ზოგჯერ, რაღაცის არარსებობამ, არსებობის ყველაზე კარგ ფორმამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ანუ, თუ არ არის და გინდა რომ იყოს ‒ შექმენი.
თბილისის არქიტექტურული ბიენალეს შექმნის ინსპირაციაც ასეთი იყო, ლოკალურად, მსგავსი კულტურული ღონისძიება არქიტექტურის სფეროში არ არსებობდა, ხოლო იმ რთულ ურბანულ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ, აუცილებელია იყოს საერთო სივრცე, სადაც მსჯელობა და კრიტიკული დისკურსი შედგება.
2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, გიგი შუკაკიძემ და ოთარ ნემსაძემ თბილისის არქიტექტურის ბიენალე დააარსეს, პლატფორმა, სადაც სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ერთი თემის გარშემო ერთიანდებიან და თავის აზრს გამოხატავენ. ბიენალე ორ წელიწადში ერთხელ, ურბანული ფესტივალის სახით ტარდება და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილს და თემას განიხილავს.
რატომ გახდა ურბანული და არქიტექტურული პროცესების კვლევა თქვენთვის საინტერესო?
არქიტექტურის სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 17 წლის ასაკში დავიწყე. ბავშვობაში არქიტექტორობაზე არ ვოცნებობდი, არც გარშემო მყოლია ვინმე არქიტექტორი. ალბათ თვითონ სწავლის პროცესში გამიმძაფრდა ამ სფეროსადმი ინტერესი. აი, მაგისტრატურაზე კი მთლიანად ურბანულ კვლევასთან მქონდა საქმე. სწავლის პროცესი დამეხმარა გამეაზრებინა კვლევის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული ქსოვილის და მასში არსებული შენობების სიღრმისეულად შესწავლა, რათა შევძლოთ გავიგოთ ამა თუ იმ ქალაქში არსებული პრობლემის არსი და მისი გადაჭრის გზები.
ახლა სხვადასხვა პროექტებს ვხელმძღვანელობ, ვეწევი კურატორულ საქმიანობას. აგრეთვე ვმუშაობ ჩემს დისერტაციაზე. სწორედ ჩემმა თემამ და მისმა კვლევამ მომიყვანა აქამდე. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მასთან არის კავშირში.
როგორი იყო TAB-ის პირველი სტარტი?
პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია და ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა სირთულის მიუხედავად, პირველი გამოშვების შემდგომ დიდი სტიმული და ინსპირაცია მივიღეთ. საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება გამოვიდა და, ამავდროულად, საერთაშორისოც, რასაც არ მოველოდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დასაწყისი გვქონდა.
რა ფორმატში ჩატარდა წლევანდელი ღონისძიება, როგორ ადაპტირდა პანდემიურ მდგომარეობასთან?
პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ბიენალე თითქმის მთლიანად ციფრულ ფორმატში ჩატარდა, თუმცა გვქონდა ბევრი ფიზიკურად განხორციელებული პროექტიც. ღია კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს ჩვენ საშუალება მივეცით თავიანთ ქალაქებში განეხორციელებინათ ნამუშევრები. შედეგად კი წლევანდელი ბიენალეს ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში შეიქმნა (კიევი, მილანი, ბერლინი, ვარშავა და ა.შ.)
რა სირთულეები მოიტანა პანდემიამ, რომლებიც თქვენი საქმიანობის სფეროში გამოწვევად იქცა?
არქიტექტურული და ურბანული ფესტივალი ძირითადად ფიზიკურ სივრცესთან ინტერაქციას მოიაზრებს. პანდემიამ ამ მხრივ დიდი პრობლემები შეგვიქმნა არსებული რეგულაციების გამო, თუმცა, მაინც შევძელით რამდენიმე გამოფენის და ინსტალაციის განხორციელება ფიზიკურ სივრცეში. არსებულმა მდგომარეობამ აგრეთვე დაგვანახა ახალი შესაძლებლობებიც და ექსპერიმენტის საშუალებაც მოგვცა. ვფიქრობ, საბოლოოდ უნიკალური და ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოვიდა სწორედ, პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
წლევანდელი ღონისძიების ჩატარებისთვის, დადექით თუ არა რაიმე კონკრეტული ახალი ციფრული/ვირტუალური მექანიზმების ათვისების აუცილებლობის წინაშე?
ძალიან ხშირად ვიყენებდით ZOOM პლატფორმას, პრეზენტაციების, გამოფენის გახსნის, ლექციებისა და სიმპოზიუმების პირდაპირი ჩართვებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი ვირტუალური მექანიზმის ათვისება და შესწავლა მოგვიწია ამ ყველაფრის განსახორციელებლად.
რატომ გაერთიანდა წლევანდელი ღონისძიება „რა გვაქვს საერთო“ კითხვის გარშემო?
საერთოობის თემის შესწავლა და მასზე მუშაობის იდეა ბიენალეს პირველი გამოშვების შემდგომ პერიოდში დაგვებადა. საერთოობის თემაზე აქცენტირებით გვინდოდა მეტი ადამიანის დაინტერესება და მობილიზება. ჩვენ, ბიენალეს როგორც საერთო პლატფორმას ისე აღვიქვამთ და არა როგორც პირად ფესტივალს. ვფიქრობთ, ჩვენს დღევანდელ სულ უფრო და უფრო მზარდად ინდივიდუალისტურ და ფრაგმენტულად დანაწევრებულ საზოგადოებებში სწორედ არსებული საერთოობის საკითხის ღრმად შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა ნამუშევრები წარსდგა წელს TAB-ზე და როგორი იყო მათი მთავარი მესიჯები?
ბიენალეს ფარგლებში განხორციელებული ნამუშევრები ძალიან მრავალფეროვანი იყო და სხვადასხვა თემას ეხებოდა. გამიჭირდება გამოყოფა ან ყველა ნამუშევრის და მათი გზავნილების ჩამოთვლა. თუმცა არის ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო ‒ ნამუშევრების ზოგადი იდეის ტენდენცია არის არსებულ ურბანულ, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე ხაზის გასმა და მათი კრიტიკული ანალიზი.
როგორია TAB-ის სამომავლო ხედვა?
ახალი წლიდან პუბლიკაციაზე მუშაობას დავიწყებთ და გამოვცემთ წიგნს 2020 წლის ბიენალეს შესახებ; აგრეთვე პუბლიკაციას, რომლისთვისაც ტექსტები ღია კონკურსის სახით შევაგროვეთ. შემდეგი ბიენალესთვის მზადება კი 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყება და დიდი იმედი გვაქვს მის ფიზიკურ სივრცეში განხორციელებას შევძლებთ.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც არქიტექტურით არიან დაინტერესებულები, როგორ უნდა იპოვონ მათ განვითარების გზა და რა გამოწვევების გადალახვა მოუწევთ?
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რაც შეიძლება ახალგაზრდებს მივცე, ეს არის ‒ მეტი ლიტერატურის კითხვა. მნიშვნელოვანია ურბანული სივრცე და არქიტექტურა არა მხოლოდ მის ესთეტიკურ ჭრილში განვიხილოთ, არამედ ის სიღრმისეულად შევისწავლოთ. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ არქიტექტურა არა მხოლოდ ცალკე არსებული დისციპლინაა, არამედ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა სფეროსთან და, პირველ რიგში, ადამიანებთან, ვისთვისაც ვაშენებთ. საჭიროა, მივყვეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, რაც კლიმატის ცვლილებას და ამ პროცესში ადამიანის როლს უკავშირდება და დაპროექტებისას გავითვალისწინოთ ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მუდამ ვსწავლობთ და არასდროს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი უკვე ვიცით.
როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი, როგორ უნდა მივცეთ ერთმანეთს მოტივაცია და რა ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება ამ მხრივ?
სიძლიერე და მოტივაცია ყველას გაგვაჩნია, უბრალოდ, ზოგჯერ მიზნის მისაღწევად მეტი თავდაჯერებულობაა საჭირო. ძალა არ უნდა დავიშუროთ იმ იდეის განსახორციელებლად, რაც მართლა გვსურს.