ახალი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმისას მსოფლიო ქალაქების ქუჩები ტრანსპორტისგან, თითქმის, სრულიად დაიცალა, თვითმფრინავებმა კი ფრენა შეწყვიტეს. არამხოლოდ ექსპერტები, არამედ დიდი ქალაქების რიგითი მცხოვრებლებიც, ამჩნევენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ცა უჩვეუელოდ ლურჯია, ხოლო ჰაერი – საგრძნობლად სუფთა.
თუმცა, თუკი ატმოსფეროში გაშვებული ნახშირორჟნგის რაოდენობას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ CO2-ის ემისია მხოლოდ 5.5 %-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა თითქმის სრულად პარალიზებულია, გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა წინა წლის ანალოგიური მონაცემის 94.5%-ს შეადგენს. შესაბამისად, ვიდრე ადამიანები საკარანტინო რეჟიმში ცხოვრებენ, გლობალური დათბობის გამომწვევი მთავარი სითბური აირის უდიდესი ნაწილის გამოყოფა კვლავაც გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ 5.5 %-იანი კლება მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და, ფაქტობრივად, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის „რეკორდის“ გაუმჯობესებად შეიძლება ჩაითვალოს, ლეგიტიმური იქნება, დავსვათ კითხვა, საიდან მოდის ნახშორორჟანგის ემისიის დანარჩენი ნაწილი?
თუკი მსოფლიოს მასშტაბით ტრანსპორტირებისა და მოგზაურობის ამგვარი შეზღუდვებიც კი არაა საკმარისი ნახშირორჟანგის გამოყოფის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, მაშინ, სხვა რისი გაკეთებაა შესაძლებელი?
ატმოსფეროში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შეგვიძლია ენერგეტიკული ქსელები მივიჩნიოთ – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საწარმო დახურულია, ენერგორესურსებზე მოთხოვნა, სახლის პირობებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, პანდემიამდელ დონეზე რჩება. მსოფლიოს მასშტაბით ენერგომომარაგებისათვის ელექტროობასთან ერთად ისეთი რესურსები გამოიყენება, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და შესაბამისად, მოხმარებული ენერგიის დიდი ნაწილი არცისე „მწვანეა“. გათბობა და ელექტროობისა მოხმარება ყოველწლიურად სითბური აირების ემისიის 40%-ზეა პასუხისმგებელი.
მრეწველობა, მშენებლობა და სხვა ტიპის ინდუსტრიები ჯამურად წლიურად გამოყოფილი CO2-ის 20%-ს ქმნიან. ამ შემთხვევაში სითბური აირის მთავარ „მწარმოებლებად“ მძიმე მრეწველობები (მაგალითად, ფოლადისა და ალუმინის ინდუსტრია) გვევლინებიან, სადაც ნედლეულის გადასამუშავებლად ნამარხი საწვავების უზარმაზარი რაოდენობის მოხმარება ხდება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ამ სექტორის დიდი ნაწილი კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ანალიზის თანახმად, იმისათვის, რომ ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის დონე წინარე ინდუსტრიული პერიოდის დონეს დაუბრუნდეს და კლიმატის 1.50C-ზე მეტად დათბობა ავირიდოთ, აუცილებელია სითბური აირების გლობალური წლიური ემისია 7.6%-ით შემცირდეს. ამასთანავე, 2020 წელის შეჩერებული ტრანსპორტისა და ეკონომიკის გამო, ნახშირორჟანგის გამოყოფა 7.6%-ითაც რომ შემცირდეს, ეკოლოგიური სურათის გასაუმჯობესებლად საჭიროა იმავე განმეორდეს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში.
მართალია, პანდემიისას ადამიანები საკმაოდ ხშირად მიუთითებენ ლოს-ანჯელესის გასუფთავებულ ცასა თუ გაწმენდილ წყალზე ვენეციის არხებში, თუმცა კლიმატის ცვლილების მთავარი და უხილავი მიზეზი – ნახშირორჟანგისა და მეთანის გამოყოფა კვლავ გრძელდება ელექტროსადგურებში, ნავთობსაწარმოებში, ბუნებრივი აირის კომპანიებსა თუ სხვა სახის მძიმე ინდუსტრიებში.რეალურად, სითბური აირების ემისიის ძირითადი ნაწილი სატრანსპორტო სფეროს მიღმა წარმოქმნება და საკარანტინო რეჟიმმა მხოლოდ მცირედით თუ შეანელა კლიმატის ცვლილების პროცესი.
ამგვარად, შესაძლოა, 2020 წელი უფრო მეტად გაფრთხილებაა, ვიდრე მიღწევა კლიმატის ცვლილების შესახებ – გაფრთხილება, თუ რა ფასს მოითხოვს მსოფლიოსაგან გლობალური დათბობის შეჩერება.
წყარო: grist