The why not Gallery | ცოტათი ახლოს, ცოტათი შორს

ექსპერიმენტები, რევოლუციები და თავისუფლება ‒ თბილისი, საკმაოდ ქაოტური, წარსულში, აწმყოსა და მომავალში დაკარგული ანარეკლების ერთობლიობაა, რომლებიც ჩვენს ქალაქს ეგზოტიკური ხელოვნების ნიმუშად აყალიბებენ. თუ ლოკალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და სახელოვნებო პარადოქსული დისკურსების აღმოჩენას მოისურვებთ, ვგონებ, კარგად გაცვეთილ რუკებზე დატანილი კულტურული ძეგლები ნაკლებად გამოგადგებათ. ისინი ატომური სიდინჯით, ქრონოლოგიურად მოგიყვებიან ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ წამიერი, გულწრფელი აღმაფრენის მემატიანეები უფრო ქართული, თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და არტ-გალერეები არიან, არატრადიციული მისალმების ფორმებითა და ველური თამაშებით.

ორი მეგობრის, ხელოვან გვანცა ჯიშკარიანისა და კურატორ ელენე კაპანაძის საერთო პროექტია, რომელიც წარადგენს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, მათ, ვინც ხშირ შემთხვევაში, დაკანონებული მეინსტრიმ ნარატივის ნაწილი არ არიან და ვისი შემოქმედებაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. პროექტი ჩაიფიქრეს როგორც ექსპერიმენტი, ამიტომ ის ხელგაშლილი ხვდება ყველა სახის კრეატიულ მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება.

რისი სიმბოლოა The Why Not Gallery?

ელენე კაპანაძე: იმ ენთუზიაზმის, რაც ჩვენ გაგვაჩნია თანამედროვე ხელოვნებისა და ცხოვრების მიმართ. გალერეის სახელი ქართულად „რატომაც არა გალერეად“ ითარგმნება და ეს ფრაზა ძალიან ზუსტად გადმოსცემს იმ მიდგომას, რაც მუშაობისას გვაქვს. ბევრ ნორმად მიჩნეულ კანონს ვეწინააღმდეგებით, ვარღვევთ და ექსპერიმენტის სახით ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვქმნით.

რა ეტაპზეა ახლა The Why Not Gallery?

ელენე კაპანაძე: გალერეას ამ ეტაპზე სივრცე არ აქვს, მაგრამ სხვადასხვა გალერეებთან კოლაბორაციის პრინციპით მუშაობს. ყველა გამოფენა ახალ სივრცეში ეწყობა.

ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ის ახალგაზრდა ხელოვანები, ვინც ჩვენ მიგვაჩნია საინტერესოდ. დიდი სიამოვნებაა, როცა ხელოვანებს იდეების განხორციელებაში ვეხმარებით და ვიზიარებთ მათ აღფრთოვანებას და ენთუზიაზმს.

რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?

გვანცა ჯიშკარიანი: ჩვენი მთავარი სათქმელი არის იმ ხელოვანების წარმოჩენა, რომლებიც ახლა თავიანთი კარიერის საწყის ეტაპზე არიან.

სად არის თავისუფლება?

ელენე კაპანაძე: ადამიანის გონებაში.

როგორი წარმოგიდგენიათ ხელოვნების რევოლუცია?

გვანცა ჯიშკარიანი: დღესდღეობით, ევროპა ნამდვილად ხელოვნების რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს. თბილისში ჯერ კიდევ მოსახლეობის ძალიან პატარა პროცენტია ხელოვნებით დაინტერესებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. დღევანდელ სიტუაციას რევოლუციას ვერ დავარქმევდით, მაგრამ ნამდვილად კარგი ტენდენციაა და იმედია მალე მართლა სერიოზული Art Boom-ის მოწმეები გავხდებით.

ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რაც ჩაგიტარებიათ?

გვანცა ჯიშკარიანი: პირველ წელს ორბელიანის მიწისქვეშაში ერთ-ერთ ვიტრინაში ვაკეთებდით გამოფენებს და ყველა ახალი გამოფენა ახალი ექსპერიმენტი და თავგადასავალი იყო. ძალიან საინტერესო იყო დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ხდებოდა მიწისქვეშას გამვლელი ასობით ადამიანი ყოველდღიურად გამოფენის უნებლიე დამთვალიერებელი და სხვადასხვა ინტერპრეტაციას როგორ ახდენდა თითოეული მათგანი.

თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ქართულ თანამედროვე ხელოვნებას განვითარებისთვის?

ელენე კაპანაძე: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ადეკვატურად იმუშავებს, ექნება კარგი საგამოფენო პროგრამა, რომელიც დაეთმობა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ხელოვანებს. პარალელური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ყველა გამართულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს აქვს.

ამასთანავე, მუზეუმისგან დამოუკიდებლად, ქვეყანაში უნდა არსებობდეს საგრანტო სისტემები, რომლებიც დამოუკიდებელ ინიციატივებს წაახალისებს.

რატომ გახდა გალერისტობა მიმზიდველი, ხოლო გალერეები გათავისუფლებისა და სიახლის სიმბოლო?

გვანცა ჯიშკარიანი: ბევრი ძალიან საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდა ხელოვანი გაჩნდა; ინფორმაცია უფრო ადვილად შემოდის უცხოეთიდან და ამან ძალიან შეცვალა და გაზარდა დაინტერესებულ ადამიანებთა რიცხვი. ასევე გაჩნდა სოციალური კლასი, რომელსაც აქვს უკვე საშუალება შეიძინოს ხელოვნება, რომელიც დღესდღეობით მაინც ძალიან იაფია.

რაშია ქალების ძალა?

გვანცა ჯიშკარიანი: იმაში, რომ ბევრად გახსნილები არიან სიახლეების მიმართ და ბევრად ადვილად აუღეს ალღო დღევანდელობას.

რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა იწყებს?

ელენე კაპანაძე: რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ეცადეთ, ყოველთვის ახალი გამოწვევა დაუსახოთ საკუთარ თავებს; იყავით ცნობისმოყვარე და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღეთ. იმოგზაურეთ ბევრი და არავითარ კომპრომისზე არ წახვიდეთ თქვენს ხელოვნებაში!

 

ფოტო: ანა ბოკო