მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air მსოფლიოს არაერთი მასშტაბური ფესტივალის მსგავსად, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო. ღონისძიება მომავალ წელს, სამი დღის განმავლობაში 25-27 ივნისს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

„ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არცერთი წელი ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდეჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე“ – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, ჰედლაინერების ნაწილი Polo & Pan, LP, She Wants Revenge და Kite კვლავაც მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას.
2020 წლის ფესტივალის აბონემენტების მფლობელები კი მომავალი წლის ღონისძიებაზე დასწრებას მათი გამოყენებით შეძლებენ. სასაჩუქრე საშვების გაცემას ორგანიზატორები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებენ.