9 მაისს Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ალამედას ოლქის მიერ #დარჩისახლში პოლიტიკის გახანგრძლივებას კრიტიკით გამოეხმაურა. დაწესებული შეზღუდვები კომპანიას საშუალებას არ მისცემს საწარმოო პროცესი 1 ივნისამდე აღადგინოს და იმ შემთხვევაში, თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, მასკის თქმით, Tesla-ს საწარმოები კალიფორნიის შტატს დატოვებენ.
„Tesla ალამედას ოლქის წინააღმდეგ სარჩელს დაუყოვნებლივ შეიტანს. არარჩეული და უგუნური ჯანდაცვის ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორის, პრეზიდენტის, ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლებებისა და უბრალოდ საღი აზრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.“ – ნათქვამია მასკის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ პოსტში.
კალიფორნიის გუბერნატორმა გავინ ნიუსომმა საწარმოების გახსნის წესები 8 მაისს გააცნო საზოგადოებას, თუმცა ამასთანავე ზოგიერთი ოლქის მმართველებს ურჩია, რომ საჭიროებისამებრ დაეწესებინათ შეზღუდვები. შესაბამისად, ალამედას ოლქი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შეზღუდვებს საწარმოებისა და ქარხნების მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით.
როგორც ალამედას ჯანდაცვის ოფიცერი ერიკა პანი ამბობს, მათ განიხილეს Tesla-ს უსაფრთხოების გეგმა და კომპანას მოცდა სთხოვეს. თუმცა 7 მაისს კომპანიამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აცნობა „შეზღუდული რაოდენობის ოპერაციების“ განახლება ფრიმონტის ქარხანაში. კომპანიის გეგმის თანახმად, საწარმოში თანამშრომელთა 30%-ს 15 მაისამდე უნდა დაბრუნდეს, რაც ოლქში დაწესებულ შეზღუდვებს უგულებელყოფს.
ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტისაგან საპასუხო გაფრთხილების მიღების შემდეგ მასკი კალიფორნიის მთავრობას კომპანიის საწარმოების შტატიდან გადატანით დაემუქრა:
„პირდაპირ ვთქვათ, ეს ბოლო წერტილია. Tesla თავის მთავარ ოფისსა და სამომავლო პროგრამებს ტეხასში/ნევადაში დაუყოვნებლივ გადაიტანს. თუკი საერთოდ შევინარჩუნებთ ფრიმონტის საწარმოს – ეს ახლა დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოეპყრობიან Tesla-ს მომავალში. Tesla ბოლო ავტომწარმოებელია კალიფორნიაში.“ – ნათქვამია მასკის 9 მაისის პოსტში.