თბილისის 11 ქუჩას გამორჩეული ქართველი ქალების სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 11 ქუჩას გამორჩეული ქართველი ქალების სახელები მიენიჭება.

როგორც თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომისიის სხდომაზე ქალაქის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების მიზნით, თბილისში ქუჩებისთვის იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალთა სახელების მინიჭების საკითხი გადაწყდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.

თბილისს შეემატება:

პირველი დიპლომატი ქალის, რუსუდან მიქელაძის ქუჩა.

პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა.

პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა.

ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალი, ნინა ხუბულავას ქუჩა.

ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ჟორდანიას ქუჩა.

კალიგრაფ გადამწერის, მანანა ზედგინიძის ქუჩა.

ექიმისა და მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის ქუჩა.

რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა.

მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა.

მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა.

ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნის, ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.