ცნობილმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ „ტესლა“ გაერთიანებულ სამეფოს ლიცენზიის მისაღებად მიმართა. Telegraph-ის სტატიიდან ირკვევა, რომ მათ ბრიტანეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სურთ. თუმცაღა, ჯერ კიდევ არ არის ცხადი, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.
კომპანიის წყაროზე დაყრდნობით, შესაძლოა, ენერგეტიკის მარეგულირებლის ლიცენზია პლატფორმა Autobidder-ის წარსადგენად დასჭირვებოდათ. ეს უკანასკნელი ავტომატიზირებული ენერგიით ვაჭრობისათვის გამოიყენება და ავსტრალიაში Hornsdale Power Reserve-ის სახელით უკვე ოპერირებს. ის 2017 წლის პროექტია, დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და მსოფლიოში არსებული უდიდესი ლითიუმის იონური ბატარეაა, რომლის მეშვეობითაც სამხრეთ ავსტრალია ნათდება.
კომპანიის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევის შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ “ტესლას საბაზრო ფასი ძალიან მაღალია”, კომპანიის აქციები 9%-ით დაეცა.