თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გოგონებისთვის სკოლები და უნივერსიტეტები მას შემდეგ გაიხსნება, რაც „სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდება“. ამის შესახებ ავღანეთის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება.
„სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. პრობლემა მხოლოდ სასწავლო გეგმაშია “, – განუცხადა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აზიზულა ომარმა Tolo News-ს.
მან ასევე დასძინა, რომ რეფორმისთვის სპეციალური კომიტეტი შეიქმნა და ავღანელი გოგონები სასწავლებლებში დაბრუნებას სასულიერო პირების დასტურის შემდეგ შეძლებენ.
ავღანეთის სათავეში მოსვლის შემდეგ, თალიბებმა ქალებისა და გოგონებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვის პირობა აქამდეც დადეს, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებიათ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანელ ქალებსა და გოგონებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიარული სამუდამოდ არ ეკრძალებოდათ. „მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის ქალთა განათლების მუდმივი აკრძალვა, ის გადაიდო მანამ, სანამ არ შეიქმნება ხელსაყრელი გარემო მათი განათლებისთვის“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა.
აღსანიშნავია, რომ გარდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიარულისა ავღანელ ქალებსა და გოგონებს პარკებში გამოჩენა, სპორტდარბაზებში შესვლა და გარკვეულ სფეროებში საქმიანობა აქვთ აკრძალული. ამასთანავე, მათ ევალებათ სხეულის თავიდან ფეხებამდე სამოსით დაფარვა.