ამერიკულმა გამოცემა TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია, რომელიც ჟურნალისტსა და მწერალს, ირანელ-ამერიკელ აზადე მოავენის ეკუთვნის, ბოლო წლებში ირანელი ქალების მიერ უფლებებისთვის ბრძოლას ეთმობა.
ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე წლის სექტემბერში ჰიჯაბის „არასწორად“ ტარებისთვის ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული და ნაცემი 22 წლის მაჰსა ამინის საეჭვო ვითარებაში სიკვდილსა და ამის შედეგად დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო ტალღაზე. პროტესტის ნიშნად ქალებმა თმის შეჭრა და ჰიჯაბების დაწვა დაიწყეს.
„ეს ახალგაზრდა ქალები ახლა ქუჩაში არიან. მოძრაობა, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, სავსე მოლოდინით და სასოწარკვეთით – ნორმალური ცხოვრებისთვის: კოლეჯი და საზღვარგარეთ მოგზაურობა, ღირსეული სამუშაო, კანონის უზენაესობა, წვდომა Apple Store-ზე, მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკაში, სიტყვის თავისუფლება და სურვილისამებრ ჩაცმა“, – ვკითხულობთ აზადე მოავენის სტატიაში.
შეგახსენებთ, მაჰსა ამინი ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 13 სექტემბერს დააკავეს. თვითმხილველების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ქალს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მაჰსა ამინი 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მორალის პოლიცია, რომელიც, სხვა მოვალეობების შესრულებასთან ერთად, სამოსის ისლამური წესით ტარებას უწევდა ზედამხედველობას, უქმდება.