ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს BBC-სთან აკეთებს.
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარმა მეტოქემ ტიხანოვსკაიამ 10.9% მოიპოვა. აღნიშნული შედეგები არც ბელარუსმა ხალხმა და არც საერთაშორისო საზოგადოებამ ლეგიტიმურად არ სცნეს, რის გამოც 9 აგვისტოს შემდეგ ქვეყანა უწყვეტმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ტიხანოვსკაიაზე მოქმედი ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ზეწოლა, რის გამოც ოპოზიციის ლიდერმა თავი ლიეტუვას შეაფარა. ლიეტუვაში გადასვლის შემდგომ ის პირველად არღვევს სიჩუმეს BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბელარუსი ხალხისთვის ის ,,თავისუფლების სიმბოლოდ” იქცა, თუმცა, ამის მიუხედავად მას ქვეყნის პრეზიდენტობა დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნია და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ჯერ არ ფიქრობს.
,,მე ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, რომ ხალხი ჩემგან რაღაცას ელოდება… თუმცა მაშინებს ის გარემოება, რომ შესაძლოა მათთვის საკმარისი ვერ გავაკეთო ან სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღო” – აცხადებს ტიხანოვსკაია.
კითხვაზე მიაჩნია თუ არა მას საკუთარი თავი ლიდერად, ის პასუხობს – ,,მე ბუნებით ლიდერი არ ვარ, მაგრამ შესაძლოა ესაა ჩემი ბედი და მისია, რის გამოც მე მზად ვარ ჩემში ლიდერის ეს მხარეც აღმოვაჩინო”.
ტიხანოვსკაია დარწმუნებულია, რომ ბელარუსი ხალხის ბრძოლა შედეგს გამოიღებს – ,,მე ისევე მჯერა ბელარუსი ხალხის, როგორც მათ ირწმუნეს ჩემი. ჩვენ უკანდახევის უფლება ახლა არ გვაქვს!”
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.