაგრძნობით დაწერილი წიგნი, რომელიც მკითხველს შეახსენებს მხსნელი ფასეულობების შესახებ: „თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა გიყვარდეს“. ლევან ბერძენიშვილი კი მრავალთემიანობაზე საუბრობს: „არც ერთი ხაზი არ არის მიტოვებული და უცნაურია ერთ წიგნში ასე კარგად ორკესტრირებული ამდენი თემა. გარიყულობის სინდრომი კი დღევანდელობის შესანიშნავი მეტაფორაა, მთელი ნაცია წიგნის პერსონაჟის დღეშია“. მსგავსი შეფასებები ავტორისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
რაზე წერენ ქალები უკეთ, ვიდრე კაცები?
თავიანთ თავზე. წლების წინ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მუშაობისას გავეცანი გაეროს კონვენციას და დამამახსოვრდა სლოგანი: „არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე“. პარადოქსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა თემზე იღებდე გადაწყვეტილებებს თემის ჩართულობის გარეშე. ეს დამამცირებელთან ერთად არაეფექტიანი და უშედეგოა. დრო რომ გავიდა, სლოგანი შეიცვალა, შემოკლდა და ამოვარდა სიტყვა „ჩვენზე“. საზოგადოება მომწიფდა და აღიარა, რომ არ არსებობს თემა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობას – შშმ პირებს – არ ეხებათ. ანუ გასწორდა მიდგომა და დაიბადა სახეცვლილი სლოგანი: „არაფერი ჩვენ გარეშე“. ასეა ქალებზეც, არ არსებობს თემა, რომელზეც ქალმა არ უნდა წეროს, არ უნდა ილაპარაკოს, გადაწყვეტილება მიიღოს. სქესის მიხედვით გამოხატვის თავისუფლების და ზოგადად თავისუფლების შეზღუდვა აბსურდთან ერთად დანაშაულია და მთლიან საზოგადოებას აზარალებს.
მუზა არსებობს?
თუ მუზა არსებობს, ჩემშია, ჩემი ის ნაწილია, რომელიც წამოენთება ხოლმე იდეით, უერთგულებს ამ იდეას, არ დათმობს, შეებრძოლება სხვა ადამიანურ თვისებებს, ინერტულობას, საქმის გადადების, დროის გაფლანგვის ცდუნებას. მუზა ბავშვივით აღტაცებული, გამბედავი და დაჟინებულია. იდეის მცველია, გარწმუნებს, რომ ესა თუ ის სათქმელი ღირს შრომად, ფიქრად, წერად და იმად, რომ სამყაროში გაშვებული სხვებმაც გაიზიარონ, გააკრიტიკონ, მოიწონონ ან დაიწუნონ.
რა ასოციაციები გქონდათ ბავშვობაში სიტყვა „მწერალთან“ დაკავშირებით?
პირველი ასოციაცია, ალბათ, არის ავტორიტეტი. ჩემივე აზრებისთვის ისეთი ფორმის მიმნიჭებელი, რომელიც ახლებურად დამაფიქრებს იმაზე, რაც თითქოს ისედაც ვიცოდი. ასევე შემომთავაზებს თავშესაფარს, გამიქარვებს მარტოობას, მამოგზაურებს სხვადასხვა სივრცესა და ეპოქაში, გამომიწრთობს ცხოვრებისეული სირთულეების იმუნიტეტს. უკეთ გამაცნობს და უფრო შემაყვარებს ადამიანს.
რისი გეშინიათ?
იმ ცუდი მოცემულობების, რომელთაც ვერანაირი ძალისხმევით ვერ შევცვლი, სულ რომ შევეწირო.
რისი აღარ გეშინიათ?
იმის, რაც უკვე მოხდა, რატის გარდაცვალების.