16 მარტს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ოფიციალური თვითერის ანგარიშებზე გამოაქვეყნეს საერთო განცხადება, სადაც მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ მათ წამოწყებას და ერთობლივი ძალებით ებრძოლონ კორონავირუსის პერიოდში წარმოქმნილ დეზინფორმაციის პრობლემას. ამ განცხადებას ხელს აწერს ციფრული სოციალური სივრცის 7 გიგანტი: Microsoft, Google, Youtube, Facebook, Linkedin, Reddit და Twitter.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი პლატფორმები იქცა იმ ადგილად, სადაც მასიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით და ეს ზრდის საფრთხესა და პანიკას მოსახლეობაში. შესაბამისად, ეს კომპანიები აპირებენ, მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად შეამცირონ და მსოფლიოს მასშტაბით ითანამშრომლონ ჯანდაცვის სააგენტოებთან.
რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ მხრივ ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიებს არ გაუვრცელებიათ ინდივიდუალური განცხადებები მათი სამომავლო სტრატეგიების შესახებ, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მსოფლიოც ელის, რომ ამ პრობლემას ისინი ეტაპობრივად აღმოფხვრიან.