პანდემია და მსოფლიო მოდა | ინტერვიუ სოფო ჭყონიასთან

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ცხოვრება შეიცვალა და ადამიანები საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. გამონაკლისი არც მსოფლიო მოდაა.

ფოტო: ჯიჯი რეჯინი

სოფო ჭყონია, ქართული მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, პანდემიის პირობებში მოდის სფეროს გამოწვევებზე საუბრობს. შეცვლილი გეგმები და ცხოვრების ტემპი რეალობის შეცვლილ კონტექსტში გააზრებას სოფოსაც აიძულებს. ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში მოტივაციის შენარჩუნება რთულია, თუმცა გაჩერებულ სამყაროში ცდილობს სამომავლო გეგმებზე ორიენტირდეს და პანდემიის დასრულებას ახალი იდეებით დაელოდოს.

სოფო ჭყონიას მიერ დაარსებული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi პირველივე წელს გადამწყვეტ შესაძლებლობად იქცა ქართული მოდის განვითარებისა და მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის თვალსაზრისით. საერთაშორისო გამოცემების ყურადღების ცენტრში წლიდან წლამდე სულ უფრო ხშირად ექცევიან ის დიზაინერები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე უკვე კარგად იცნობენ; მათთან ერთად ინტერესს იწვევენ მოდის სამყაროს დამწყები წარმომადგენლებიც, რომლებიც პირველ შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროში. იმის პარალელურად, რომ ქართველ დიზაინერებზე ყველაზე ცნობილ გამოცემებში იწერება, მათი კოლექციები გასაყიდად მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე გადის. სწორედ ეს იყო სოფო ჭყონიას ჩანაფიქრი, როცა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს ჩაუყარა საფუძველი.

თბილისისთვის მოდის ყოველწლიური კვირეულის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა და მასთან ერთად ქართული მოდის წარმომადგენლებმა არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაკარგეს.

2019 წელს სოფო ჭყონია The Business of Fashion-ის 2019 წლის რეიტინგში მოხვდა. მასში ადგილს ყოველწლიურად მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები იკავებენ, რომლებმაც სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. სოფო მესამე ქართველია, რომელიც ამ რეიტინგში დასახელდა.

ფოტო: ჯიჯი რეჯინი

სოფო, 2019 წელს მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანებს შორის დაგასახელეს. რა ემოცია გქონდათ? ზრდის თუ არა აღიარება მოტივაციას?

ჩემთვის მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო იყო ეს ამბავი. ცხადია, აღიარება ზრდის მოტივაციას და მას­თან ერთად პასუხისმგებლობასაც, თუმცა აღიარების მოპოვების სურვილით ნამდვილად არაფერს ვაკეთებ ხოლმე.

პანდემიამ მოდის სფეროც სრულიად უჩვეულო გამოწვევების წინაშე დააყენა. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მსოფლიო მოდა და, მათ შორის, რა მთავარ სირთულეებთან გამკლავება უწევთ ქართველ დიზაინერებს?

ზოგადად, მსოფლიო დიდი სირთულეების წინაშე დადგა და, რა თქმა უნდა, არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი. დიდ ბრენდებსა და მოდის სახლებსაც კი გაუჭირდათ. ამდენად, ქართველი დიზაინერები უფრო დიდი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენადაც ჩვენთან მოდა ჩამოყალიბების პროცესში იყო პანდემიის დაწყებამდე. სირთულეები შეიქმნა გაყიდვების მხრივ, რადგან ჩვენი დიზაინერები, ძირითადად, მსოფლიო ბაზარზე არიან ორიენტირებულები და გლობალური კრიზისი მათ პირდაპირ ეხებათ. ქართული მოდა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა, ბოლო ხუთ წელიწადში მსოფლიო აღიარებაც მოვიპოვეთ, ახლა კი, სამწუხაროდ, უფრო გადარჩენაზეა საუბარი. იმედია, ახლო მომავალში შევძლებთ ისეთივე ტემპით მუშაობის გაგრძელებას.

როგორ აფასებთ, ზოგადად, ქართულ მოდას? თქვენი აზრით, როგორ აისახება პანდემიით გამოწვეული ვითარება ქართული მოდის მომავალზე?

ქართული მოდა ძალიან საინტერესო ფენომენია. ისეთი პატარა ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით, როგორიც საქართველოა, ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული დიზაინერი გვყავს. თანაც საუბარია ქვეყანაზე, სადაც მოდის ინდუსტრია არ არსებობდა. ამ დიზაინერებმა შეძლეს ის, რაც ვერავინ შეძლო საქართველო პოპულარული გახდა. განსაკუთრებით, იმ წრეებში, სადაც ჩვენი ქვეყნის არსებობის შესახებაც არ სმენოდათ. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა და აცვია ქართველი დიზაინერების სამოსი, მოდის ჟურნალი არ არის, სადაც მათზე არ წერენ, მსოფლიოში უამრავ მაღაზიაში შეხვდებით მათ კოლექციებს. ასე რომ, ქვეყანას ქართულმა მოდამ მართლაც რომ წარმატება მოუტანა. თუმცა, სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ სფეროს ისეთი დაფასება არ აქვს, როგორიც საზღვარგარეთ. პანდემიის შემდეგ ჩვენ ვეცდებით, ქართული მოდა კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მის საზღვრებს გარეთ და კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი დიზაინერი აღმოვაჩინოთ.

სოფო, სრულიად შეიცვალა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის გეგმებიც. ჯერ კიდევ მაისში ყველაფერი მზად იყო ჩვენებისთვის და საკუთარ გეგმებზე უარის თქმა მოგიხდათ. რას ნიშნავს ქართველი დიზაინერებისთვის თვითგამოხატვის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის დაკარგვა როგორც ფინანსურ კონტექსტში, ისე მოტივაციის თვალსაზრისით?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიებაზე საერთაშორისო სტუმრების დასწრება და ფიზიკურად გამართული ჩვენებები. მოდის კვირეულზე წელიწადში ორჯერ 200-მდე საერთაშორისო სტუმარი ჩამოდიოდა. მოდის გარდა, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს კულტურას, ხელოვნებას, სამზარეულოს. მაისში სრული მზადყოფნა გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფრის გაუქმება მოგვიწია. თუმცა შევქმენით ონლაინ პლატფორმა, სადაც ვიდეოპრეზენტაციების სახით წარვადგინეთ კოლექციები. სასიამოვნო ფაქტია, რომ 42 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ჩვენებები. პრესა დღესაც აშუქებს ამ ღონისძიებას, რადგან ჩვენ უწყვეტად და აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო თუ ეხმარება მოდის ბიზნესს საქართველოში? როგორია ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკა?

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოდა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკაში მოდის ინდუსტრიას დახმარება გამოეყო პანდემიის პირობებში. სამწუხაროდ, ჩვენთან სხვა სიტუაციაა. ზოგადად, ხელოვნებას, მოდას, შემოქმედებით ინდუსტრიებს ჩვენთან ისეთი ყურადღება არ ექცევა, როგორიც საჭიროა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ფონდი www.georgianfashionfoundation.com, რომელიც ხელოვანებს დაეხმარება. ამ ფონდის წევრები მსოფლიოში გავლენიანი ადამიანები არიან. ყოველდღე გვემატება ახალი წევრი, რომელიც სურვილს გამოთქვამს, ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში. უკვე ბევრი აქტივობა დავგეგმეთ ამ მიმართულებით. ჩანაფიქრი სხვაც ბევრი გვაქვს, უბრალოდ, პანდემია უნდა დასრულდეს, რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოვიყვანოთ. მათ შორისაა კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში ხელოვნებისა და კულტურის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა და არაერთი სხვა პროექტი.

ფოტო: ჯიჯი რეჯინი

რამდენად რეალურია, რომ ქართველმა დიზაინერებმა პანდემიის პირობებში მეტ-ნაკლები პროდუქტიულობით გააგრძელონ მუშაობა და ონლაინ-გაყიდვებით შეძლონ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია?

რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ამ პანდემიას, ალბათ, ყველაზე ძლიერები და ჭკვიანები გაუძლებენ. ბევრი მუშაობაა საჭირო, მათ შორის, საკუთარ თავზე მუშაობა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.

რა განსაზღვრავს დღეს დიზაინერის წარმატებას?

ნიჭი, მიზანდასახულობა. ეს ორი რამ, ჩემი აზრით.

რა არის ამ ვითარებაში თქვენი მთავარი მოტივაცია?

რთული შეკითხვაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მოტივაციის პოვნა ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებ.

რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში არამარტო საქმიან სფეროში, ემოციურ დონეზეც?

დღევანდელი დღით ვისწავლე ცხოვრება და ბევრი რამ უფრო დავაფასე. არავის გვეგონა, რომ ერთ დღეში შეიძლება სრულიად შეიცვალოს სამყარო შენ გარშემო.

რა გეხმარებათ განწყობის შენარჩუნებაში?

პოზიტიური ბოლო დროს ცოტაა, მაგრამ, ალბათ, ხალხი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ჩემი შვილები და საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

მნიშვნელოვნად შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრების სტილი, რიტმი, ტემპი?

ტემპი, სამწუხაროდ, უფრო შენელდა, რადგან პანდემიამ ყველა შეგვაჩერა. ცხოვრების სტილიც შეიცვალა, რა თქმა უნდა.

ზოგადად, დაგეგმილი, თანმიმდევრული ადამიანი ხართ?

არ ვიცი. ალბათ, ვარ.

როდის გეუფლებათ სიამაყის განცდა?

როდესაც ქართველ დიზაინერებს ვხედავ ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა, მაგალითად, Harrods London, Galleries Lafayette Paris, Printemps და ბევრი სხვა. ასევე როდესაც საქართველოს შესახებ სასიამოვნო სტატიას ვკითხულობ. არცთუ იშვიათად ჩვენი დიზაინერების დამსახურებაცაა ის, რომ საქართველოს ნიჭიერი ადამიანების ქვეყნად ასახელებენ.

თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო, როცა პანდემია ჩაივლის? შეძლებენ თუ არა ადამიანები რაღაცების გადაფასებას იმის მიუხედავად, რომელ კონტინენტზე ცხოვრობენ ისინი და რა საქმეს ემსახურებიან?

მე მგონია, რომ ამ პანდემიამ ადამიანებში გამოავლინა ის, რასაც ისინი ყოველთვის მალავდნენ ‒ ცუდიც და კარგიც. ქვეყნები და მათი ლიდერები „გააშიშვლა“ და დავინახეთ ის, რასაც ვერ ვხედავდით. იმედია, ბევრი რამის გადაფასება მოხდება და ეს რთული პერიოდი გაკვეთილი აღმოჩნდება ჩვენთვის საიმისოდ, რომ სამყარო ცოტათი უკეთესი მაინც გახდეს.