ჟოლოსფერი ვარდები ღობის იქითაც გაგიჟებით ყვავიან და ღობის აქეთაც მიგანიშნებენ, რომ ჰო, ყველაფერი არც ისე ჩვეულებრივად უნდა იყოს. კახეთში ვართ, სოფელ ნუკრიანში. რამდენიმე კილომეტრიც და, უკვე სიღნაღია. მარიანა ჭყონია ჭიშკართან გველოდება. ეზოში ბევრი ხე და სიგრილეა. მარჯვნივ სახლი დგას, მარცხნივ კი თექის უზარმაზარი ნოხი შრება და უცნაურად გეჩვენება, რომ რამდენიმე წუთის წინ ინსტაგრამზე ნანახი სრულიად უჩვეულო, უზარმაზარი და წარმოუდგენლად შთამბეჭდავი ნამუშევარი ასე უბრალოდ შრება მზეზე. და ასეთი ნამდვილია. ასეთი ხელშესახები.
სანამ თქვენამდე მოვიდოდა და სანამ საცხოვრებლად კახეთს აირჩევდა, მარიანა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კულინარიის მიმართულებით მუშაობდა. თბილისიდან კახეთში გადასვლა სწორედ თექას უკავშირდება – საქმეს, რომელმაც მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი განსაზღვრა.
თექაზე მუშაობა, რამდენადაც ვიცი, პანდემიის დროს დაიწყეთ. როგორ მიხვედით ამ საქმემდე? მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში სულ სხვა სფეროში საქმიანობდით.
პანდემია რომ დაიწყო და სახლებში გამოკეტილები აღმოვჩნდით, ჯერ მძივების კეთება დავიწყე, მერე ‒ ხალათების კერვაზე გადავედი. ზოგადად, კერვით სულ ვკერავდი. ოღონდ ხელით მიყვარს, თარგის გარეშე. სახლში ასეთი ტრადიცია გვქონდა ‒ ზაფხულში, ზღვაზე წასვლის წინ, წყნეთში შევიკრიბებოდით ხოლმე მთელი ოჯახი და ვიწყებდით საზღვაო სამზადისს, სარაფნებს, კაბებს ვიკერავდით. საერთოდ, შემოქმედებითი ოჯახი მაქვს. მამაჩემი რეჟისორი, პოეტი, მხატვარი იყო. ბებია, ბიძა ‒ არქიტექტორები. დედას ხელსაქმე ძალიან ეხერხება. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არ არის. ისევე, როგორც საჭმლის მომზადება ‒ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საქმე.
ხალათების ამბავი, იცით, როგორ დაიწყო? რამდენიმე მქონდა ჩემთვის შეკერილი. ყველაფერი რომ გაჩერდა, თავი ხომ უნდა მერჩინა და ინსტაგრამზე საცდელად დავდე ეს ხალათები. უცებ წამოვიდა შეკვეთა. ერთი, მეორე… მთელი ზაფხული ვკერავდი. მერე ფარდაგების ქარგვა დავიწყე. სხვადასხვა ნახატით ვაკეთებდი და ნელ-ნელა მივედი ქართულ ორნამენტებთან. მახსოვს, ფარდაგზე ვმუშაობდი, ჩემი აქაური მეგობარი მეხმარებოდა და ვუთხარი, თამრო, მე თექასაც გავაკეთებ და ნახავენ, რა ლამაზია-მეთქი. მართლა მალევე გადავინაცვლე თექაზე.
რა პროფესიის ხართ?
უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი დავამთავრე. ოჯახის წევრები სამხატვრო აკადემიისკენ მექაჩებოდნენ, მაგრამ დამეზარა და რადგან ენა ვიცოდი, ძალიან ადვილად ჩავაბარე. თუმცა, დავამთავრე და მივხვდი, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა. მოგვიანებით ინტერიერის დიზაინის კურსი გავიარე და ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა.
ტანსაცმლის მაღაზია როდის გახსენით?
1996 წელს გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობარმა. იტალიაში დავდიოდით წელიწადში ექვსჯერ, სხვადასხვა ქალაქის, სოფლის საწყობებში ვარჩევდით ტანსაცმელს. იმ პერიოდში თბილისი იმდენად უმოძრაო და გაუსაძლისი იყო, გვინდოდა რაღაცით მაინც მიგვემსგავსებინა იმისთვის, რაც მოგვწონდა. მერე ისე განვითარდა ჩვენი მაღაზია, რომ პარიზისა და მილანის შოუ-რუმებში წავედით კოლექციების ჩამოსატანად. და როგორც კი ეს შევძელით, მომენტალურად აღარ დამაინტერესა ამ ყველაფერმა.
პროცესი გიყვართ?
დიახ, პროცესი და ჩემი მონაწილეობა. აბა, მე იზაბელ მარანს რა უნდა შევმატო?! მომწონს, როცა თვითონ ვქმნი და როცა ვაკეთებ იმას, რაც მაინტერესებს. თუ ამას შემოსავალიც მოჰყვება, ძალიან მომწონს და უბრალოდ ბიზნესის კეთება უინტერესოა ჩემთვის. ვერ ვაკეთებ.
კულინარიის სფეროში თქვენი პირველი ნაბიჯი რა იყო?
ფრანგული რესტორანი „თეთრი“, სადაც მე დიასახლისი ვიყავი. მენიუს ვადგენდი, სტუმრებს ვხვდებოდი. შეფ-მზარეულად არაჩვეულებრივი ფრანგი მამაკაცი ჩამოვიყვანე. ძალიან გემრიელად ამზადებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ რესტორანმაც კომერციული განვითარება მოითხოვა. უნდა გაფართოებულიყო ბიზნესი. მე კი ამის ნაცვლად ჩემი წილი გავყიდე და კახეთში, ნინოწმინდაში, ეს სახლი ვიყიდე.
რა მიზნით იყიდეთ ეს სახლი ‒ როგორც აგარაკი, თუ სხვა გეგმები გქონდათ?
ისეთი ეტაპი მქონდა, ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა. რომ ჩამოვედი, მივხვდი, მართლა შევძლებდი აქ ახალი ცხოვრების დაწყებას. სტუმრად ვიყავი სიღნაღში და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს სახლი. დავინახე თუ არა, მოსვენება დავკარგე, აღარც თბილისი მინდოდა, არც კულინარია. ძალიან მალევე ვიყიდე. იმის მერე სულ ვაწესრიგებ აქაურობას, მაგრამ ფაზლის ერთი ნაწილივით რაღაც აკლდა ამ ამბავს, მაინც გამუდმებით თბილისზე ვიყავი მიბმული, იმიტომ, რომ აქ საქმე არ მქონდა და მიჭირდა დიდხანს გაჩერება. თექა აღმოჩნდა საქმე, რომელმაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
როგორ დაიწყეთ კეთება, იცოდით მანამდე ტექნიკა?
მატყლი ვიყიდე და წამოვიღე სახლში. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მზადდებოდა. იუთუბზე ვნახე, რომ წყლით და საპნით კეთდება, მაგრამ იმ ვიდეოებში პატარა ჯამი უდევთ გვერდით და მცირე ზომის ნამუშევრებზე მუშაობენ. მე თავიდანვე დიდის გაკეთება ვცადე.
რატომ მოგინდათ, რომ დიდი ზომის თექაზე გემუშავათ? ასეთი ზომის ნამუშევრები არც კი გვინახავს, როგორც წესი.
მე მინახავს, ბებიაჩემს ჰქონდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო, რამე საოცარ ძეგლს რომ უყურებ, ზუსტად ანალოგიური ემოცია მოჰქონდა ჩემთვის თექის იმ შავ-თეთრ ნოხს. პატარა რომ ვიყავი, უზარმაზარი მეჩვენებოდა. მერე გავიზარდე და აღმოვაჩინე, რომ არც იმდენად დიდი იყო, ახლა უფრო დიდი ზომის ნოხებს თვითონ ვაკეთებ.
პირველივე მცდელობამ გაამართლა?
პირველი დაფლეთილი გამომივიდა და სასაცილოა ის, რომ მეგონა, ასეთი უნდა ყოფილიყო. მერე ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში.
რეალიზაცია მალევე დაიწყეთ?
ოქტომბერში გავაკეთე პირველი თექა. გაყიდვით დეკემბერში გაიყიდა პირველად. ინგლისელმა კაცმა იყიდა, რომელმაც ინსტაგრამზე იპოვა ჩემი ნამუშევრები. ქართველებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ.
რა სიხშირით აკეთებთ ახალ ნამუშევრებს?
თავიდან კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ ვაკეთებდი. ფინანსები არ მქონდა, რომ მატყლი მეყიდა და უფრო ხშირად მეკეთებინა. თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც რეალიზაცია დავიწყე, იმის მერე, ფაქტობრივად, არ გავჩერებულვარ.
ახლახან „რუმსთან“ მქონდა კოლაბორაცია, ძალიან ბევრი ვიმუშავე. ოთხი დიდი ნამუშევარი უკვე „რუმსის“ საკუთრებაა.
ძალიან შრომატევადი საქმეა?
ძალა უნდა და კიდევ უფრო მეტი მოთმინება, რომ ბოლომდე მიიყვანო საქმე. ამას ნელ-ნელა ვერ გააკეთებ. უნდა დაიწყო და დაამთავრო. ოთხი-ხუთი საათი გჭირდება. თან შეთელვის პროცესი მონოტონური საქმეა. სამნი ვაკეთებთ, ორი ადგილობრივი ქალი მეხმარება, რომლებიც ჩემი მეზობლები და მეგობრები არიან.
ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და სამ რიგად მივყვებით მატყლს. ძალიან დამღლელია, მაგრამ თან უდიდესი სიამოვნებაა.
არსებობს საფრთხე, რომ წინასწარ გამზადებული ესკიზი ან კონტური დაირღვეს?
სკეტჩს წინა დღეს ვაკეთებ ხოლმე. შეიძლება წინასწარი მონახაზი გქონდეს, მაგრამ ის არ გამოვიდეს, რაც ჩაიფიქრე.
ამ დროს ფუჭდება თექა?
არა, ერთხელ რომ მოთელავ, თუ შედეგი არ მოგეწონა, შეგიძლია თავიდან დაადო ფერები და ხელახლა გადათელო. კორექტირების საშუალება არის.
გენანებათ ნამუშევრები გასაყიდად?
არა, ის პროცესი, სანამ ვაკეთებ, სანამ გაშრება, საკმარისია ჩემთვის. თან მანამდე ხომ თავში და წარმოსახვაში მაქვს ის, რაზეც უნდა ვიმუშაო. ის განცდა, რომ ვიღაცასთან სახლშია ჩემი ნამუშევარი, ძალიან მომწონს. მართლა საოცრად საინტერესოა თექა ‒ მასშტაბური, მონუმენტური, ძლიერი. საქართველოს ვამსგავსებ. აი, მთლიანად შავი, რელიეფური ნამუშევარი ნამდვილად საქართველოა ჩემთვის.
რა ემოციას იწვევს თქვენი ნამუშევრები თქვენში?
ძალიან მიყვარს, მომწონს, მიხარია. ბევრი რაღაცაა ერთად.
შეიძლება მეტ-ნაკლებად განზოგადება, ვის მოსწონს ყველაზე მეტად თქვენი თექები?
უფრო მხატვრებს მოსწონთ, ხელოვანები ყიდულობენ და ისინი, ვისაც დიდი და საინტერესო სახლები აქვთ. კედლებზე კიდებენ.
მატყლის ფერების არჩევანი დიდია?
ყველანაირი ფერია. პანდემიის გამო ერთი პერიოდი შავი და წითელი გაქრა. რაღაც ვებ-გვერდი ვიპოვე, საიდანაც ვიწერდი ამ საღებავებს და თუშეთში ვაწვდიდი ერთ კაცს, რომელიც ღებავდა და მიგზავნიდა. მას ძალიან საინტერესო ფერები აქვს. შვეიცარიული საღებავებით ღებავს, რომლებსაც თურქეთში ყიდულობს.
ინდივიდუალურადაც დაგიმზადებიათ ნოხი ვინმესთვის?
კი, ასეც ვამზადებ. ამ შემთხვევაში ან რენდერებს მაჩვენებენ ხოლმე, ან მივდივარ და ვნახულობ სახლს, რომ მივხვდე ვინაა, რა ტიპია. მერე ამის მიხედვით ვთავაზობ სკეტჩებს. როგორც წესი, ემთხვევა ხოლმე ჩემი ხედვა და მათი სურვილი ერთმანეთს.
თქვენი ინტერესი ამ საქმის მიმართ ადგილობრივებს არ გაუკვირდათ?
ჩემი ინტერესი ჯერ აქაურობის მიმართ გაუკვირდათ. ნუკრიანში რა მინდოდა, ვერ გაიგეს. მაგრამ მერე გავიცანით ერთმანეთი, აქ მეგობრები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც აქაურობა.
ის ქალები, ვინც ახლა თქვენ გეხმარებიან საქმეში, მანამდეც აკეთებდნენ თექას?
არა, მათ არასდროს გაუკეთებიათ აქამდე. თუმცა, ქიზიყში მეცხოველეობა იყო ყოველთვის განვითარებული და თექასაც სულ აკეთებდნენ. სიღნაღი სახელოსნოების ქალაქი იყო. კერამიკის, ფარდაგების, ხალიჩების დამზადება აქაურებისთვის ცხოვრების წესი გახლდათ.
რამ მიგიზიდათ და რა გაჩერებთ აქ?
სულ თავიდან მიმიზიდა ალაზანმა და კავკასიონმა. პირდაპირი მნიშვნელობით ასე იყო. ამან მომაჯადოვა. დღეს რა მაჩერებს და, მაჩერებს ის, რომ ბუნებასთან მაქვს კავშირი. დავიწყე მცენარეების დარგვა, აქაურობის მოვლა. შვილივითაა ეს სახლი და ეზო ჩემთვის და ძალიან განვიცდი, თუ ვერ ჩამოვდივარ და ვერ ვუვლი. პასუხისმგებლობაც მაქვს აქაურობის მიმართ, გარდა იმისა, რომ ამხელა ბედნიერების შეგრძნებას მართლა ვერაფერი ვერ მაძლევს.
რა როლს ასრულებს საქმის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაში ის, რომ ამ ნამუშევრების რეალიზაციასაც ახერხებთ?
ჩემთვის ბიზნესი და კომერცია უცხო სფერო არაა, ამიტომ ისიც ვიცი, რომ თუ პროდუქტის რეალიზაცია არ მოხდა, ვერ განავითარებ საქმეს. ყველანაირი უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, მატერიალური მხარეც იმის შედეგია, რასაც აკეთებ და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგია გქონდეს, იმისთვის, რომ ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე არ ინერვიულო ‒ საჭმელზე, შვილებზე, მილიონ ვალდებულებაზე, რაც გაქვს.
შეიძლება, რომ ეს საქმე შემოსავლის სრულფასოვან წყაროდ განვიხილოთ?
არა მგონია. კომერციულია ის, რასაც მანქანით აკეთებენ. თექაც არსებობს ისეთი, რომელიც საპრესი მანქანებით მზადდება. მაგრამ ის, რასაც მე ვაკეთებ, ვერანაირად ვერ გახდება სერიული. შეუძლებელია ორი ერთნაირი ნამუშევარი გამოვიდეს.
შთაგონებას რა გაძლევთ? იდეები საიდან მოდის?
ძირითადად, ფერი ხდება იდეის განმსაზღვრელი. არიან არტისტები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ კონცეფციაზე, მე უფრო იმპულსური ვარ. დიდხანს, გაუცნობიერებლად რაღაც ფერი მოძრაობს ჩემში, რომელიც ჩემს განწყობასა და მდგომარეობას შეესაბამება. მერე ეს ფერი ზემოთ ამოწევას იწყებს და გამოსვლას ითხოვს. სწორედ ამ ფერს ვარგებ, მერე უკვე ფორმას და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, თუ ის მივიღე, რაც ჩავიფიქრე.
რა მიაქვს ადამიანს თქვენი ნამუშევრის სახით სახლში, რა ენერგიას ატანთ თქვენს თექებს?
დიდ სიყვარულს, სითბოს. მართლა მგონია, რომ ახალი ცხოვრება დავიწყე ამ საქმით. ამიტომ ძალიან დიდი დადებითი მუხტი დევს ამ ნამუშევრებში. ძალიან დიდი სიხარული და ამას ვატან.
ტექნიკურად ისევ სწავლის პროცესში ხართ თუ საბოლოოდ აითვისეთ ტექნიკა?
მე მგონია, რომ მაინც სწავლის პროცესში ვარ. ერთი ნამუშევრიდან მეორემდე იზრდები. ბევრ რამეს აგნებ.
სეზონურია თექაზე მუშაობა?
საერთოდ, რომ წაიკითხო, ძველად გაზაფხულზე და ზაფხულში მუშაობდნენ ხოლმე. დღეს, როცა შესაბამისი პირობები არსებობს, შეიძლება ზამთარშიც აკეთო. მე, მაგალითად, მთელი ზამთარი ვმუშაობდი. ამას ვაკეთებდი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მეოთხე სართულზე. ნაქირავებ სახელოსნოში. მერე უკვე აქ წამოვედი.
ხასიათის რა თვისებები გაქვთ, რაც ამ საქმეში გეხმარებათ და, ზოგადად, ახალ-ახალ საქმესთან შეჭიდების გამბედაობას გაძლევთ?
მოუსვენარი ვარ, ერთი ესაა, რაც ნამდვილად ვიცი, და კიდევ ძალიან მიყვარს, როცა თავში რაღაც მომდის და შემდეგ მას ხორცშესხმულს ვხედავ. ვერ ვისვენებ, სანამ ჩემს იდეას ბოლომდე არ მივიყვან.